ავტორი:

"ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ნებისმიერი - ოღონდ არა ქალი, ოღონდ არა ავღანელი“ - რა არის ბაჩა-პოში: ვაჟად "გადაკეთებული" გოგონები და ფულის სანაცვლოდ გათხოვილი ბავშვები

"ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ნებისმიერი - ოღონდ არა ქალი, ოღონდ არა ავღანელი“ - რა არის ბაჩა-პოში: ვაჟად "გადაკეთებული" გოგონები და ფულის სანაცვლოდ გათხოვილი ბავშვები

თუ ავღანურ ოჯახში არ არის ბიჭი, მისი როლი შესაძლოა ქალიშვილებიდან ერთ-ერთმა შეასრულოს. ამ ჩვეულებას ბაჩა-პოში ჰქვია და ის მშობლებს სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად ეხმარება, გოგონებს კი ცოტაოდენ თავისუფლებას აძლევს.

"ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ნებისმიერი - ოღონდ არა ქალი, ოღონდ არა ავღანელი“, - ამ სიტყვებით მთავრდება ავღანელი პოეტის, როიას ლექსი, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა. ოთხი წლის შემდეგ, სწორედ ეს ნაწარმოები განათავსა თავისი წიგნის - "ქაბულის იატაქვეშეთის გოგონები“ პირველ გვერდზე ამერიკელმა მწერალმა ჯენი ნორდბეგმა. წიგნი ავღანელ ქალებს ეძღვნებათ, რომლებმაც, როგორც ნორდბერგი წერს, "გაარკვიეს, რომ შარვალში წარმატების მიღწევა უფრო მარტივია“.

ქალიშვილის დაბადება ავღანეთში ქალის ბრალია. როგორც თავის წიგნში ნორდნერგი წერს, ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ დედას შეუძლია აირჩიოს მომავალი შვილის სქესი, თუკი გამუდმებით მასზე იფიქრებს.

სულთან აჰმედ შოიაბი ამ ფაქტს განათლების დაბალი დონით ხსნის. არსებობს კიდევ ერთი ცრუწუმენა, რომლის თანახმად, ვაჟიშვილის დაბადების შანსი იზრდება თუ ოჯახში ბაჩა-პოში ჩნდება.

ზოგიერთი მშობლები მართლაც "აქცევენ“ გოგონებს ბიჭებად, რათა მემკვიდრეები "მოიზიდონ“, თუმცა ხანდახან ბაჩა-პოში მეორე ვაჟიშვილის როლს თამაშობს. ასეთი გამოცდილება ავღანელმა შუკირამ უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა. ბავშვობაში მას ბიჭის ტანსაცმელს აცმევდნენ და აიძულებდნენ, თავისი ძმისთვის უფროსი ძმის როლი შეესრულებინა. დედას ეშინოდა, რომ მის ვაჟს რამე დაემართებოდა, ამიტომ შუკირა პირველი სინჯავდა მისთვის განკუთვნილ საჭმელსა და სასმელს... მშობლები არწმუნებდნენ, რომ ეს როლი - მისთვის პატივი იყო.

სხვა შემთხვევებში ბაჩა-პოში ეხმარება თავის ოჯახს სოციალურ სტიგმასა და ზედმეტი კითხვების თავის არიდებას, რადგან ოჯახი, სადაც ვაჟი არ იზრდება, არასრულყოფილად მიიჩენვა, ხოლო ქალი, რომელმაც მემკვიდრე ვერ გააჩინა - შეუმდგარია.

ასე, მაგალითად, ავღანეთის პარლამენტის ყოფილი წევრის, აზიტა რაფაატის ოჯახი და კარიერა სწორედ იმ ფაქტს შეეწირა, რომ მან ოთხი გოგო გააჩინა. New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავდა, ამომრჩევლები მასში პერსპექტივას ვერ ხედავდნენ. მაშინ, აზიტამ შესთავაზა ქმარს, რომ ერთ-ერთი ქალიშვილი, მანუში, ბიჭის ტანსაცმელში გამოეწყოთ და მისთვის ახალი სახელი - მერჰანი მიეცათ. ეს ფაქტი მას პარლამენტში ადგილს შეუნახავდა. ისინი, ვინც ოჯახს ახლოს არ იცნობდა, დარწმუნებული იყო, რომ რაფაატები ბიჭს ზრდიდნენ, მაგრამ მეზობლებმა და ნათესავებმა ბავშვის ნამდვილი სქესი იცოდნენ.

  • მეტი თავისუფლება

"როდესაც ერთი სქესი მნიშვნელოვანია, მეორე კი არც ისე, ყოველთვის მოიძებნება ის, ვინც მოინდომებს მეორე მხარეს გადასვლას“, - ამბობდა National Geographic-თან ინტერვიუში ორგანიზაცია Women for Afghan Women-ის დირექტორი ნაჯია ნასიმი. უფლებები ავღანეთში მხოლოდ მამაკაცებს აქვთ, ამიტომ გოგონები ბაჩა-პოშის როლს მარტივად თანხმდებიან, ამით ისინი მეტ თავისუფლებას იღებენ.

გენდერული დისბალანსი და ქალების რთული ყოფა, ავღანეთის ერთ-ერთი ძირითადი პრობლმაა ათწლეულების განმავლობაში.

ავღანელების ჩაგვრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა "თალიბანმა“, რომელმაც ქვეყანაში ძალაუფლება პირველად ხელში 1990-იან წლებში ჩაიგდო. შარიათის საკუთარი ვერსიის აღსრულებით, მებრძოლებმა მოითხოვეს ქალების ჰიჯაბის ტარება და აუკრძალეს მათ სახლიდან გასვლა მამაკაცების თანხლების გარეშე. სწავლა და მუშაობა ასევე აიკრძალა და წესების ნებისმიერი დარღვევა ისჯებოდა სრული ზომით - დამნაშავე ავღანელებს საჯაროდ სჯიდნენ, იყო ჩაქოლვის შემთხვევებიც.

2001 წელს, თალიბების რეჟიმი ამერიკული და ბრიტანული ოპერაციის შედეგად დაემხო. 2004 წელს ავღანეთში მიღებული კონსტიტუცია კრძალავდა ყოველგვარ დისკრიმინაციას და ავღანელი ქალებისა და მამაკაცების თანაბარი უფლებების გარანტს წარმოადგენდა. თუ 2003 წელს ავღანელი გოგონების მხოლოდ 10% ირიცხებოდა დაწყებით სკოლაში, 2017 წლისთვის მათი წილი 33%-მდე გაიზარდა. 2020 წლისთვის საჯარო მოხელეთა 21% ქალი იყო.

ამასთანავე, 2011 წელს სწორედ ავღანეთი მოხვდა ქალებისთვის ყველაზე ცუდი საცხოვრებელი ქვეყნების რეიტინგში, პროექტ TrustLaw-ის ვერსიით. უმეტესწილად ამისი მიზეზი ის იყო, რომ გენდერული თანასწორობის დამყარების ყველა მცდელობა ცენტრალრ რაიონებზე მოდიოდა, ცალკეულ პროვინციებში კი სიტუაცია, ფაქტობრივად, არ იცვლებოდა.

ერთის მხრივ, ავღანელების ცხოვრებაზე გავლენას თალიბები ახდენდნენ, რომლებმაც არ მიატოვეს ქვეყანა 2001 წელს. ისინი პაკისტანის მიმდებარე მთებსა და სოფელბში გაიხიზნენ, სადაც ახალი ბრძოლებისთვის ვარჯიში და მზადება დაიწყეს.

მეორე მხრივ, პატრიარქალური ტრადიციები საკმაოდ ძლიერი იყო იმ რაიონებშიც, სადაც თალიბებს სრული კონტროლი არ ჰქონდათ დამყარებული. ორგანიზაცია "გაერო ქალების“ მიხედვით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2019 წელს ავღანეთის 14 პროვინციაში ჩატარდა, ქალებმა საკმაოდ ბევრის უფლება მოიპოვეს. ქაბულის გარეთ მამაკაცები განაგრძობდნენ თავისი ცოლებისა და ქალიშვილების კონტროლს. მათ კვლავაც ეკრძალებოდათ სწავლა და მუშაობა, მომავალსა და ცხოვრებას კი პატრიარქალური წესები განსაზღვრავდა. ერთ-ერთი ასეთი იყო მაგალითად, ბაადი - პრაქტიკა, რომელსაც თემები მიმართავენ კონფლიქტების მოსაგვარებლად, როდესაც ერთი ოჯახიდან გოგონას მეორეს აძლევენ მოსამსახურედ ან პატარძლად.

გენდერული შზღუდვების გამო, ბაჩა-პოში ავღანელი გოგონებისთვის აუცილებლობა გახდა. ბიჭის როლში გამოწყობილებს მათ მშვიდად შეუძლიათ იარონ სკოლაში, გადაადგილდნენ ქუჩაში და ერთი ობიექტიდან მეორემდე მიაცილონ თავისი ოჯახის ქალები.

2019 წელს, CNN-ის ჟურნალისტებმა გერატის პროვინციაში კარიმების ოჯახი ჩაწერეს. 13 წლის მადინა, ბაჩა-პოში გახდა და მამაკაცის სახელი მანგალი მიიღო. მშობლებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ გოგონა მამას მინდორში სამუშაოში მიხმარებოდა და ოჯახი გამოეკვება. ისინი ერთადაც კი, საკმაოდ ცოტას გამოიმუშავებდნენ. ინტერვიუში მადინა ამბობს, რომ მოსწონს ბიჭის როლი და ის, რომ სხვა ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში შეუძლია, თუმცა მომავალში ის კვლავ გოგონად ისურვებდა ყოფნას.

  • ქალის როლთან დაბრუნება

როგორც წესი, ბაჩა-პოში ქალის როლს სქესობრივი მომწიფების შემდეგ უბრუნდება. ასეთი გარდასახვა ყოველთვის უპრობლემოდ არ ხდება - ზოგიერთ მათგანს უჭირს ქალივით მოქცევის მოდელთან ადაპტირება. New York Times-ის მასალაში ავღანელი შუქრია, რომელიც 20 წლის ასაკში გათხოვდა, იხსენებს, რომ დიდი ხანი დასჭირდა, თავი ქალად ეგრძნო, შესაბამისად, ესაუბრა და ა.შ. ქალების უმეტესობას ფარანჯის ტარებაც უჭირს.

  • ბაჩა-პოში თალიბებთან

ავღანეთის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მთავარი რედაქტორის თქმით, 2021 წლამდე ხელისუფლებას ბაჩა-პოშის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო პრაქტიკა - ავღანური კულტურის ნაწილი, რომლის შეცვლაც არ შეიძლება.

2021 წლის აგვისტოში, როცა ქვეყანაზე კონტროლი კვლავ თალიბებმა დაამყარეს, ბევრს აინტერესებდა ბაშა-პოჩის ბედი. ჯენი ნორდბერგის აზრით, "თალიბანი“ არ უჭერს მხარს ამ პრაქტიკას და ის გოგონებს უკეთ შენიღბვას ურჩევს, რათა კვლავ მიიღონ ბიჭის პრივილეგიები. მწერალი მიიჩნევს, რომ ტრადიცია მანამ იქნება ქვეყანაში აქტუალური, ვიდრე ქალები მამაკაცების თანასწორები არ გახდებიან.

ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, მებრძოლები ქალებს პატივისცემას დაპირდნენ. თალიბების თქმით, ქალებს მიეცემოდათ მუშაობის უფლება და შეინარჩუნებდნენ განათლებაზე წვდომა. "ავღანეთის მოსახლეობას ესმოდა, რომ ეს სიცრუე იყო და დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რა ხდება სინამდვილეში“, - ამბობს სულთანი აჰმედ შოიაბი.

თალიბანის დროს მეწარმე ქალები, მასწავლებლები, ჯანდაცვის მუშაკები და სახელმწიფო მოხელეები სამუშაოს გარეშე დარჩნენ. შეზღუდვები შეეხო ავღანელი ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას: მათ ეკრძალებათ ჰიჯაბის გარეშე გასვლა და სპორტით დაკავება. თალიბანის კულტურული კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, აჰმედულა ვასიკის თქმით, ისლამში ქალებს სახლიდან გასვლა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ. მათ დახურეს სკოლები გოგონებისთვის, დაჰპირდნენ, რომ სკოლები განაახლებდნენ მუშაობას 2022 წლის მარტში, მაგრამ ეს არ მოხდა.

დამოუკიდებეილი ორგანიზაცია "ჰუმანიუმის“ ცნობით, ავღანეთში თალიბების დაბრუნებით, ბავშვთა უკანონო ქორწინებების რიცხვი გაიზარდა. ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში, როდესაც მებრძოლებმა დაიპყრეს ტახარისა და ბადახშანის პროვინციები, მათ შეადგინეს 15 წელზე უფროსი ასაკის გოგონებისა და 45 წლამდე ქვრივების სიები, რომლებიც თავის მებრძოლებზე დასაქორწინებლად "სჭირდებოდათ“. ავღანეთში ბავშვთა ქორწინების ზრდას ასევე აღნიშნავენ Amnesty International-ის თანამშრომლები, რომლებიც ამ ჩვეულების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისს ასახელებენ. Amnesty International-თან ინტერვიუში 35 წლის ავღანელმა ქალმა, რომელიც იყენებს ფსევდონიმს ხორშიდს, თქვა, რომ სიღარიბემ აიძულა 13 წლის ქალიშვილი 60 000 ავღანის სანაცვლოდ გაეთხოვებინა.

ამ მხრივ, ბაჩა-პოში რჩება გოგონების განათლების მიღებისა და ოჯახის დასახმარებლად შესაძლებლობად, რის გამოც ეს პრაქტიკა ავღანეთში დღესაც გრძელდება.

დასავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბაჩა-პოშს არ შეიძლება ეწოდოს გენდერული უთანასწორობის პრობლემის წარმატებული გადაწყვეტა. მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარების, ნილაბ ჰამიდისა და მეგან ბორენის აზრით, ავღანელ ქალებს არ აქვთ თავისუფლება და შესაძლებლობა იცხოვრონ მამაკაცის კარნახის გარეშე და ძველი ჩვეულება არანაირად არ მოქმედებს დადგენილ წესრიგზე. ჯენი ნორდბერგი ეთანხმება ამ პოზიციას:

"ეს არის ძალიან დისფუნქციური საზოგადოების სინდრომი. ქალები რჩებიან სახლში, მათ აკრძალული აქვთ მუშაობა. ამ თვალსაზრისით, ბაჩა-პოში არანაირ პრობლემას არ წყვეტს“.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი