დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დაღუპულებს შორის 11 წლის ბავშვია.
"ჩაპლინო დღეს ჩვენი ტკივილია, ამ დროისთვის 22 დაღუპულია, მათგან ხუთი ადამიანი ავტომობილში დაიწვა, დაიღუპა მოზარდი, ის 11 წლის იყო, რუსულმა რაკეტამ მისი სახლი დაანგრია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება.
24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომს რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში რკინიგზის სადგურს დაარტყეს, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 15 და დაშავდა 50-მდე ადამიანი.