ავტორი:

"ყირიმი უკრაინაა! ქართველების სახელით, მინდა გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ თქვენ ამ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებთ" - სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე

"ყირიმი უკრაინაა! ქართველების სახელით, მინდა გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ თქვენ ამ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებთ" - სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე

მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.

"ჩემთვის დიდი პატივია, ამ სამიტზე წარმოვადგინო საქართველო და ქართველი ხალხი. მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ ღირებულებების დასაცავად, რაც გვაერთიანებს და რომელიც, დარწმუნებული ვარ, განსაზღვრავს ჩვენს საერთო მომავალს.

მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა.

ხვალ უკრაინა ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე აღნიშნავს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირების 6 თვეს. ყველამ ვიცით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია თებერვალში არ დაწყებულა და თავდაპირველი გამოწვევა სწორედ ყირიმი იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების პასუხგაუცემელი გამოწვევები, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პასუხგაუცემელი აგრესია მეტ არასტაბილურობას იწვევს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ის მოვლენები, რაც უკრაინაში განვითარდა, საქართველოსთვის კარგად ნაცნობია, მან ჩვენ მრავალი ჭრილობა გაგვახსენა. კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ იმ გზას მიუყვება, რომელიც საქართველომ უკვე სამჯერ გამოცადა, შესაბამისად ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ოკუპაცია და შემოჭრა, ვიცით რა ფასს იხდიან თქვენი მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ქართველების სახელით, მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა აღფრთოვანება თქვენი მამაცი ბრძოლის მიმართ და გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ თქვენ ამ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებთ. თქვენი ბრძოლა უკვე გამარჯვებითაა აღსავსე, რადგან ის რუსეთის დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის თვითრწმენას აღუდგა წინ, თქვენი ბრძოლა გამარჯვებითაა აღსავსე ასევე იმიტომ, რომ მან საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო პასუხი გამოიწვია, ისეთი, როგორიც ვლადიმერ პუტინს 2014 და 2008 წლებში არ უნახავს. დღევანდელი პასუხი მომავალს შეცვლის.

აშკარაა, რომ ომი უკრაინაში, ყირიმის ოკუპაცია და ოდესის დაბომბვა მნიშვნელოვნად უთხრის ძირს შავი ზღვის უსაფრთხოებას, შესაბამისად გლობალურ უსაფრთხოებასაც - ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო საკვების დეფიციტის უპრეცედენტო საფრთხის პირისპირაა, რაც მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებამ გამოიწვია. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს მარტივ პრინციპს - მშვიდობა და უსაფრთხოება გაყოფილი ვერ იქნება, ჩვენ ერთ ნავში ვართ.

ამ რთულ დროს უკრაინელი ხალხი ევროპული მისწრაფებების გარშემო გაერთიანდა. მინდა გულწრფელად მივულოცო უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოც მალე შეუერთდება ორ პარტნიორ ქვეყანას ამ გზაზე. მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს ანაქრონისტული ომი მალე დამთავრება და უკრაინა, როგორც ისტორიის სწორ მხარეს მდგომი, გაიმარჯვებს. XXI საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არაა. ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მე მჯერა, რომ ჩვენ ვიხილავთ ჩვენ გაერთიანებულ და აყვავებულ ერებს უსაფრთხო ევროპაში. გაუმარჯოს უკრაინას!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.