"არავის ნდობა არ მაქვს, ყველაფერი არის ძალიან, ძალიან მოგონილი, სიცრუე და ყველაფერი არის ზღაპარი, დადგმული სცენარი", - ამის შესახებ დაჭრილი პატიმრის გურამ სვანიძის დედამ, ნათია შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
"სახალხოდ თქვან, რითი მკურნალობენ, რა ჭირს ბავშვს, რა მდგომარეობაში მიიღეს, როგორ გრძელდება მკურნალობა, კონსილიუმი თუ შედგა, შედგა თუ არა საერთოდ, რა გადაწყვიტეს... როგორ არის ბავშვი გამაგებინონ. ახლა მე გვერდზე გამიყვანონ, რაღაც მითხრან, დაბნეულ დედას შეიძლება რაღაც გამომრჩეს. არავის ნდობა არ მაქვს, ყველაფერი არის ძალიან, ძალიან მოგონილი, სიცრუე და ყველაფერი არის ზღაპარი, დადგმული სცენარი," - აცხადებს ნათია შენგელია.
შეგახსენებთ, რომ დაჭრილი პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ პატიმარს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. როგორც ჟურნალისტებს პატიმრის დედამ განუცხადა, პატიმრობაში მყოფი მისი შვილი გლდანის ციხიდან თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა დღეს განუცხადეს, რომ მის შვილს თავში ჭრილობა აღენიშნება.
ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებულია შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებულია გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.
გამოძიების ინფორმაციით, პატიმარი უკნიდან მიეპარა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ამოაცალა იარაღი, გაისროლა და შემდეგ თავის არეში მიიყენა დაზიანება.