ავტორი:

"უზარმაზარი ემოციაა, თითქოს შვილი შეგეძინა" - 20 წლის მიტოვებული სახლის დაუჯერებელი გარდასახვა ბოდბისხევში: როგორ აქცია მარკუს მეტრეველმა ძველი სახლი ულამაზეს რანჩოდ

"უზარმაზარი ემოციაა, თითქოს შვილი შეგეძინა" - 20 წლის მიტოვებული სახლის დაუჯერებელი გარდასახვა ბოდბისხევში: როგორ აქცია მარკუს მეტრეველმა ძველი სახლი ულამაზეს რანჩოდ

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი მიტოვებული სახლია, რომელთა პატრონებიც უმეტესად უცხოეთში არიან. ზოგი ახერხებს ამ სახლების განახლებას, მიხედვას, თუმცა ძირითადად მაინც ყიდიან და კარ-მიდამოსაც ახალი პატრონი უჩნდება...

ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მომღერალმა მარკუს მეტრეველმა "ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან თავის აუდიტორიას აცნობა, რომ მისმა ოჯახმა სოფელ ბოდბისხევში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) ძველი სახლი შეიძინა და მათივე აქტიური ძალისხმევით, იქაურობას ახალი სიცოცხლე მიეცა.

სახლი ყურადღებას თანამედროვე და ძველი ელემენტების შერწყმითაც იქცევს.

ambebi.ge -ს მარკუს მეტრეველი ახალ სახლსა და გაწეულ შრომაზე ესაუბრება:

- ეს სახლი ჩვენი ოჯახის შენაძენია. მე და დალი, ჩემი მეორე ნახევარი, საქართველოს მასშტაბით ვმოგზაურობდით და ვეძებდით სააგარაკედ ადგილს. გვინდოდა, პატარა სახლი, რათა ჩვენი მყუდრო თავშესაფარი მოგვეწყო. ყველა კუთხე მოვინახულეთ, მაგრამ მეტად კახეთმა გამათბო თავისი სიყვარულით. აქ ბევრი რამაა ისეთი, რაც გიზიდავს, ღვინის კულტურაზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს ყველაფერი ჩემთვის თბილი და სასიამოვნოა...

მოკლედ, სოფელ ბოდბისხევში აღმოჩნდა ძველი, მიტოვებული, ძალიან სარემონტო სახლი, რაზეც საბოლოოდ შევჩერდით... სახლში ცხოვრება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ამ საქმეში დიდი შრომა, ენერგია ჩაიდო. რაც მთავარია, ყველაფერი დიდი სიყვარულით გავაკეთეთ. რომ არა სიყვარული, არაფერი გამოვიდოდა. რაც მთავარია, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ძველი სახლისთვის თავისი სახე არ დაგვეკარგა და მასთან ახალი ძალიან ფრთხილად შეგვერწყა.

ჩვენი ნამუშევარი ბევრს მოეწონა, დადებითი შეფასება და კომენტარები მივიღეთ, რამაც გამახარა.

- სახლი დიდი ხნის აშენებულია?

- სადღაც 40 წლის წინ ააშენეს, ცოტა ხანს იცხოვრეს და მერე უცხოეთში წავიდნენ... აქ 20 წლის განმავლობაში არავის უცხოვრია. შინ და გარეთ ამის გამო რაღაც იდუმალი გარემო იყო შექმნილი. ეზო ლამის ტყედ იყო გადაქცეული, მაგრამ აქაურობა რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი, ჩვენი გარემო იყო და აქ აუცილებლად შევქმნიდით ძალიან ლამაზ ატმოსფეროს იმისთვის, რომ სულიერი განტვირთვა მიგვეღო, თავი ბედნიერად გვეგრძნო.

- სიძველე შეინარჩუნეთ და სიახლე ძალიან ფრთხილად შეუხამეთ - ახალი ფერებით გააცოცხლეთ. არ არის ცუდი...

- ასეა. მომწონს, როცა ვინტაჟი თანამედროვესთანაა შერწყმული. მე და დალის ჩაფიქრებული გვქონდა, ფერებში გადაწყვეტილი სახლი გვქონოდა, ძველი თანამედროვე შტრიხებით გაგვეახლებინა. ეს იყო მთავარი სურვილი, რომელიც ავიხდინეთ.

- გემოვნება სხვადასხვანაირია, ზოგი მთლიანად გაათანამედროვებდა და სახლს მეტალპლასტმასით, ლამინატით დაფარავდა...

- არა, ჩვენ ვერ წავიდოდით ამ გზით, კახურ სახლს ეგ არ მოუხდებოდა. ძველი მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნო და ისე განაახლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაინც ეს მიმართულება ავარჩიეთ.

- ე.ი. ეს უფრო ძვირი ჯდება.

- კი. ხელოსნები რომ მოდიოდნენ, გვეუბნებოდნენ, ჯობდა, ახალი აგეშენებინათო. გადაკეთება უფრო რთულია და ძვირიაო. მაგრამ გვინდოდა, რაღაც ვინტაჟური ატმოსფერო, უფრო რანჩო, ვიდრე ახალი, საოცარი ტექნოლოგიებით აშენებული სახლი, ვილა-აპარტამენტი.

- სახლში ძველი ავეჯიც დაგხვდათ?

- ერთადერთი, რაც დაგვხვდა, გარდერობი იყო, რომელიც მერე მე განვაახლე. რესტავრაცია საკუთარი ხელით ჩავუტარე. ხის ფერი ჰქონდა და ახლა წითელია. დავინახე თუ არა, ვთქვი, - ამას აუცილებლად გავაახლებ-მეთქი. ზედაპირი მოვხვეწე და მერე შევღებე. ამის გარდა ორი, ძველი, გამოუსადეგარი საწოლიც იყო და მეტი არც არაფერი...

რემონტი რომ დავასრულეთ, ჩვენი ნივთები გადმოვიტანეთ, ავეჯით შევავსეთ და ახალიც დავამატეთ. ლამაზი, მყუდრო გარემო შეიქმნა. იატაკიც ძველია, არ გამოგვიცვლია. ისიც მოიხვეწა და ნაცრისფრად შევღებეთ. ლამინატი გაათანამედროვებდა. სხვათა შორის, კარგი და მყარად აშენებული სახლია. საძირკველიც ძლიერია, ჩარევა არ დასჭირდა.

- სახლს მარანიც აქვს, ხომ?

- მარანი აქვს და 6 ძალიან დიდი ქვევრია იქ. მარნის გაახლებასაც ვეცდებით... გვაქვს უზარმაზარი ეზო, 2500 კვადრატი, სადაც ყველანაირი ხეხილია - კაკალი, თხილი, ქლიავი, ლეღვი... გავდივარ ეზოში, ვწყვეტ და მივირთმევ. ჯანსაღ პროდუქტს გეახლებით.

- ეზოს დამუშავება დასჭირდება...

- კი, ამაში ჩემი მშობლები მეხმარებიან. მართლაც დიდი შრომა გავწიეთ ყველამ და ცხადია, ისევ ვშრომობთ. ახლა მეორე სართულია გასაკეთებელი და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ და დავასრულებთ. მერე ყველა ჩემი მეგობარი, ჟურნალისტი, ახლობელი უნდა მოვიწვიო და მოვუყვე, რა როგორ გავაკეთეთ. რამხელა შრომა ჩაიდო ამ საქმეში.

- დიდი ენერგია დაიხარჯა, მაგრამ მგონი, აზარტული შრომაა, ხომ?

- კი. უზარმაზარი აზარტია, უზარმაზარი ემოციაა და ისეთი, თითქოს შვილი შეგეძინა. მართლა შვილის დაბადებას ჰგავს. მერე გინდა, რომ ყოველ აგურს მოუფრთხილდე, სახლის თითოეული ქვა აღადგინო. ყველაფერს დიდი ყურადღებით და სითბოთი ეკიდები. ადგილიც კარგია. 5 წუთში მიხვალ ბოდბის მონასტრამდე, აქვეა სიღნაღი, წნორი. გარშემო არის სიცოცხლე. თუ მოგინდება, ცოტა თანამედროვე სიტუაციაში დაჯდე, გახვალ სიღნაღში რომელიმე კაფეში, თუ სოფლური ვარიანტს ისურვებ, ამასაც იპოვი. დიდი არჩევანია.

ახლა ყველანი აქ ვართ. დედა ამ წუთას ტყემალს აკეთებს და ჩემი მეუღლე ეხმარება. რაც შეეხება ბოსტანს, ჩვენივე პამიდორი გვაქვს, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა. ყველაფერი დედაჩემმა და მამაჩემმა დათესეს, დარგეს და მოიყვანეს. რაც ოჯახს სჭირდება, არის ბოსტანში. ვენახიც მიტოვებული იყო, გავასუფთავეთ, სრულიად, მივხედეთ. ეზოს სარეველასგან ვწმენდთ, ყოველ მეორე დღეს ხეხილს ვრწყავ. ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ ქათმებიც და ინდაურებიც მოვაშენოთ.

- სახლი საოჯახო სასტუმროს ფუნქციასაც ხომ არ შეიძენს?

- ეს მეგობრებმაც მირჩიეს, მაგრამ არ მინდა, ყველაფერი ჩვენთვის გავაკეთეთ, თუმცა ვნახოთ. მეორე სართულს უფრო აქვს ის პოტენციალი, რომ სასტუმროს მიმართულება მიეცეს.

სხვათა შორის, რეგიონში ბევრმა ჩემმა მეგობარმა იყიდა სახლი და არემონტებენ. ეს ტენდენცია მახარებს, რაღაც დაიქოქა, ახალგაზრდები რეგიონებში გადიან, რაც ძალიან კარგია. მეტად კი ის მიხარია, ჩემი სოფლის უბანში რომ გავდივარ, საოცარი მეზობლები მხვდებიან, თვითონ ქალაქშიც, წნორში ასეთები არიან. უხარიათ რომ აქ სახლი შევიძინეთ, დავბინავდით. აი, ასეთი კარგი და ლამაზი სასიყვარულო გარემოში ვართ.

- კარგია, რომ ოჯახის წევრების სურვილიც იყო ეს და ყველამ ერთად საერთო ძალებით დაიწყეთ საქმე...

- ნამდვილად. ჩემი მეუღლის, დალი ხაბულიანის დიდი წვლილია ამ სახლის განახლებაში. საკუთარი ხელით აკეთებდა ბევრ რამეს, მეხმარებოდა და ერთმანეთს ვეხმარებით. დღემდე ასეა, ერთმანეთის მხარში დგომით მივდივართ წინ, ვაშენებთ სიყვარულის სახლს.

- როგორია სამომავლოდ თქვენი სურვილები?

- საბოლოოდ მინდა, მალე ვნახო საბოლოო შედეგი, რაც ჩავიფიქრეთ. ასევე ის ხალხი, საზოგადოება, რომელიც გამაბედნიერებს და უფრო ააჟღერებს ჩემს გარემოს და შესძენს ამ სახლს სიცოცხლეს, რომელიც სიყვარულით განვაახლეთ.