ავტორი:

ვინ არის მწერალი სალმან რუშდი, რომელიც ნიუ იორკში ლექციის წაკითხვისას დაჭრეს და რის შესახებაა წიგნი, რომლის გამოც წლების წინ ირანმა ავტორის მოკვლის ბრძანება გასცა

ვინ არის მწერალი სალმან რუშდი, რომელიც ნიუ იორკში ლექციის წაკითხვისას დაჭრეს და რის შესახებაა წიგნი, რომლის გამოც წლების წინ ირანმა ავტორის მოკვლის ბრძანება გასცა

12 აგვისტოს ნიუ იორკში, მწერალი სალმან რუშდი იმ დროს დაჭრეს, როცა ჩაუტაუკის ინსტიტუტში ლექციის წაკითხვის დაწყებას აპირებდა. მას კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. რუშდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის გადარჩა, თუმცა როგორც ცნობილია, მიღებული ჭრილობები საკმაოდ მძიმეა და მწერალს ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდება.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მალევე დააკავეს. საქმესთან დაკავშირებით დეტალები და თავდასხმის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით მედიისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს 1988 წელს გამოცემულ წიგნს უკავშირდება.

  • წიგნი, რომლის გამოც ირანმა რუშდის მოკვლისთვის ჯილდო დააწესა

75 წლის სალმან რუშდის, როგორც მწერლის კარიერა 5 ათეულ წელზე მეტს ითვლის და ამ დროის განმავლობაში მისი შემოქმედების ბუნებიდან გამომდინარე, არაერთხელ ყოფილა სიკვდილის საფრთხის ქვეშ.

რუშდიმ თავდაპირველი აღიარება მოიპოვა ნაწარმოებით "შუაღამის შვილები." ავტორს ამ წიგნმა 1981 წელს "ბუკერის პრემია" მოუტანა.

რაც შეეხება წიგნს, რომელმაც საზოგადოების ნაწილში მღელვარება გამოიწვია, არის მისი მეოთხე რომანი "სატანური ლექსები", რომელიც 1988 წელს გამოქვეყნდა. წიგნი მწერლის ყველაზე საკამათო ნაწარმოები გახდა და მას საერთაშორისო მასშტაბით უპრეცედენტო ქაოსი მოჰყვა.

წიგნის შინაარსი, ისევე, როგორც გამოცემის გაფორმება და მისი ყდა ბევრი მუსლიმისთვის აღმაშფოთებელი აღმოჩნდა. ისინი აცხადებდნენ, რომ წიგნი შეურაცხყოფდა მათ რწმენას.1989 წელს ირანის მაშინდელმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ჰამენეიმ გამოსცა ფატვა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერლის სიკვდილით დასჯის განკარგულება. მისი მოკვლისთვის დაწესდა ფულადი ჯილდო 3 მილიონი დოლარი.

და მხოლოდ ეს არ იყო - იმის გამო, რომ ბრიტანეთმა რუშდი დაიცვა და მის უსაფრთხოებაზე ბრიტანული პოლიცია ზრუნავდა, ასევე იმის გამო, რომ ქვეყანამ დაგმო ირანის უმაღლესი ლიდერის განკარგულება, ირანმა ბრიტანეთთან პროტესტის ნიშნად, ურთიერთობა გაწყვიტა.

დასავლეთში მწერლებმა და ინტელიგენციის წარმომადგენელებმა დაგმეს ირანის ხელისუფლების ძალადობრივი რეაქცია და გამოხატვის თავისუფლების საფრთხეზე ალაპარაკდნენ.

  • ქაოსი და ქუჩის აქციები მუსულმანურ ქვეყნებში

სიურეალისტურმა, პოსტმოდერნისტულმა რომანმა აღშფოთება გამოწვია ზოგიერთ მუსლიმში. ისინი რომანის შინაარსს მკრეხელობად მიიჩნევდნენ.

ინდოეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც წიგნი აკრძალა, მას მოჰყვა პაკისტანი და სხვა მუსულმანური ქვეყნები, ასევე სამხრეთ აფრიკა. პროტესტი ზოგიერთ ქვეყანაში ქუჩის აქციებში გადაიზარდა. სხვა საკითხებთან ერთად, საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა იმას, რომ წიგნის ორ გმირს, მეძავ ქალებს, წინასწარმეტყველ მუჰამედის სახელები ერქვათ.

1989 წლის იანვარში დიდ ბრიტანეთში, ბრედფორდში წიგნის ასლი მუსლიმებმა რიტუალურად დაწვეს. თავის მხრივ, რუშდი უარყოფდა ბრალდებებს და ამბობდა, რომ მისი წიგნი არ ემსახურებოდა ღვთის გმობას. რუშდის საწინააღმდეგო გამოსვლებს მის მშობლიურ ქალაქ მუმბაიში არეულობა მოჰყვა, რა დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა, თეირანში ბრიტანეთის საელჩოს ქვები ესროლეს და ავტორის დაცვის გამო საელჩოს 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.

რუშდი იმ დროისთვის ცოლთან ერთად იმალებოდა და მას პოლიცია იცავდა. მწერალმა გამოხატა ღრმა სინანული იმ "სტრესის გამო, რაც მუსლიმებს მიაყენა," მაგრამ მიუხედავად ამისა, აიათოლა კვლავ მოუწოდება ხალხს მწერლის მოკვლისკენ.

ევროკავშირის ქვეყნებმა რუშდის მოკვლის მოწოდებების საპასუხოდ, ირანიდან დროებით თავიანთი ელჩები გაიწვიეს. აღსანიშნავია, რომ ამ აქციების და ქაოსის პარალელურად, წიგნი ბესთსელერი გახდა და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდებოდა მისით.

1989 წელი - მუსლიმების აქცია პარიზში, რომელიც რუშდის წინააღმდეგ იყო მიმართული

  • წიგნის გამო სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შეექმნათ მის მთარგმნელებსაც

რუშდი არ იყო ერთადერთი, ვისაც მოკვლით ემუქრებოდნენ. მისი წიგნის იაპონურად მთარგმნელი 1991 წელს ტოკიოში მოკლული იპოვეს, პოლიციამ მაშინ განაცხადა, რომ მთარგმნელი დაჭრეს და ცუკუბას უნივერსიტეტში დერეფანში მიატოვეს, მისი მკვლელი კი ვერ იპოვეს.

იმავე წლის დასაწყისში წიგნის იტალიურ ენაზე თარგმანის ავტორი იტორე კაპრიოლი მილანში, საკუთარ ბინაში დაჭრეს, თუმცა კაპრიოლი სიკვდილს გადაურჩა.

წიგნის ნორვეგიულ ენაზე მთარგმნელს უილიამ ნაიგარდს 1993 წელს ოსლოში სახლთან ესროლეს, სიკვდილს ისიც გადაურჩა.

  • ადრეული წლები და მწერლის კარიერის დასაწყისი

სალმან რუშდი მუმბაიში დაიბადა.14 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. კემბრიჯის კინგს კოლეჯში ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. მალე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე გახდა. მუშაობდა მსახიობად, წერდა ტექსტებს რეკლამებისთვის და რა თქმა უნდა, წერდა რომანებს. პირველმა წიგნმა სახელად Grimus, ვერ მოიპოვა წარმატება, თუმცა კრიტიკოსები დიდი პოტენციალის მქონე ავტორად მიიჩნევდნენ.

სალმან რუშდის ხუთი წელი დასჭირდა თავისი მეორე წიგნის, "შუაღამის შვილების“ დასაწერად, რომელმაც 1981 წელს "ბუკერის პრემია" მოუტანა. წიგნს დიდი მოწონება ხვდა წილად და ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. რომანი ინდოეთის შესახებაა. რუშდის მესამე ნაწარმოები "სირცხვილი“ 1983 წელს გამოიცა და ის პაკისტანის შესახებ მოგვითხრობს. ოთხი წლის შემდეგ მწერალმა დაწერა The Jaguar Smile, რომელიც ნიკარაგუაში მოგზაურობის ისტორიაა.

1988 წელს კი გამოქვეყნდა ცნობილი "სატანური ლექსები", წიგნი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მწერლის სიცოცხლეს.

  • სალმან რუშდი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავს. ახლა აშშ-ში ცხოვრობს. 2007 წელს დედოფალმა ელისაბედმა მას ლიტერატურაში გაწეული სამსახურისთვის რაინდის ტიტული მიანიჭა.

1998 წელს ირანის ხელისუფლებამ ფორმალურად შეწყვიტა მხარდაჭერა მისი მოკვლის ბრძანების და ბოლო წლებში ავტორი შედარებით თავისუფალი იყო, მაგრამ საფრთხე ყოველთვის არსებობდა.

ირანის ამჟამინდელმა უზენაესმა ლიდერმა თქვა, რომ ფატვა, რომელიც რუშდის მოკვლის შესახებ ადრე გამოიცა, არ ისვენებს და ეს გასროლილი ტყვიაა, რომელიც მიზანს აუცილებლად მიაღწევს.