ავტორი:

"პოლიტიკური უტიფრობაა, როცა ღარიბ მოსახლეობასთან ჩადიხართ მილანში ნაყიდი პალტოებით, პიჯაკებით" - რას წერს თამთა მიქელაძე რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძეზე და დეპუტატ წილოსანის პასუხად

"პოლიტიკური უტიფრობაა, როცა ღარიბ მოსახლეობასთან ჩადიხართ მილანში ნაყიდი პალტოებით, პიჯაკებით" - რას წერს თამთა მიქელაძე რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძეზე და დეპუტატ წილოსანის პასუხად

"გავიგუდეთ“ - ასე ჰქვია "ფეისბუქგვერდს", რომელმაც რუსთავში ჰაერის დაბინძურების შესახებ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი უფლებადამცველმა თამთა მიქელაძემ გაიზიარა და დაწერა:

"წარმოუდგენელი რეალობაა რუსთავში. ნინო ლაცაბიძე დაბინძურების ზონას ლამაზი კაბებით და პიჯაკებით და ბედნიერი ჰაბიტუსით რომ წარმოადგენს, არ აქვს უხერხულობა?!"

რუსთავის მერის კრიტიკას, დეპუტატი ნინო წილოსანი გამოეხმაურა და მიქელაძეს ტონი დაუწუნა

ნინო წილოსანი:

"შემთხვევა, როცა უფლებადამცველმა არ იცის როგორ არ გადალახოს ის ზღვარი, საიდანაც იწყება სტიგმების და სტერეოტიპების განმტკიცება.

შეიძლება არ მოგწონდეს ნინო ლაცაბიძის პოლიტიკა ან საქმიანობა, მაგრამ მის ვიზუალურ მხარეზე და ჩაცმულობაზე აქცენტის გაკეთება, ყველა სტანდარტს ქვემოთ არის..." - დაწერა წილოსანმა.

დეპუტატის საპასუხოდ, თამთა მიქელაძე წერს, რომ ნინო ლაცაბიძის ჰაბიტუსის კრიტიკა მის მდიდრულ ჩაცმულობას მოჰყვა:

თამთა მიქელაძე:

"ქვედა პოსტში ნინო ლაცაბიძის სოციალური ჰაბიტუსი გავაკრიტიკე. მისი მდიდრული ჩაცმულობა და ბედნიერი პიარ კამპანია, მაშინ როცა დაბინძურებულ ქალაქსა და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარ საზოგადოებას წარმოადგენს.

ნინო წილოსანს საათიც არ დასჭირდა, ამ კრიტიკაზე პოსტი დაეწერა, რომ თურმე მე ამ კრიტიკით ქალთა მიმართ სტიგმებს და სტერეორიტებს ვამყარებ.

ამის შემდეგ ჩემთან დისკუსიაში ქალბატონმა ნინომ ისიც აღმოაჩინა, რომ კლასობრივ უთანასწორობას ვაღიარებ თურმე და ესეც ჩემს მინუსად ჩათვალა...

უფრო ძლიერად გავიმეორებ ნინო წილოსანისთვის და კიდევ არაერთისთვის!

დიახ, პოლიტიკური სიბრმავეა, როცა ფემინიზმი კლასობრივ უთანასწორობასთან ბრძოლის იდეის გარეშე გაქვთ დანახული! და ეს სამწუხაროდ, არა მხოლოდ ნინო წილოსანის, არამედ დომინანტური ფემინისტური დღის წესრიგის უმძიმესი პრობლემაა საქართველოში.

დიახ, პოლიტიკური სიბრმავე და უტიფრობაა, როცა ღარიბ მოსახლეობასთან, ომით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩადიხართ მილანში ნაყიდი პალტოებით, პიჯაკებით და ეს პრივილეგია დამსახურებული გგონიათ და მცირედ უხერხულობასაც არ გიქმნით ეს სოციალური ასიმეტრია პრილეგირებულ პოლიტიკოსებს, დიახ, მათ შორის ქალ პოლიტიკოსებს.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უთანასწორობა მთავარი ჩაგვრის წყაროა ამ ქვეყანაში და ის პოლიტიკოსების პოლიტიკური პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა პირველ რიგში.

პრივილეგიების კრიტიკა და პოლიტიკოსების, მათ შორის, პოლიტიკოსი ქალების სოციალური ჰაბიტუსის კრიტიკა პოლიტიკის სფეროა!

პოლიტიკის სფეროა თქვენი ბიზნეს ინტერესების განხილვა და კრიტიკაც!

პოლიტიკის სფეროა თქვენი ფემინიზმის კრიტიკაც!

პ.ს. სტიგმის და სტერეოტიპის კონცეფცია ყოველთვის ჩაგვრას, ასიმეტრიას, იერარქიას აჩვენებს. სიმდიდრის, პრივილეგიების, გულგრილობის კრიტიკაზე მაგ სიტყვას არ ვიყენებთ, არც მაშინ როცა ამ პრივილეგიებს ქალები ატარებენ".