ავტორი:

"როცა ჩემი ოჯახი მარხულობდა, გომელაური სულ დაგვცინოდა... მეუღლე კი მას წმინდა ვახუშტის ეძახდა" - რას იხსენებს სოსო გოგაშვილის მეუღლე?

"როცა ჩემი ოჯახი მარხულობდა, გომელაური სულ დაგვცინოდა... მეუღლე კი მას წმინდა ვახუშტის ეძახდა" - რას იხსენებს სოსო გოგაშვილის მეუღლე?

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის მეუღლის ინფორმაციით, შს მინისტრი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მასსა და გოგაშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა.

როგორც თეა მარტყოფლიშვილმა აღნიშნა, შეუძლიათ კამერების და სატელეფონო ანძების ამონაწერების მეშვეობით სიმართლის დადგენა.

"ვახტანგ გომელაურს ღმერთის ეშინოდეს, მაგრამ არც ღმერთის ეშინია და არც ღმერთი სწამს. როცა ჩემი ოჯახი მარხულობდა, დაგვცინოდა. რა ეკლესიაზე და აღსარებაზე მესაუბრებითო. მისი მეუღლე მიუბრუნდებოდა ხოლმე და ამბობდა, ეს ჩემი წმინდა ვახუშტიაო. ხოდა წმინდა ვახუშტის მინდა ვუთხრა, სიმართლე თქვას, ღმერთთან ვერ ჩააწყობს" - ამბობს ექსმაღალჩინოსნის მეუღლე.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებზე კომენტარი შს მინისტრმა დღეს გააკეთა.

"ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა, პირველ რიგში, მინდა, ეს ვთქვა, მეორე - ვინც მე მიცნობს პირადად, ოჯახს და არა მარტო ჩემს ოჯახს, ჩვენი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახს, პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რამ - მუქარა არასდროს არ წასულა, არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით დავმუქრებოდი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრული აბსურდი.

სოსო გოგაშვილი თვითონ, ძალიან სამწუხაროა, გული მწყდება, გავიცანი 2013 წელს, წამოვიყვანე მე, პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, არ მახსოვს, განყოფილების ან ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე იყო გენინსპექციაში. მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი და ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე მას, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე.

დეტალებს აღარ მოვყვები, დიდი დრო რომ არ წავიღოთ. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც - დავახლოვდით ოჯახებით და ახლა სამწუხაროდ, ის აცხადებს, რომ თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა კომპრომატებს ჩემზე, ჩვენს გუნდზე და გომელაური ციხეში უნდა იჯდეს. მისი გათავისუფლება თანამდებობიდან მოხდა 2018 წელს, რატომ მოხდა - ეს თვითონ ძალიან კარგად, ყველაზე კარგად იცის," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.