ავტორი:

ძლიერი აფეთქება სევასტოპოლში: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბს მშვიდი დილა არ გაუთენდა, შენობას კამიკაძე დრონი დაეცა - რა ხდებოდა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში?

ძლიერი აფეთქება სევასტოპოლში: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბს მშვიდი დილა არ გაუთენდა, შენობას კამიკაძე დრონი დაეცა - რა ხდებოდა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში?

უკრაინული გამოცემის "უნიანის" ინფორმაციით, ყირიმში, კერძოდ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბს მშვიდი დილა არ გაუთენდა და შენობას შავი ბოლი ასდის. ძლიერი აფეთქება დაახლოებით დილის 8 საათსა17 წუთზე გაისმა. საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, შტაბის შენობის სახურავს კამიკაძე დრონი დაეცა, რომლის ჩამოგდებაც რუსებმა ვერ მოახერხეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრინაში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აჯამებს:

- აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას უგზავნის. ბევრი ვარაუდის მიუხედავად ზუსტად არ იქნება ცნობილი რა შეიარაღებაზეა საუბარი (დრონებიდან დაწყებული ავიაციით დამთავრებული ყველაფრის დაშვება შეიძლება). საინტერესოა ისიც, რომ წინა სამხედრო დახმარებებისას რაც ითქვა იმის გარდა სხვა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ტექნიკა გამოჩნდა საბრძოლო მოქმედების ზონაში. ეს კი ძალიან სწორი ტაქტიკაა - რეალურად, რუსეთი რასაც არ ელოდება ხშირად ის უნდა კეთდებოდეს. ყოველთვის რუსეთის კოზირი იყო მოულოდნელობა და არაპროგნოზირებადობა, ახლა კი დასავლეთისა და უკრაინის ხელშია ეს.

- ხერსონის რაიონში აღდგა უკრაინული ტელევიზიისა და რადიოს მიღება. რუსები ყველანაირი საშუალებებით ცდილობდნენ ჩაეხშოთ უკრაინული საინფორმაციო საშუალებების მუშაობა, მაგრამ ახლა მათი პოზიციები ისეთი მყიფეა ამ რეგიონში, რომ რთულად ახერხებენ ინფორმაციის კონტროლს.

- მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა ხერსონში და ნოვა კახოვკაში რუსული პოზიციების დაბომბვა. მოსახლეობა ინტენსიურად ტოვებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

- რუსულ არმიაში ცოცხალი ძალისა და დაუმორჩილებლობის მხრივ ძალიან მძიმე სიტუაციაა. ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც საშუალოდ 600 სამხედრო და 200 ლოჯისტიკური პერსონალისაგან შედგებოდა, შევსებას ვეღარ ახერხებენ. ამიტომ რუსებმა გადაწყვიტეს სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს შეუერთონ. ეს კი არსებული სამხედრო დაჯგუფებების 50%-ის ფურცლიდან გაქრობასაც კი გამოიწვევს. იმ ფონზე, რომ ზოგიერთი ბატალიონიდან 100-150 სამხედრო თუ იქნება დარჩენილი, შესაძლებელია სამი და ოთხი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის შერწყმაზე მიდგეს საქმე.

- რუსეთის 64-ე მოტომსროლელ ბრიგადაში სიტუაცია იმდენად კრიტიკულია, რომ 700-მდე სამხედრო საბრძოლო დავალების შესრულებაზეც კი უარს აცხადებდა. ლუგანსკის რაიონში ჩამოყალიბებული სამხედრო დანაყოფები კი საბრძოლო მოქმედების ზონაში გადასროლიდან რამდენიმე დღეში დიდწილად ნადგურდება ან ტყვეებად ბარდებიან. ამ მიმართულებით რუსულ არმიაში კატასტროფული სიტუაციაა.

- უკრაინულ არმიაში ბევრად უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე რუსულში. ერთადერთი პრობლემა საერთაშორისო ლეგიონშია დაფიქსირებული (საუბარი არ არის ქართულ ლეგიონზე, რომელიც 2014 წლიდან არსებობს). Kyiv Independent-მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ საერთაშორისო ლეგიონში მეთაურები სამხედროებს ხშირად წარმოუდგენლად რთულად შესასრულებელ, თითქმის სუიციდურ მისიაზე უშვებდნენ ხოლმე. ზოგჯერ იყო წინდაუხედავი გადაწყვეტილებების სერიები და ხოლო სამხედროთა მხრიდან გარკვეული დაუმორჩილებლობაც კი. ზოგადად, ცუდი ლიდერობის პირობებში სამხედრო ნაწილის ეფექტურობა ყოველთვის დაბალია ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონის შიგნით მიმდინარე საკითხები საჯაროდ ნაკელებად განიხილება, მაინც, საკითხი გადაწყვეტას საჭიროებს.

- საბრძოლო მოქმედებების არეალში, დონეცკის რაიონში, შეტაკებები 19 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში იზიუმი-დოლინა-სლავიანსკის მიმართულებით მიმდინარეობდა. რუსებს სამხედრო შემოქმედება არცთუ ინოვაციურია და პრაქტიკულად იგივე მიმართულებით ვითარდება, რასაც ბოლო სამ თვეზე მეტია ვხედავთ: იმ ფონზე, რომ იზიუმიდან სლავიანსკისაკენ მიმავალი გზა ტყიან და ტბიან ზონაში ხვდება და ძალიან კარგადაა დაცული, რუსები იძულებულები არიან შემოვლით გზას მდელოების გავლით მიმართონ და სამხრეთ-დასავლეთიდან შემოუარონ უკრაინულ პოზიციებს, მაგრამ ყველა ჯერზე მათი ეს მცდელობა წარუმატებლად სრულდება.

- საბრძოლო მოქმედებების ყველაზე აქტიურ ზონად რჩება ბახმუტი და სოლედარი გარეუბანი, დონეცკის რაიონში. რუსები ვეღარ ახერხებენ წინ წასვლას ბახმუტისაკენ, მაგრამ სოლედარის გარეუბანში და მის მომიჯნავე პატარა დასახლებას რუსები გამალებით უტევენ. როგორც რამდენიმე კვირის წინაც განვიხილეთ სოლედარი წრიულად არაა განვითარებული და მდინარე ბახმუტკას შენაკადების სიბრტყეზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ ბრძოლა გრძელ სივრცეში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რუსებს აქვთ სამხედრო ინიციატივა, რომელთაც საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო ძალას მოუყარეს თავი, თუმცა დანაკარგიც მზარდი აქვთ.რაც შეეხება უშუალოდ ბახმუტს - აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ქალაქთან დამაკავშირებელ გზაზე დიდწილად რუსები არიან განლაგებულები. ჩრდილოეთით და დასავლეთით უკრაინელებს უკავიათ ცენტრალური საგზაო მაგისტრალები. როგორც ჩანს, ქალაქისათვის ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება, თუმცა ცოცხალი ძალის ზოგადი დეფიციტის პირობებში რამდენად შეძლებენ რუსები ამ მიმართულებით წარმატების მიღწევას - საკამათოა, მით უფრო რომ ჯერ სოლედარის აღებაც კი ვერ მოახერხეს.

- წუხანდლიდან მოყოლებული ყირიმში აფეთქებების ხმა ისმის. ქერჩი და სევასტოპოლი, ისევე როგორც მათი მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე აფეთქებამ შეძრა, თუმცა ხმელეთზე ხანძარი ან მასშტაბური ნგრევა არ ყოფილა. დაკვამლიანება კი უცნობია, რის ფონზე შეინიშნებოდა. როგორც ჩანს ვარაუდი, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მუშაობდა - ნამდვილი გამოდგა, ისევე როგორც ფაქტი, რომ ყირიმის ჰაერში უკრაინელებს აქვთ ინიციატივა. თუმცა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია - ყირიმი ყველა დონეზე ჩვეულ სამიზნედაა ქცეული. დღეს საღამოდან სირენების ხმა ისმის ევპატორიაშიც, რასაც თან სდევს აფეთქებების ხმაც. უცნობია სხვა დეტალები.

- რუსეთი თანხმდება, რომ ენერჰოდარში საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეამოწმონ სიტუაცია, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ. ამასთან, BBC-ის ცნობით რუსეთს სურს ატომური ელექტროსადგურის უკრაინული ენერგოქსელიდან გათიშვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლის გეგმაა გამომუშავებული ენერგიის მითვისება/მოპარვა და სადგურზე არამხოლოდ სამხედრო, არამედ მთელი ადმინისტრაციული კონტროლის რუსებისათვის გადაცემა.

- რუსეთი აგვისტოს ბოლოს გერმანიას Nord Stream 1-ით გაზის მიწოდებას სამი დღით შეუწყვეტს. ზეწოლა და შანტაჟი გერმანიაზე გრძელდება. ამ ფონზე ბერლინში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება სუვერენიტეტის ნაწილის დათმობაზეც კი გადის. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე გერმანია თავის დასკვნებს კიდევ ერთხელ გამოიტანს".