ავტორი:

"მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება" - რას აცხადებს ტელეკომპანია თანამშრომელზე, რომელიც ფიზიკური ძალადობის და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

"მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება" - რას აცხადებს ტელეკომპანია თანამშრომელზე, რომელიც ფიზიკური ძალადობის და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

"მთავარი არხი" დილის გადაცემის წამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე არხი ნაკაიძესთან თანამშრომლობას აჩერებს, თუმცა ბრალის არდამტკიცბის შემთხვევაში, საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.

"მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად "მთავარი არხის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება. ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ნაკაიძე დაკავებულია ოჯახში ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების მცდელობისა და მუქარის მუხლებით.

როგორც უწყებაში გვითხრეს, "შსს-მ ლაშა ნაკაიძის მიმართ გამოძიება სს კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით“ დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას და მუქარას გულისხმობს“.