ავტორი:

"ღირსეული კაცი წავიდა... დამარცხდა ისიც და დავმარცხდით ჩვენც ყველა" - ანსამბლი "სუხიშვილები" სოლისტსა და საუკეთესო ადამიანს ემშვიდობება

"ღირსეული კაცი წავიდა... დამარცხდა ისიც და დავმარცხდით ჩვენც ყველა" - ანსამბლი "სუხიშვილები" სოლისტსა და საუკეთესო ადამიანს ემშვიდობება

ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ "სუხიშვილების" სოლისტის იაკობ (კობა) მეტრეველის გარდაცვალებამ არაერთი ადამიანი დაამწუხრა. უპირველესად კი მისი ოჯახი, კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. ანსამბლის მოქმედ სოლისტს, არაჩვეულებრივ მოცეკვავეს, რომელიც გამორჩეული პიროვნება გახლდათ, ambebi.ge-სთან დღეს უკვე გულისწყვეტით იხსენებენ მისი კოლეგები, ანსამბლის წევრები და "სუხიშვილების აკადემიის“ პედაგოგები. კობა მეტრეველი აკადემიის პედაგოგიც იყო.

ნინუკა შარაშიძე, "სუხიშვილების“ მოცეკვავე, "სუხიშვილების აკადემიის“ დირექტორი:

- წუხელ გვიან ღამით გავიგე ეს სამწუხარო და თავზარდამცემი ამბავი. ერთ წელიწადზე მეტია, კობას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა თვითონ ძალიან შემართებით, მხნედ იყო. საერთოდ, ძალიან ოპტიმისტი გახლდათ. გვამშვიდებდა და გვეუბნებოდა, რომ პრობლემას დაძლევდა, რომ ფარ-ხმალს არ დაყრიდა და ბოლომდე იბრძოლებდა. ასეც იყო, იბრძოდა, თუმცა დამარცხდა ისიც და დავმარცხდით ჩვენც ყველა... წარმოუდგენელია მასზე წარსულში ლაპარაკი. ძალიან მიმძიმს. მე და კობა წლებია, ანსამბლში ერთად მოვდივართ, ბევრი წელი ერთად ვცეკვავდით. შემდგომში ის უკვე "სუხიშვილების აკადემიის“ პედაგოგი გახდა. გამორჩეული პიროვნება, პროფესიონალი, არაჩვეულებრივი ბუნების ადამიანი იყო, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ყველა ბავშვს უყვარდა. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ახლა ურთულესი პერიოდი აქვს მთელ ანსამბლს. ასეთი ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის, სამეგობროსთვის უდიდესი დანაკლისია.

ნინუკა შარაშიძე

იმდენი მოგონება მაქვს მასზე... კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, კონცერტის წინ სულ გვამხნევებდა, გვახალისებდა... ამდენი გასტროლი, ამდენი კონცერტი, ამდენი ერთად შესრულებული ცეკვა, ერთად სცენაზე, ჭირიც, ლხინიც - ყველაფერი ერთად გადაგვქონდა და ვიზიარებდით. ეს ბოლო წელი ვეღარ მუშაობდა, ვერც ანსამბლში და ვეღარც აკადემიაში დადიოდა, რადგან თერაპიის კურსს გადიოდა. ჩვენ კი ველოდებოდით, გვეგონა, იმედი გვქონდა, რომ დაძლევდა, ხომ ვამბობ, საოცარი შემართებით იყო. როგორც ჩანს, საკმაოდ რთული და მძიმე დიაგნოზი აღმოჩნდა...

კობას ორი მცირეწლოვანი შვილი და არაჩვეულებრივი მეუღლე დარჩა. მზრუნველი მამა და მეუღლე იყო. ხომ არიან გამორჩეული, უწესიერესი, პროფესიონალი ადამიანები, იუმორის გრძნობით - კობას ეს ყველაფერი ჰქონდა. უნდა ეცოცხლა და ყოფილიყო ბედნიერი.

ხატია ეკიზაშვილი, "სუხიშვილების“ ანსამბლის დირექტორის მოადგილე:

- მსგავსი წესიერი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. მასთან მუშაობა გარდა მეგობრობისა და ადამიანური ურთიერთობისა, იყო ძალიან დიდი კომფორტი ხელმძღვანელისთვის, მენეჯერისთვის, თავისი კოლეგებისთვის. არ მახსოვს, რაიმე შენიშვნა დაემსახურებინოს. ხომ არსებობენ ადამიანები, სულ სწორად რომ ცხოვრობენ, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კობამ სწორად იცხოვრა. შეიძლება ძალიან ახლო მეგობრობები არ ვყოფილვართ, მაგრამ ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, იყო თვეობით გასტროლები და ასეთი უკონფლიქტო, სასიამოვნო საურთიერთო ადამიანი იშვიათად შემხვედრია. წესიერი, საქმის პროფესიონალი და გადასარევი მეუღლე, მამა, მეგობარი... ძალიან გულდასაწყვეტია, რომ კობა აღარ არის...

არადა, იმედი გვქონდა, რომ დაავადებას მოერეოდა, ძალიან ყოჩაღად იყო... კონცერტები გვქონდა ფილარმონიაში და მოვიდა... ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ოდნავ სხვანაირად დაახასიათებს მას. ღირსეული და წესიერი კაცი წავიდა.

პუსკა გამსახურდია, "სუხიშვილების“ მოცეკვავე, "სუხიშვილების აკადემიის“ პედაგოგი:

პუსკა გამსახურდია

- ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგეთ... ვიცოდი მისი ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო, რადგან ყველანი მაინც იმედით ვიყავით. მართლა გამორჩეული იყო, ისეთი, რომ მიმძიმს მასზე ასე წარსულში ლაპარაკი. არაჩვეულებრივი ბუნების ბიჭი გახლდათ და შესანიშნავი მოცეკვავე. გესაუბრებით და ვერც წარმოვიდგენ, რომ აღარ არის. მგონია, რომ მართლა სიზმარში ვარ... მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა და გული უზომოდ დაგვწყვიტა. ანსამბლში ბევრი კარგი ბიჭი და გოგოა, მაგრამ კობა ის შემთხვევა იყო, ყველას რომ უყვარდა, თავმდაბალი, მეგობრული. თუ შეიძლება, ვინმეზე თქვა კეთილშობილი ადამიანი, ეს მასზე, ეს სიტყვა კობას ნამდვილად მიესადაგება. ცხოვრების განმავლობაში არასდროს არაფერი შეშლია, დიდი ხანია, ვიცნობ, ანსამბლამდეც ვიცნობდი და ანსამბლში კიდევ უფრო გაღვივდა ჩვენი მეგობრობა. სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეს ისეთი ამბავია...

ყველას ვუსამძიმრებ!

  • P.S.

ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს კობა მეტრეველის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.