ავტორი:

"ეს იყო უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი" - ალექსანდრ დუგინის პირველი კომენტარი ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ

"ეს იყო უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი" - ალექსანდრ დუგინის პირველი კომენტარი ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ

ფილოსოფოსი, "რუსული სამყაროს“ იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ქალიშვილის, დარია დუგინას დაღუპვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ის მომხდარს "უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტს“ უწოდებს და ამბობს, რომ მისი ქალიშვილი მის თვალწინ სასტიკად მოკლეს.

"ის იყო ლამაზი, მართლმადიდებელი ქალი, პატრიოტი, ომის რეპორტიორი, ექსპერტი და ფილოსოფოსი. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. გთხოვთ, მიაღწიოთ ამას“, - ამბობს ალექსანდრ დუგინი (წყარო: BBC.com)

ცნობისთვის, დარია დუგინა 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. ის მართავდა მანქანას, რომელიც აფეთქდა მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოს რაიონში, მოჟაისკის გზატკეცილზე. წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

  • რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობა გახსნეს.

"დადგინდა, რომ დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს", - ნათქვამია განცხადებაში. უწყების განმარტებით, ვოვკი 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა, იქირავა ბინა სახლში, სადაც დუგინა ცხოვრობდა, მის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

ჟურნალისტზე დასაკვირვებლად დამნაშავემ "მინი კუპერი“ გამოიყენა.

ამასთან, რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

"21 აგვისტოს, დუგინის მიერ მართული Toyota Land Cruiser Prado მანქანის აფეთქების შემდეგ, ვოვკი და მისი ქალიშვილი ფსკოვის რეგიონის გავლით გაემგზავრნენ ესტონეთში“, - დასძინა უსაფრთხოების სამსახურმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული მხარე რაიმე კავშირს დარია დუგინას მკვლელობის საქმესთან უარყოფს.