ავტორი:

"ჩემი შვილის გამო ვიტანდი ყველაფერს, იქნებ გამოსწორდეს-მეთქი, მაგრამ ჩვენ არ გვიჯერებდა, მხოლოდ იმას უჯერებდა" - რას ამბობს ავლევში მოკლული ქალის მამა?

"ჩემი შვილის გამო ვიტანდი ყველაფერს, იქნებ გამოსწორდეს-მეთქი, მაგრამ ჩვენ არ გვიჯერებდა, მხოლოდ იმას უჯერებდა" - რას ამბობს ავლევში მოკლული ქალის მამა?

ტრაგედია დატრიალდა ქარელის რაიონის სოფელ ავლევში, 29 წლის ქალი მეუღლემ გაგუდა. უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი. გარდაცვლილი ქალის მამის თქმით, ბრალდებულმა თანასოფლელ ბიჭებს თავად გაუმხილა, რომ მკვლელობა ჩაიდინა. რის შემდეგაც ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და ის დააკავა.

"შვილი გავზარდე საცოდავად... კისრის არეში აქვს დაზიანება, თვალი აქვს ჩაწითლებული, ხელები გაშავებული. მაყვლის საკრეფად წავიდნენ და ასეთი ამბავი მოხდა. ბიჭებს უნახავთ იქ და უთქვამს, - გოგო შემომაკვდაო. იმათ აღარ გაუშვიათ, პოლიციაც მისულა ადგილზე. ჩემი შვილის გამო ვიტანდი ყველაფერს, იქნებ გამოსწორდეს- მეთქი, მაგრამ ჩვენ არ გვიჯერებდა, მხოლოდ იმას უჯერებდა", - ამბობს გარდაცვლილი ქალის მამა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს აცხადებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი - თ.ჩ. გაგუდა. პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში. დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა.