ავტორი:

"წლები ვცხოვრობდი ყელში ბურთის შეგრძნებით... მქონდა სიკვდილის შიში" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი პანიკურ შეტევებზე, რომელსაც დიდხანს ებრძოდა?

"წლები ვცხოვრობდი ყელში ბურთის შეგრძნებით... მქონდა სიკვდილის შიში" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი პანიკურ შეტევებზე, რომელსაც დიდხანს ებრძოდა?

ნანუკა ჟორჟოლიანმა "ინსტაგრამის" "ლაივში" პანიკურ შეტევებზე ისაუბრა. ჟურნალისტი წლებია, რაც ამ პრობლემას ებრძვის და ამ თემაზე არაერთხელ ჰქონია პირდაპირ ეთერშიც საუბარი, თუმცა ამჯერად გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბრძოლის გზებზე გულახდილად ესაუბრა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

- ძალიან ხშირად ჩვენს პრობლემას ახასიათებს აკვიატება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვიტარებთ მუდმივ კვლევებს. ხშირად გვეჩვენება, რომ ონკოპაციენტები ვართ... ცუდი მხარეც აქვს ამ ყველაფერს ის, რომ როდესაც კონკრეტულ სიმპტომებს ისმენ, შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ მერე გაჩნდეს. ყველაზე ხშირი სიმპტომებია, ხელ-ფეხის გაყინვა, როდესაც ქუჩაში გასვლის, გზაზე გადასვლის გვეშინია, უძილობა... ჩვენი ფიქრებით ვიწვევთ ამ პრობლემას...

შეიძლება იყოს დიარეა, გულისრევის შეგრძნება, დეპერსონალიზაცია, რაღაც კონკრეტულ თემაზე ჩახვევა. მე კონკრეტულ რჩევას ვერ მოგცემთ მედიკამენტებზე, მე ახლა აღარ ვსვამ და რომც ვსვამდე, ვერ გეტყვით. მე მოგიყვებით ჩემი ბრძოლის გზებზე და მეთოდებზე, იქნებ დაგეხმაროთ ეს რამეში.

მიზეზი შეიძლება იყოს დეპრესია, სტრესი, ნარკოტიკი, უძილობა. როდესაც გგონიათ, რომ დავიღუპე და ჩემი ცხოვრება ასე გაგრძელდება, ტყუილია, დაამარცხებთ ამას და ისწავლით ცხოვრებას მასთან ერთად.

ძალიან ხშირად იწვევს ამას ჰელიკობაქტერია, ექიმი გეკითხებათ, ხომ არ გაქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ბოლო გამოკვლევა როდის ჩაიტარეთ. როდესაც მე ამ პრობლემის წინაშე დავდექი, სხვადასხვა ვიდეოების მოსმენა დავიწყე. ერთ-ერთი ბიჭი მყავდა ამოჩემებული უკრაინელი, რომელიც ამბობდა, რომ დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება, ჩაიწერეთ, მას შემდეგ, წლებია უკვე ასე ვცხოვრობ, ვგეგმავ ყველაფერს, ყოველ დღეს. მიყვარს შორი გეგმებიც, რასაც კაუჭს ვეძახი.

მარტივია ცხოვრება, როდესაც შიშებს არქმევ სახელს. გავიღვიძებთ დილას და უცებ რაღაცის გეშინია, ეს რთული სამართავია. როდესაც ამ შიშს დაარქმევ რაღაცა სახელს, გიადვილდება. მე მეშინია ფრენის, ყოველი თვითმფრინავში ყოფნა ჯოჯოხეთია. გაფრენამდე ორი დღით ადრე ორგანიზმი იწყებს შფოთვას.

ხშირად მსაყვედურობენ, რომ უნდა ისწავლოთ ამ პრობლემასთან ბრძოლა, უნდა დაიმეგობრო, მე ვერ დავიმეგობრე, ეს ვერ ვისწავლე. ერთ-ერთ შეხვედრაზე უნდა მივსულიყავი და ვერ მივედი, გზაში სულ ფიქრები მიტრიალებდა თავში, მაშინ დავიწყე ბრძოლა და ვთქვი, რომ ეს შეხვედრა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მაინც მივალ... ჩემი ფსიქოლოგი მეუბნებოდა, წარმოიდგინე ძაღლს ხვდები ქუჩაში და არ იცი, როგორ მოიქცევაო. თუ გარბიხარ მისგან, 90% ცუდად დამთავრდება, ზუსტად ასეა, თუ ჩვენ დაგვჩაგრავს ჩვენი პრობლემა შიში, რაც უფრო მეტად შეგეშინდებათ, მით უფრო გაგიძლიერდებათ ეს. გახსოვდეთ სულ, რომ ეს აუცილებლად გაივლის. არ უნდა აყვე და სპირალივით არ უნდა ჩაგიხვიოს.

ტვინის აღგზნების მიზეზი შეიძლება იყოს ოცდაოთხსაათიანი სქროლვა ტელეფონში, როდესაც არასასიამოვნო ინფორმაციებს ვიღებთ, მუდმივი შიმშილი, ჩვენი მუდმივი სურვილი, რომ ვიყოთ სრულყოფილები და ასეთი რამ არ არსებობს. შეიძლება შფოთვა მოიტანოს იმან, რომ კონკრეტულ წონაზე გინდოდეთ მიახლოება, შეიძლება ასეთმა უმნიშვნელო რაღაცებმა განსაზღვროს შფოთვა.

წამლების შიში მაქვს, ნებისმიერ მედიკამენტზე ვკითხულობ ანოტაციას და მერე ვურეკავ ექიმს და ვეუბნები, რომ ვერ დავლევ. წამლები საკვები დანამატებით ჩავანაცვლე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სრულფასოვან ცხოვრებას დავუბრუნდებოდი, თვითმფრინავში ჩავჯდებოდი, საჭესთან დავჯდებოდი, ქუჩაში მარტო გავიდოდი, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, ამან არ უნდა შეგაშინოთ.

დეპრესია არის ყველაზე ცუდი, ჩვენთვის არ შეიძლება, რადგან სიმპტომებს ამცირებს. ამისი ბრძოლის სხვადასხვა გზა არსებობს და პირველი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. არასოდეს აიკვიატოთ ფიქრები. მე მქონდა აკვიატება მარიამზე... ჩვენ ხშირად გვაქვს გულის აჩქარება, განცდა გვაქვს, რომ თვალებში გვიბნელდება, არ დაიწყოთ ამ დროს წნევის აპარატით სიარული, დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ეს არის დროებითი მოვლენა. თუ თქვენ ამას გაუმკლავდები და იტყვით, რომ შენ მე ვერ მომერევი, ეს აუცილებლად დარეგულირდება.

პირველი, არ უსმინოთ სხვის სიმპტომებს, მეორე, დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ეს არის დროებითი მოვლენა და აუცილებლად გაივლის, მესამე, ჩვენთვის აუცილებელია სრულფასოვანი ძილი, როგორც კი ძილი ირევა, პრობლემები მოდის. როგორც კი შეგაწუხებთ რაიმე სიმპტომი, გარეთ გადით, ქუჩაში იარეთ...

წლები ვცხოვრობდი ყელში ბურთის შეგრძნებით, მეგონა, რომ ნერწყვს ვერ ვყლპავდი და ღამე მაღვიძებდა. მერე ძილს ვეღარ ვიბრუნებდი. როგორც კი დამავიწყდა, რომ ყელში ბურთი იყო, გაქრა. მეც მქონდა სიკვდილის შიში და ასე იწყება ჩემი აზრით ეს პრობლემა...