ავტორი:

პლასიდო დომინგო კიდევ ერთ სექსსკანდალში - არგენტინულ პროსტიტუციის ქსელთან დაკავშირებული გამოძიების დეტალები

პლასიდო დომინგო კიდევ ერთ სექსსკანდალში - არგენტინულ პროსტიტუციის ქსელთან დაკავშირებული გამოძიების დეტალები

ოპერის ესპანელი ვარსკვლავის, პლასიდო დომინგოს სახელი არგენტინაში პროსტიტუციის ქსელთან დაკავშირებული გამოძიების საქმეში გამოჩნდა. ქსელის ლიდერებს ბრალად ედებათ ადამიანთა სექსულური ექსპლუატაცია.

დომინგო, რომელსაც ბოლო სამი წელია არაერთი ქალი ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებაში, აქამდე მსგავს საქმეში არასდროს ფიგურირებდა.

ბუენოს აირესის იოგას სკოლის (EYBA) სექტა, 30 წელზე მეტი ხნის ისტორიით, გასულ კვირას გამოავლინეს. გამოძიების ინფორმაციით, არსებობს ფარული ჩანაწერები. ერთ-ერთ ჩანაწერში კი ისმის მომხმარებლის ხმა, რომელიც სავარაუდოდ, პლასიდო დომინგოა.

  • "პლასიდოს არ ჩაუდენია დანაშაული და არც ორგანიზაციის ნაწილია, არამედ ის იყო მომხმარებელი ტრეფიკინგის ქსელის მომსახურების“, - ამბობენ არგენტინელი სამართალდამცველები.

კრიმინალური ორგანიზაცია არგენტინის გარდა, მოქმედებდა შეერთებულ შტატებში და ფარად იყენებდა იოგას სკოლის იმიჯს ქალების სექსუალური ექსპლუატაციისთვის. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, ორგანიზაცია წარმოჩენილი იყო, როგორც აივ ინფექციასთან და ნარკოტიკების მოხმარებასთან მებრძოლი, რომლის ფილოსოფიაც დაფუძნებული იყო ბედნიერებისკენ სწრაფვაზე.

მედიის ინფორმაციით, გამომძიებლებს ხელთ აქვთ საუბრის აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, თავად დომინგო, სექტის ლიდერი ხუან პერკოვიჩი და შუამავალი მონაწილეობენ. ჩანაწერის პირველ ნაწილში ვინმე სუზანა მენდელევიჩი აცნობებს პერკოვიჩს, რომ ესპანელ ტენორს სურს "მათთან სტუმრობა". საპასუხოდ ის ნებას რთავს "მუზეუმი“ გამოყენონ, ასე სექტის წევრები ბუენოს-აირესის ცენტრში მდებარე შენობას უწოდებდნენ, რომელიც სექს შეხვედრებისთვის იყო განკუთვნილი.

შემდეგ ისმის დომინგოს ხმა, რომელიც უხსნის მენდელევიჩს, როგორ შეხვდეს მას ისე, რომ მისმა აგენტებმა არ შეამჩნიონ. ასევე ესაუბრება სექსუალური მომსახურების დეტალებზე. eldiario.es-ის ცნობით, არგენტინის მართლმსაჯულებას სამი აუდიო აქვს, რომლებშიც მოხსენიებულია ხელოვანი სახელად "პლასიდო“.

მედია მიუთითებს იმაზე, რომ ტენორს 26 წლის განმავლობაში ჰქონდა კავშირი სექსუალური ექსპლუატაციის ორგანიზაციასთან.

პლასიდო დომინგოს სახელი #Metoo კამპანიის დროს არაერთხელ გაჟღერდა. 2019 წლის აგვისტოში ის სექსუალურ შევიწროებაში 20-მდე მომღერალმა და მოცეკვავემ დაადანაშაულა. ტენორი მაშინ თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ 1980-იან წლებში, "წესები განსხვავებული იყო“. დომინგომ სკანდალის გამო 2020 წელს ლოს-ანჯელესის ოპერის მმართველის თანამდებობაც დატოვა.