ავტორი:

"ყირიმში, "საკის“ ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი გაანადგურა" - REUTERS

"ყირიმში, "საკის“ ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი გაანადგურა" - REUTERS

გასულ კვირაში რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, კერძოდ, სამხედრო აეროდრომ "საკიზე" მომხდარმა აფეთქებებმა, რუსული შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების ნახევარზე მეტი გაანადგურა ან მწყობრიდან გამოიყვანა. ამის შესახებ დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური წრეების წარმომადგენელმა REUTERS - ს განუცხადა.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც საუბარი ანონიმურობის პირობით ისურვა, განაცხადა, რომ უკრაინა ახლა მუდმივად აღწევს "კუმულაციურ ეფექტებს" რუსეთის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის ზურგში მიყენებული დარტყმით, რაც ნეგატიურად აისახება რუსეთის ლოჯისტიკზე და "მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს რუსეთის ხელმძღვანელობაზე".

"ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 9 აგვისტოს საკის აეროდრომზე განვითარებულმა მოვლენებმა მწყობრიდან გამოიყვანა შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების ნახევარზე მეტი“, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

12 აგვისტოს რუსული ავიაციის დანაკარგები ნოვოფიოდოროვკასთან აფეთქების შედეგად შეაფასა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომლის თანახმად, განადგურებულია, სულ მცირე, ხუთი სუ-24 და სამი სუ-30 ტიპის ბომბდამშენი.