ავტორი:

რა გადაადგილებებია მოსალოდნელი ოპოზიციაში? - "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთ კოალიციაში გაერთიანების შესაძლებლობას ჯერჯერობით უარყოფენ

რა გადაადგილებებია მოსალოდნელი ოპოზიციაში? - "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთ კოალიციაში გაერთიანების შესაძლებლობას ჯერჯერობით უარყოფენ

კულუარულად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა სექტემბრიდან "ლელომ“ და "სტრატეგია აღმაშენებელმა“ ერთი კოალიცია შექმნან. ამ გაერთიანებას იმას უკავშირებენ, რომ, სავარაუდოდ, უმრავლესობა 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევას არ აპირებს. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ამ კოალიციას მომავალში ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი - მეტი თავისუფლებაც“ შეუერთდნენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ambebi.ge "ლელოს“ და "სტრატეგია აღმაშენებელს“ დაუკავშირდა. ორივე ოპოზიციური პარტია გაერთიანებაზე მოარულ ხმებს ჯერჯერობით უარყოფს.

"არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რას ნიშნავს გაერთიანება?.. "ლელო“ თანამშრომლობს ყველა პროდასავლურ პარტიასთან იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა დავუბრუნოთ. რაც შეეხება გაერთიანებას, ამ ეტაპზე პარტია "ლელო“ არავისთან ერთიანდება“, - გვითხრა პოლიტიკური პარტია "ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებელშიც“ გვითხრეს, რომ ისინი არავისთან გაერთიანებას არ აპირებენ, ერთადერთი, ევროკომისიის 12 პუნქტის ირგვლივ ოპოზიციაში ყველანი ერთიანდებიან, პარტიული ურთიერთთანამშრომლობა აქვთ და მართავენ შეხვედრებს სამოქალაქო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

"როგორც "ქართულ ოცნებას“, პარლამენტში იგივენაირად გვაქვს შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ასე რომ, ერთ პარტიად გაერთიანებას ან კოალიციის შექმნას ამ ეტაპზე არ ვადასტურებთ“, - გვითხრეს პარტიის პრესსამსახურში.