ავტორი:

Apple Watch-ით ცხოვრება უფრო მარტივი და კომფორტული გახდა - თაკო საზინა საკუთარ თავზე, თავის მოვლის რუტინასა და საყვარელ აქსესუარებზე

Apple Watch-ით ცხოვრება უფრო მარტივი და კომფორტული გახდა - თაკო საზინა საკუთარ თავზე, თავის მოვლის რუტინასა და საყვარელ აქსესუარებზე

ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა რეალურად საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე - სწორედ ასეთია თაკო საზინას ცხოვრება. თაკო საქართველოში პირველი ბლოგერი და ინფლუენსერია სილამაზის ინდუსტრიაში. წლებია, ბევრი ქართველი გოგონა მის სტილსა და რჩევებს მიჰყვება, ცდილობს, იყოს ისეთივე დახვეწილი და მოდური, როგორიც თაკოა, სურს, ჰქონდეს ისეთივე აქსესუარები, როგორც თაკოს.

- და მაინც, ვინ არის თაკო საზინა?

- თაკო საზინა არის ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რომელიც, სიმართლე გითხრათ, რამდენიმე წლის წინ ვერანაირად წარმოიდგენდა, თუ ამ საქმიანობით დაკავდებოდა. ბლოგინგი (ვლოგინგი) სრულიად შემთხვევით დავიწყე და საკმაოდ მოკლე დროში ბევრმა ადამიანმა გაიგო ჩემ შესახებ.

ჩემი ბლოგი, ალბათ, იმიტომ გახდა ასეთი პოპულარული, რომ ბევრ სხვადასხვა თემაზე ვიღებ ვიდეოებს. ჩემი მთავარი ნიშა მაკიაჟი და თავის მოვლაა, თუმცა ვცდილობ, ხალხს ვაჩვენო ჩემი ყოველდღიურობაც, რას ვაკეთებ დღის განმავლობაში, რას ვიცვამ, სად ვშოპინგობ, რას მივირთმევ და ა.შ. ყოველთვის ვცდილობ, აქცენტი გავაკეთო ჩემი კონტენტის ხარისხზე, ყველა ვიდეოში მქონდეს კარგი განათება, გადავიღო კარგი კამერით. უკვე 8 წელია, რაც ბლოგერი ვარ და სულ ვცდილობ, განვვითარდე, ავყვე ტრენდებს, ვიყო აქტიური ყველა პლატფორმაზე და საზოგადოებას თავი არ დავავიწყო.

ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად ჩანს, თუმცა უამრავ დროს მოითხოვს. ამჟამად 4 პლატფორმისთვის მიწევს კონტენტის მომზადება. როცა საქმიანობა დავიწყე მხოლოდ Facebook და YouTube იყო. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად მარტივი იყო, თუმცა მე ვფიქრობ, რომ სადაც ხალხია, შენც აუცილებლად იქ უნდა იყო.

უამრავი ჰობი მაქვს: მუსიკის მოსმენა, ვარჯიში, მოგზაურობა… მაკიაჟის გაკეთება რომ მიყვარს, ეს მგონი არ გაგიკვირდებათ. ზოგადად ხელსაქმე მიყვარს ძალიან, ეს პროცესი ძალიან მამშვიდებს. ვგიჟდები ქსოვაზე, დიდი სურვილი მქონდა მესწავლა კერვაც. მართალია, ეს სრულფასოვნად ვერ მოვახერხე, თუმცა შევქმენი საკუთარი ტანსაცმლის ხაზი “ბიზუ” და თითოეული მოდელის დიზაინს თავად ვქმნიდი.

- ქალისთვის რთულია, გქონდეს და მართო საკუთარი ბიზნესი?

- არ აქვს მნიშვნელობა, ქალი ხარ თუ მამაკაცი, ბიზნესის მართვას თან ახლავს სირთულეებიც და სიმარტივეებიც, აღმავლობა და ერთ ადგილზე გაჩერება, ინსპირაცია და შემოქმედებითი კრიზისი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მთავარია, გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და გაიაზრო, რომ თუ რამე ცუდი ხდება, ეს მხოლოდ დროებითია. შენი მცდელობა და შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

„ბიზუს“ ტანსაცმელს ჩემი სტილის მიხედვით ვქმნიდი. როგორც მე, „ბიზუშიც“ გვქონდა ორი სტილი: გოგოშკური და საქმიანი. ძალიან მიყვარს ფერადი, მხიარული ფერები, რომელიც პირადად ჩემს განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს. საქმიანი სტილი ჩემი პიროვნების ნაწილია. ხშირად მიწევს შეხვედრებზე სიარული და საქმიანი სტილის მორგება, თუმცა აქაც ვცდილობ შევიტანო ჩემი შტრიხები, სიფერადე და სიხალისე.

- რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება?

ჩემთვის წარმატება მხოლოდ ციფრები არაა. ციფრები უდიდესი მოტივაციაა, თუმცა, პირველ რიგში, ჩემთვის წარმატება ხალხის ნდობაა, რომელიც წლების განმავლობაში მოვიპოვე. ასევე წარმატებაა თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიასთან. ბევრ დიდ კომპანიასთან ვთანამშრომლობ და ამით ძალიან ვამაყობ. თუმცა ყველაზე საოცარო გრძნობა იცით, როდის მეუფლება? როცა გამომწერი მწერს, რომ ჩემს ვიდეოებზე გაიზარდა, რომ 7 წლის განმავლობაში ჩემი არც ერთი ვიდეო არ გამორჩენია. აი, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი კარიერული ბედნიერება.

- რა არის თქვენი წარმატების გასაღები?

- ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების და ტრენდების მიმდევრობაა. მოდაშიც და მაკიაჟშიც ყოველწლიურად იცვლება სტილი. საქმიანობა რომ დავიწყე, სრულიად სხვანაირი მაკიაჟი იყო მოდაში. ასევეა ჩაცმულობაც. ბოლო პერიოდში აქტიურად ვიღებ ვიდეოებს ტანსაცმელზეც. ყოველთვის მომწონდა 90-იანების სტილი და ძალიან მიხარია, რომ ახლა ის ისევ აქტუალურია.

- რა გავლენას ახდენს გარეგნობა წარმატებაზე? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი გარეგნობა უყურადღებოდ არასდროს დავტოვოთ?

- ვფიქრობ, გარეგნობა წარმატებასთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც მოვლილი და მოწესრიგებული ვარ, თავს ბევრად თავდაჯერებულად ვგრძნობ და საქმეს უკეთესად ვაკეთებ. მე ძირითადად სახლიდან ვმუშაობ, თუმცა ვერ წარმომიდგენია, მთელი დღე ხალათით ვიჯდე, თუნდაც იმ დღეს სახლიდან გასვლა არ მიწევდეს. როცა მოუწესრიგებელი ვარ, თითქოს ჩემი ფიქრებიც არეულია, ვერ ვკონცენტრირდები, არც მუზა მაქვს. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მაქვს დაგეგმილი დღის განმავლობაში, ჩემი დილა აუცილებლად თავის მოწესრიგებით იწყება. ასე ბევრად პროდუქტიული ვარ. ყოველდღე პროდუქტიულობა კი წარმატების მთავარი საწინდარია. ბოლო პერიოდში ჩემი საყვარელი აქსესუარი Apple Watch Series 7 გახდა, რომელიც როგორც სტილის, ისე ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მეხმარება.

- რატომ გახდა Apple Watch Series 7 თქვენი რჩეული აქსესუარი?

ბევრ აქსესუარს არასდროს ვატარებ. ვფიქრობ, აქსესუარმა კი არ უნდა გადამტვირთოს, არამედ უნდა შეავსოს და სრულყოფილი გახადოს ჩემი მთლიანი ლუქი. Apple Watch Series 7-ს კი მხოლოდ აქსესუარსაც ვერ დავარქმევდი. ძალიან საჭირო ნივთია. ფაქტობრივად, ხელზე მიკეთია მობილური ტელეფონი, რომლითაც შემიძლია ყველაფერი გავაკეთო. თან ულამაზესი სამაჯურები აქვს, ნებისმიერ სტილს ვუხდენ. არ მიჭირს მისი კლასიკურ, ყოველდღიურ თუ სპორტულ სტილთან შეხამება. ნებისმიერი სტილის შემთხვევაში ის ლუქიდან ამოვარდნილი არასდროსაა. საღამოს კაბას შეუხამებ სამაჯურს და მზად ხარ, თან კი ყველაზე საჭირო და ლამაზი აქსესუარი გაქვს.

- უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ, რისთვის იყენებთ Apple Watch Series 7?

- ძალიან მეხმარება საჭმლის მომზადების დროს. ხშირად ვითვლი კალორიებს ან პროდუქტში ამა თუ იმ ნივთიერების, მაგალითად, ცილის რაოდენობას.

Apple Watch Series 7 ფიზიკურ აქტივობაშიც ძალიან მეხმარება. წვდომა მაქვს უამრავ ვარჯიშზე, რომელიც სახლის პირობებში შემიძლია შევასრულო. პარალელურად, მითვლის დამწვარ კალორიებს, გულის რიტმს, სისხლში ჟანგბადის დონეს და ძილის დროს სუნთქვასაც კი აკონტროლებს.

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ პატარა ნივთით შემიძლია ვუპასუხო ზარებს, მესიჯებს, მოვისმინო მუსიკას, გადავიხადო თანხა. ფაქტობრივად, მობილურ ტელეფონს მიცვლის. მობილური ტელეფონი ხან სად დევს, ხან სად, საათი სულ ხელზე მიკეთია. თან ტელეფონის მოძებნაშიც მეხმარება.

- კარგი გარეგნობა - რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ჩემთვის გარეგნობა არ არის დაკავშირებული ნაკვთებთან ან ფორმებთან, არც სტანდარტულ პარამეტრებთან. ჩემთვის კარგი გარეგნობა ნიშნავს თავის მოვლას, საკუთარი სტილის არსებობას და ჰარმონიულობას. ეს უდიდეს თავდაჯერებულობას აძლევს ქალს, რაც ასევე აისახება მის გარეგნობაზე. ჩემთვის თავდაჯერებული ქალი უფრო ეფექტურია. მან იცის, რა უნდა და იცის, რასაც იმსახურებს.

- როგორია თქვენი ყოველდღიური რუტინა, რომელიც სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გეხმარებათ?

- ყოველდღიურად ჩემი დილის და ღამის რუტინა მაქვს. დილით ვიწყებ კანის დატენიანებით, შემდეგ კი ვიკეთებ ძალიან მსუბუქ მაკიაჟს. თუმცა თუ გადაღება მაქვს, ჩემი მაკიაჟი უფრო მკვეთრია ხოლმე.

დღის განმავლობაში ვცდილობ, გარკვეული დროით დავკავდე ფიზიკური აქტივობით და ვიკვებო ჯანსაღად. ხშირად მთელი დღის კვების რაციონი ჯანსაღი არაა, მაგრამ დღის განმავლობაში ერთხელ ჯანსაღი საკვების მიღებითაც კმაყოფილი ვარ ხოლმე.

რაც შეეხება ღამის რუტინას, ეს მთელი დიდი პროცესი და თერაპიაა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ყველა ქალი იმსახურებს თავის პირად დროს, რომ საკუთარ თავზე იზრუნოს.

- საკუთარი თავით კმაყოფილი ხართ? რის გაუმჯობესებას ისურვებდით?

- თვითკმაყოფილებაში ზედმეტად გადავარდნა საკმაოდ ცუდია და ეს, დიდი ხანია, გააზრებული მაქვს. თუმცა ასევე ძალიან ცუდია გამუდმებული თვითკრიტიკა. ყოველთვის ვცდილობ ოქროს შუალედი ვიპოვო. როდესაც წარმატებას ვაღწევ, ჩემს თავს ვეუბნები, ყოჩაღ, შენ ეს შეძელი, ახლა შეგიძლია ცოტა მოდუნდე, თუმცა არა დიდი ხნით. ხშირად თვითკმაყოფილება მოდუნებას იწვევს. ეს მოდუნება კი შეიძლება იმდენ ხანს გაგრძელდეს, რომ ამასობაში ვიღაცამ ელვის სისწრაფით ჩაგიქროლოს, ამიტომ ყოველთვის აქტიური უნდა იყო.

რა თქმა უნდა, მაქვს ხოლმე შემოქმედებითი კრიზისიც, ამასაც ძალიან მშვიდად ვხვდები, ვიცი, რომ ხანდახან ეს ხდება, თუმცა ისიც ვიცი, რომ გადაივლის, ამიტომ თავს ამის გამო არ ვაკრიტიკებ. უბრალოდ ვცდილობ, სიტუაციას სხვადასხვა კუთხიდან შევხედო და გამოსავალიც ვიპოვო.

Apple Watch Series 7-ის შეძენა შესაძლებელია პარტნიორ მაღაზიებში: iSpace.ge, Alta.ge, Elit Electronics, iTechnics, iStore.

(R)