ავტორი:

"ბოლოს ფარულ მობილიზაცასა და პატიმრების ომში ჩართვას ახორციელებდა... თუ ცოცხალია, გამოჩნდება" - "პუტინის მზარეულის" საეჭვო გაქრობა: რას წერენ პრიგოჟინზე "ვაგნერის" შტაბის დაბომბვის შემდეგ?

"ბოლოს ფარულ მობილიზაცასა და პატიმრების ომში ჩართვას ახორციელებდა... თუ ცოცხალია, გამოჩნდება" - "პუტინის მზარეულის" საეჭვო გაქრობა: რას წერენ პრიგოჟინზე "ვაგნერის" შტაბის დაბომბვის შემდეგ?

რამდენიმე დღეა, რუსულ და უკრაინულ მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ, ლუგანსკში, ქალაქ პოპასნაიაში რუსული არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დაბომბვის თემას.

რუსი სამხედრო კორესპონდენტის იური კოტენოკის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოპასნაიაში იერიში იმ სახლზე მიიტანეს, სადაც "ვაგნერის" ერთ-ერთი დანაყოფი, 100-მდე სამხედრო იმყოფებოდა. მოგვიანებით ინფორმაცია რუსულმა მედიამაც დაადასტურა, თუმცა ახლა მთავარია იმის გარკვევა, იმყოფებოდა თუ არა იქ "პუტინის მზარეულად" ცნობილი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც აღნიშნულ დაჯგუფებას წლებია, საიდუმლო დავალებისთვის იყენებს.

"ვაგნერის" შტაბ-ბინა დაბომვის შემდეგ

"ვაგნერები" აქტიურად მოქმედებდნენ სირიაში (გარკვეული ნაწილი, სავარაუდოდ, ახლაც იქ რჩება), სამხრეთ აფრიკაში, ლიბიაში, სუდანში, მოზამბიკში, რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე და ახლა უკვე, უკრაინაში.

უკრაინული მხარე რუსი ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ცნობებს ავრცელებდა, თუმცა რუსული მხარე ამას არ ადასტურებდა. პრიგოჟინზე, რომელიც “ვაგნერის" სამხედრო დაჯგუფების კურატორია, AMBEBI.GE-ს ანტიკრემლისტურ რუსულ მედიაზე დაყრდნობით არაერთი სტატია მოუმზადებია.

პრიგოჟინი პუტინთან დაახლოებული პირია. სოციალურ ქსელებში მას პუტინის მარჯვენა ხელად და მის "მზარეულად" იხსენიებენ. "ვაგნერის" გარდა, მის სახელს უკავშირდება ტროლების ფაბრიკის მუშაობაც.

ევგენი პრიგოჟინს წარსულში თავისუფლების 12-წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ყაჩაღობის, რეკეტის, თაღლითობის, არასრულწლოვნების პროსტიტუციულ საქმიანობაში ჩართვის მუხლით, თუმცა ცნობილი არ არის, ბოლომდე მოიხადა სასჯელი, თუ პუტინის რეჟიმმა გარკვეული გარიგების სანაცვლოდ, ვადაზე ადრე გაათავისუფლა...

სოციალური ქსელის ერთ-ერთი რუსი მომხმარებელი პრიგოჟინის საქმის ჩანაწერს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 1961 წელს დაბადებული პრიგოჟინი თაღლითობის მუხლით, პირველად 1979 წელს დააკავეს და თავისუფლების 12- წლით აღკვეთა მიუსაჯეს, ათი წლის შემდეგ, ის ციხიდან გათავისუფლდა.

ბლოგერ ალტინ მირასის ცნობით, ბოლო დღეებში უკრაინაში მიმდინარე ომის გამო პრიგოჟინი მასშტაბურ, მაგრამ ფარულ მობილიზაციას ახორციელებდა... როგორც ცნობილია, მობილიზაცია რუსეთის რეგიონების სხვადასხვა კოლონიებში გამოცხადდა. მოხალისეები, რომელთა გადაბირებაზეც ციხის ადმინისტრაცია მუშაობს, პირადად ხვდებოდნენ "ვაგნერების" კურატორს ევგენი პრიგოჟინს.

გადაბირებულ პირებს პრიგოჟინი მუდმივად ახსენებდა, რომ ერთ დროს, ის თავადაც პატიმარი იყო, მაგრამ თავისუფლებაზე დროზე ადრე გავიდა. შესაძლოა, ამით მათი ნდობის მოპოვებას ცდილობდა... იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთს, თავისუფლებასთან ერთად, 100 ათასი რუბლის ოდენობის ფულად ანაზღაურებას, მისი ლიკვიდაციის შემთხვევაში კი, მის ოჯახს 5 მილიონი რუბლის ოდენობის კომპენსაციას ჰპირდებოდა.

"აქედან თქვენი გამოყვანა მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ან მეორე ვარიანტია - ხის ყუთით გაგიტანენ, მე კი გთავაზობთ, ცოცხლად გახვიდეთ. თქვენ 100 ათას რუბლს გადაგიხდიან, ამას დაემატება პრემიაც, ამდენივე ოდენობით. სიკვდილის შემთხვევაში, თქვენი ოჯახი მიიღებს 5 მილიონს რუბლს - ეუბნებოდა ის გადასაბირებელ პატიმრებს" - წერს ბლოგერი.

პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, 8 აგვისტოს რუსი სამხედრო კორესპონდენტის, სერგეი სრედის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ გავრცელდა. რუსი ჟურნალისტი წერდა, რომ ის “ვაგნერის” ერთ-ერთ დანაყოფს ეწვია, რომლის შესახებაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამის შემდეგ უკრაინულ მხარეს ამ მისამართის დაზუსტება არ გასჭირვებია. ფოტოებში ასახულია, რომ სამხედრო კორესპონდენტი ხელის ჩამორთმევით ესალმება ადამიანს, რომელიც ჰგავს პრიგოჟინს, თუმცა დაუზუსტებელია ინფორმაცია, რომ ფოტოზე გამოსახული პირი ნამდვილად ის არის. პოსტი 8 აგვისტოსაა გამოქვეყნებული, ხოლო აფეთქება "ვაგნერის" ოფისში 14 აგვისტოს მოხდა.

pravda.com.ua-ს ცნობით, გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასევე ჩანს მისამართიც – მირონოვსკაიას #12. "უკრაინაისკაია პრავდას" ცნობით, მოგვიანებით სრედამ აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა რუსი კორესპონდენტი ირწმუნება, რომ მისამართი თავად "ვაგნერის" დაჯგუფების თანხმობის შემდეგ მიუთითა.

რუსეთი არ აკეთებს კომენტარს "ვაგნერის" ბაზაზე მიტანილი შტურმის შესახებ, მაგრამ РИА Новости ცოცხალი პრიგოჟონის ფოტოს ავრცელებს იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინული მხარის ინფორმაცია ტყუილია.

მომხდართან დაკავშირებით, უკვე მესამე დღეა დუმს ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის "თავდაცვის სამინისტრო".

"მას შემდეგ, რაც უკრაინულ მედიაში, პოპასნაიაში, მოხალისეების შტაბზე იერიშის შემდეგ, ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის ფიგურა აქტუალური გახდა, ვეძებთ პრიგოჟინის ცხედარს - ირონიულად წერს მისი მეგობარი, რუსეთის გმირი ანდრეი ბოგატოვი და ცოცხალი პრიგოჟინის ფოტოს ავრცელებს" - წერს გამოცემა ria.ru.

მომხდარს ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც, რომელთა ცნობითაც, რუსული პროპაგანდის პირობებში ძნელია რამის მტკიცება.

"თავიდან რუსი მაღალჩინოსნები წერდნენ, რომ პრიგოჟინი იქ ვერ იქნებოდა, თუმცა შემდეგ თავად მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ცნობები და თანდართული პრიგოჟინის ფოტოები, სადაც სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი და სწორედ ლუგანსკში იმყოფება..." - წერს ლუსია ფრიდმანი.

"ძნელი დასაჯერებელია, რომ პრიგოჟინი მოკლეს, მაგრამ ის, რომ აქამდე ჩვენი სამთავრობო მედია მხოლოდ ერთი ფოტოთი შემოიფარგლა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს. შესაძლოა, დაჭრილია და იქამდე ვიდრე არ გამოჯანმრთელდება, გაასაიდუმლოებენ..." - წერს ელვირა იაბლონსკაია.