ომის თვეობით გაგრძელებას არავინ ელოდა არც მოსკოვში, არც - ვაშინგტონში და არც - კიევში - ნახევარი წელი ომის დაწყებიდან: მიღწევები და დანაკარგები

ომის თვეობით გაგრძელებას არავინ ელოდა არც მოსკოვში, არც - ვაშინგტონში და არც - კიევში - ნახევარი წელი ომის დაწყებიდან: მიღწევები და დანაკარგები

24 აგვისტოს ექვსი თვე, ანუ ნახევარი წელი ხდება, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და მისი ტერიტორიების დაპყრობა დაიწყო.

სამხედრო პოტენციალის დიდი სხვაობის გამო ყველა - როგორც კრემლში, ისე თეთრ სახლში ელოდა, რომ რუსი ოკუპანტების ფართომასშტაბიანი, რამდენიმე მიმართულებით ელვისებური შეტევების შედეგად, კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა და პრეზიდენტ ზელენსკის კანონიერ ხელისუფლებას რომელიმე პრორუსი კრემლის მარიონეტი პოლიტიკოსი - იანუკოვიჩი ან მედვედჩუკი - ჩაანაცვლებდა, მაგრამ ეს არ მოხდა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის თითქმის 2000 კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე კვლავ გრძელდება და არც დასასრული უჩანს.

  • რა სამხედრო წარმატებას მიაღწია რუსეთმა უკრაინის ფრონტზე?

საბრძოლო მოქმედებების ექვსი თვის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ასევე - დონეცკისა და ლუგანსკის პრორუსულმა სეპარატისტულმა ფორმირებებმა უმნიშვნელო საბრძოლო ინიციატივა მოიპოვეს ფრონტის ხაზის დონბასის მონაკვეთზე.

მათი პროგრამა-მინიმუმია, ბრძოლით გავიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, თუმცა არც ამის შემდეგ შეჩერდებიან.

საბრძოლო შეტაკებები არ წყდება ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც: ჩრდილოეთით - ხარკოვ-იზიუმის, სამხრეთით - მიკოლაევ-ხერსონის, ხოლო ცენტრში ზაპოროჟიეს მიმართულებით, მაგრამ ისინი უფრო დემონსტრაციული ხასიათისაა და ფართომასშტაბიან შეტევებზე ლაპარაკი არ არის.

კრემლს სურს, ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის მსგავსად, სხვა დაპყრობილ უკრაინულ ტერიტორიებზეც "რეფერენდუმები" ჩაატაროს და იქ ფიქციური ხერსონისა თუ ზაპოროჟიეს "სახალხო რესპუბლიკები" შექმნას, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალებს დაეტყოთ გადაღლა და როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსების ნაკლებობა, რომ დონბასის პარალელურად შეტევები ფრონტის სხვა უბნებზეც წამოიწყონ.

  • რას მიაღწია უკრაინის არმიამ?

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმია დონბასის მიმართულებით ნელ-ნელა უკან იხევს და ტოვებს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებს, არ შეიძლება თქმა, რომ ის მარცხდება.

პირიქით, თავდაცვით ბრძოლებში შეინიშნება უკრაინელი სამხედროების პროფესიონალიზმის ზრდა. ისინი ბოლომდე იცავენ პოზიციებს და უკანაც ორგანიზებულად იხევენ, ისე, რომ მოწინააღმდეგეს მათი "ქვაბში" მოქცევის საშუალებას არ აძლევენ.

მაგრამ ერთია თავდაცვითი ბრძოლები და მეორე - შეტევა, რაც გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს და საბრძოლო დანაკარგიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

უკრაინის არმიას ახლა არ შეუძლია, წარმატებული ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყოს ფრონტის კონკრეტულ უბანზე, მაგალითად, ხერსონის გასათავისუფლებლად, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს კარგა ხანია დაიქადნა.

  • როგორ შეიცვალა ბრძოლის ტაქტიკა?

ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ დონბასის მიმართულების გარდა, ყველგან, ძირითადად, პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. ამ დროს უპირატესობა ენიჭება მოწინააღმდეგის პოზიციების საარტილერიო და საავიაციო "დამუშავებას". გააგრძელეთ კითხვა