ავტორი:

ყიდულობს თუ არა ილონ მასკი "მანჩესტერ იუნაიტედს"? - რას წერს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

ყიდულობს თუ არა ილონ მასკი "მანჩესტერ იუნაიტედს"? - რას წერს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი ერთ-ერთია იმ პერსონებიდან, რომელთა ერთ სიტყვასაც კი შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ კომპანიაზე, სხვადასხვა საკითხის მიმართ ადამიანთა დამოკიდებულების შეცვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში, მის მიერ გამოთქმული აზრები არასერიოზულია და ის უბრალოდ, ხუმრობს.

ამჯერად საზოგადოებაში მღელვარება გამოწვია ილონ მასკის "ტვიტმა" - "სფეის X"-ის დამფუძნებელმა "ტვიტერში" დაწერა, რომ ის ინგლისური საფეხბურთო კლუბის, "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენას გეგმავს.

განსაკუთრებული აჟიოტაჟი მასკის განცხადებას კლუბის ფანებში მოჰყვა, რომლებიც ამ ამბავს სიხარულით შეხვდნენ. გუნდის გულშემატკივრები საყვარელი კლუბის ბოლოდროინდელი შედეგებით, სატრანსფერო პოლიტიკით და მფლობელის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოები არიან და ისინი უკვე დიდი ხანია სთხოვენ ილონ მასკს განიხილოს "იუნაიტედის" ყიდვის შესაძლებლობა.

ბოლო დროს "მანჩესტერ იუნაიტედს" პრობლემები აქვს, რის გამოც ფანები ილონ მასკს კლუბის შეძენას სთხოვენ

ფანებმა ილონის განცხადების შემდეგ ჩათვალეს, რომ მათ მიზანს მიაღწიეს და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს "მანჩესტერის" ყიდვის გადაწყვეტილება მიაღებინეს, თუმცა როგორც ჩანს, მასკმა ამ თემაზე მხოლოდ იხუმრა და ის კლუბის შეძენას არ აპირებს.

ექსცენტრიკულმა ბიზნესმენმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყიდვის შესახებ "ტვიტის" გამოქვეყნებიდან დაახლოებით ოთხ საათში, სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. ერთ-ერთმა ფანმა ჰკითხა, მართლა აპირებდა თუ არა კლუბის ყიდვას, რაზეც მასკმა უპასუხა, რომ არა და რომ ის ამ თემაზე მხოლოდ ხუმრობდა.

  • "ეს ხუმრობა იყო, მე არ ვყიდულობ სპორტულ გუნდებს", - ასე უპასუხა დასმულ შეკითხვას ილონ მასკმა.

წყარო: reuters