ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში პირველ ორ დიდებულად ჩატარებულ მატჩს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და როგორც ჩანს, მარტო ქართველი და ნეაპოლელი გულშემატკივრები როდი აღაფრთოვანა. ყველა წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა აღნიშნავს კვარას ჩინებულ თამაშს, პოპულარული ბრიტანული "გარდიანი" და ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალი "ფორბსიც" კი, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბეჭდვითი გამოცემაა. გაკვრით კი არ მოიხსენიებენ ჩვენებურს ან შეხვედრის მიმოხილვაში კი არ უსვამენ ხაზს მის კარგ ასპარეზობას, არამედ სტატიებს მასზე აქცენტის გაკეთებით აქვეყნებენ (ქვემოთ ყველას შემოკლებით გთავაზობთ). მის შესახებ საკუთარი მოსაზრება ნეპოლურ გუნდში დიეგო მარადონას ყოფილმა თანაგუნდელმა სალვატორე ბანიმაც გამოთქვა (ნაპოლიში 4 წელი ერთად თამაშობდნენ და მასთან ორი სკუდეტოდან ერთი მოიგო). "ნაპოლის" საიტმა "მონცასთან" ნამატჩევს უბრალოდ გააღმერთა და კვარას გამოჩენას, არც მეტი არც ნაკლები, გამოცხადება უწოდა. მივყვეთ თანმიმდევრობით.
თვით ტურინული "ტუტოსპორტი", რომელიც ძირითადად ჩრდილოური კლუბების ამბებს აშუქებს, ხოლო სამხრეთულებს გარკვეულწილად ზემოდან უყურებს, ხვიჩას კვარადონა უწოდა, "მონცასთან" მატჩში ფენომენალური შეფასება 9-იანი დაუწერა და წარწერაც დაურთო - ახალი ვარსკვლავი დაიბადა.
რომაულმა "კორიერე დელო სპორტმა" ქართველისთვის მხოლოდ 8-იანი "გაიმეტა", გარეკანზე ერთი, სტატიაში კი სამი ფოტო გამოაქვეყნა, ორივე გუნდში საუკეთესოდ მიიჩნია და სათაურიც ორიგინალური გამოიტანა - ნეაპოლი აღმერთებს ხვიჩას.
"გაზეტა დელო სპორტმაც" მისი თამაში 8 ქულით შეაფასა და დაწერა: "წლის ტრანსფერი. კვარადონა კიდევ ერთი ჯადოქარი მცირე ფასად, მხოლოდ 10 მილიონ ევროდ".
უკლებლივ ყველა გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიამ ლეგენდა ლორენცო ინსინიე უნდა შეცვალოს - ქართველმა, რომელმაც თამაშიდან უკვე იმაზე მეტი გაიტანა, ვიდრე იტალიელმა მთელ გასულ სეზონში.
კვარადონას ნეაპოლში ფანები ჰყავს, რომლებიც ზაფხულის უკმაყოფილების შემდეგ ოცნებას ბედავენ. ზოგიერთი ხმამაღალი სახელი წავიდა, მაგრამ ქართველის გოლები "ნაპოლის" სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევაში დაეხმარა.
კვარაცხელიამ გაიტანა სეზონში თავისი გუნდის პირველი გოლი ვერონაში, მეორე ტაიმში საგოლე პასი პეტრ ზილენსის გაუკეთა. ეს გასაოცარი გადაცემა იყო ფეხბურთელისგან, რომელიც გამართულ მექანიზმში უკვე სრულად ინტეგრირებულად გამოიყურებოდა.
როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ნუთუ არ უნდა განეცადათ გარდამავალი პერიოდი ლორენცო ინსინიეს, კალიდუ კულიბალის და დრის მერტენსის წასვლის შემდეგ? მთელი ზაფხული ულტრასები პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მათი შემცვლელების მოსაძიებლად კლუბის მუშაობას არასაკმარისად მიიჩნევდნენ. გუნდის წარდგენისას მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის დიმაროში დაუყვირეს - გაიღვიძე! გაგარძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: