ახალ ზელანდიაში ოჯახმა აუქციონზე ნაყიდ ჩემოდანში ადამიანის ნეშტი იპოვა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სამხრეთ ოკლენდში მცხოვრებმა ოჯახმა ნეშტი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ნაყიდი ნივთები სახლში მიიტანა.
გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და სამართალდამცველები ახლა ცხედრის იდენტიფიცირებას ცდილობენ.
როგორც სამართალდამცველები ვარაუდობენ, ჩემოდნის მყიდველებს საერთო არ აქვთ შესაძლო მკვლელობის საქმესთან. მედიისთვის ცნობილია, რომ ოჯახი გასულ ხუთშაბათს წავიდა ადგილობრივ შემნახველ კომპანიაში, რომელიც აუქციონზე ყიდის სხვადასხვა ნივთებს და მათ იყიდეს მანქანაზე მისაბმელი სატვირთო და ასევე რამდენიმე ჩემოდანი.
დეტექტივი ტოფილაუ ფაამანუია ვალეუა ამბობს, რომ ოჯახმა ჩემოდნები სახლში მიიტანა, ერთ-ერთში კი ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს.
მეზობლების თქმით, უსიამოვნო სუნი მაშინვე შესამჩნევი იყო, როდესაც ოჯახი სახლში დაბრუნდა. პოლიციელთა განცხადებით, მათთვის ახლა პრიორიტეტულია ცხედრის იდენტიფიცირება, რათა ამბის გამოძიებას მსვლელობა მიეცეს და დადგინდეს, რა იმალება შემთხვევის მიღმა.
წყარო: BBC