ავტორი:

"დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ!" - როგორ გაუშვილეს ჭიათურელ ოჯახს ვაჟი: დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები

"დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ!" - როგორ გაუშვილეს ჭიათურელ ოჯახს ვაჟი: დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები

"40 წლის წინ ჭიათურის სამშობიაროში "გარდაცვლილი" და თბილისის მეორე სამშობიაროდან გაშვილებული ბავშვი... დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ! ამაზე ვინ აგებთ პასუხს, ვინ?“ - წერს თამუნა მუსერიძე და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდებიან დედა-შვილი პირველად ერთმანეთს. შემთხვევა შარშან მოხდა, როდესაც ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის ჯგუფის "ვეძებ“ საშუალებით კიდევ ერთმა დედა-შვილმა იპოვა ერთმანეთი...

თამუნა მუსერიძე:

- ეს ამბავი შარშან მოხდა. ისტორია ასეთია - ჭიათურაში დედამ ბიჭი გააჩინა და უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ეს ბიჭი გადაიყვანეს თბილისის მეორე სამშობიაროში, კამოზე. მშვილებელ მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვი დედამ დატოვა და შეიყვანეს ოთახში, სადაც რამდენიმე ბავშვი იყო და უთხრეს, აერჩიათ. მშვილებლებმა ეს ბიჭი აირჩიეს. როდესაც ბავშვი მოჰყავდათ, უარი ბავშვის ბიოლოგიური მამის მაგიერ დააწერინეს მეორე სამშობიაროს დარაჯს. მაგრამ აღმზრდელებმა იცოდნენ ბიოლოგიური მშობლების გვარები.

როდესაც ჯგუფი გავაკეთეთ, გაშვილებული ბიჭის მეუღლე დაგვიკავშირდა და მოგვიყვა ქმრის ისტორია. ოღონდ ქალმა არ იცოდა, რომ მისი ქმარი ჭიათურაში იყო დაბადებული, რადგან საბუთებში თბილისის მეორე სამშობიარო იყო მითითებული. როდესაც ისტორია ჯგუფში დავწერეთ, მსგავსება აღმოაჩინა ძმამ, ერთმანეთს მართლაც ჰგავდნენ და მხოლოდ ამ მსგავსების გამო გააკეთეს გენეტიკური ანალიზი... მოვიდა დადებითი პასუხი.

ახლა ეს ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს...

- თამუნა, ხშირად წერთ, მსგავს ისტორიებზე, როდესაც დედას უთხრეს, რომ შვილი გარდაიცვალა და რეალურად ბავშვი გაყიდეს... აქამდე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი თუ დამდგარა.

- არასოდეს, რადგან ეს საქმეები ხანდაზმულია და პასუხი არავის მოეკითხება. არის შემთხვევები, როდესაც დედები, რომლებმაც იმშობიარეს, ვერ ამტკიცებენ, რომ ბავშვი გააჩინეს, რადგან სამშობიაროში არ ფიქსირდება მათი მშობიარობა. ვის უნდა მოთხოვონ პასუხი.

- ამ დროისთვის რამდენმა ოჯახმა იპოვა დაკარგული შვილი...

- ოფიციალურად ჩვენ ვინც დავაკავშირეთ, 500-ზე მეტი ოჯახია, მაგრამ ჩვენს გარეშეც იკეთებენ გენეტიკურ ანალიზს და ეძებენ მშობლები დაკარგულ შვილებს, ეს მონაცემი არ გვაქვს...

  • თამუნა მუსერიძის ისტორიაც მსგავსია, მან უკვე ზრდასრულ ასაკში გაიგო, რომ ის იშვილეს. მას შემდეგ ბილოგიურ დედას ეძებს, მაგრამ ამ დრომდე მისი გაშვილების საქმეში ახალი არაფერია...