რუსეთში "გმირი დედის“ ტიტული წესდება. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. განკარგულების მიხედვით, ამ ტიტულს მიიღებენ ის ქალები, რომლებიც ათ, ან მეტ შვილს გააჩენენ და გაზრდიან.
აღსანიშნავია, რომ პუტინმა მანამდე დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ კუთხით დიდი გამოწვევის წინაშეა.
"გმირი დედის" ტიტული რუსეთში დაწესებულ უმაღლეს ტიტულებს გაუტოლდება, "რუსეთის გმირისა" და "შრომის გმირის" ტიტულებთან ერთად.
"გმირი დედის“ ტიტული ქალს მიენიჭება მაშინ, როცა მისი მეათე შვილი ერთი წლის გახდება და ამასთანავე იმ პირობით, თუ იმ დროისთვის დანარჩენი 9 შვილიდან ყველა ცოცხალი იქნება. ტიტულის მინიჭებისას მხედველობაში მიიღებენ იმასაც, არის თუ არა ქალი "სამშობლოს დაცვისას" დაღუპული, ან დაკარგული, ან რაიმე სამხედრო დავალების შესრულებისას დაღუპულის დედა.
ამ წოდების მატარებელი დედები სახელმწიფოსგან 1 მილიონი რუბლის ოდენობის ერთჯერად ფულად ჯილდოს მიიღებენ.