ავტორი:

"იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი, კახეთიდან, გაიტაცეს ან გაყიდეს ირანში..." - ქართული წარმოშობის მხატვრის ისტორია და ნამუშევრები, რომელიც მისი ეპოქის შედევრებად მიიჩნევა

"იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი, კახეთიდან, გაიტაცეს ან გაყიდეს ირანში..." - ქართული წარმოშობის მხატვრის ისტორია და ნამუშევრები, რომელიც მისი ეპოქის შედევრებად მიიჩნევა

ალი-ყული ჯაბადარი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას შემორჩა, როგორც ირანელი მხატვარი, თუმცა ის იყო საქართველოდან, ქართველი, რასაც მოწმობს როგორც მისი შემოქმედების ცალკეული მოტივები, ასევე წარწერები მის მიერ შესრულებულ მინიატიურებზე. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XVII საუკუნეში, იყო ევროპულ - აღმოსავლური სტილის მხატვარი, არ ჩამოუვარდებოდა კი არა და, ერთ - ერთი პირველიც იყო იმ ეპოქის მხატვრობაში.

შემორჩენილია მის მიერ შესრულებული 8 მინიატიურა - მეფის კარის ცხოვრებისა და ნადირობის სცენები, ერთ მათგანზე აღნიშნულია შესრულების ადგილი - ყაზვინი და თარიღი 1674. მრავალფიგურიანი კომპოზიციები შესრულებულია გვიანდელი ირანული მინიატიურის ტრადიციების მიხედვით. შეიმჩნევა დასავლეთ ევროპის ხელოვნების ცალკეული მოტივებიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინიატიურებზე არის ქართული წარწერები. შესრულების ხარისხით ჯაბადარის მინიატიურები უტოლდება იმდროინდელ საუკეთესო ირანულ მინიატიურების ნიმუშებს.

"შაჰი სულეიმან I და მისი კარისკაცები", ისპაჰანი,1670. ზემოთ, მარცხნივ, ქართულ ენაზე მიწერილია ორი ქართველის ვინაობა, დაცულია "ერმიტაჟში"

ალი ყული ჯაბადარი დოკუმენტებში იხსენიება ფსევდონიმ "ალი-ფარანგით“, როგორც ირკვევა, სპარსულად "ფარანგი“ ნიშნავს "დასავლელს“, "ევროპელს“, ხოლო მხატვრებისთვის ეს დახასიათება ნიშნავდა ხელოვნებაში ევროპული სტილის მიმდევარობას. იგი მართლაც რადიკალურად ნერგავდა სპარსულ ფერწერაში ევროპულ მხატვრულ ხერხებს, სტილისტიკასა და სიუჟეტებს.

  • "ფეისბუქის“ პირად გვერდზე მხატვარი მაია კიკაბიძე წერს:

"იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი კახეთიდან, გაიტაცეს ან გაყიდეს ირანში მონად, მისი ფიზიკურობით და ნიჭით შაჰის კარზე მოხვდა და იყო მხატვარი, ილუსტრატორი და ფერმწერი. მისი ნამუშევრები საქართველოში მე არ მინახავს, არც ვიცი, გვაქვს თუ არა, მაგრამ არის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დიდ გალერეებში, მათ შორის მეტროპოლიტენის მუზეუმში, ლონდონში, გერმანიაში, საფრანგეთში, სანქტ-პეტერბურგის "ერმიტაჟში“... სწორედ ამ უკანასკნელში ინახება მინიატურა, რომელზეც ქართულად დაუწერია ორი პერსონაჟის სახელ-გვარებიც“.

ირანული წყაროების მიხედვით, მისი ბიოგრაფიული ცნობები ასეთია:

ალი ყული დაბადებულა ისპაჰანში, უმსახურია შაჰების - თახმასპე II-სა (1704 - 1736) და ნადირ შაჰის (1688 - 1747) კარზე, "ნაკაშ-ბაშის“ - სამეფო კარის მთავარი მხატვრის რანგში.

"ორი მოხუცის საუბარი ქოხთან", დაცულია მიტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში

ირანში, მუჰამად ზამანთან ერთად, იგი მიიჩნევა XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისის ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრად. ორივე მათგანის შემოქმედებაში იგრძნობა ეკლექტიკის კვალი - ტრადიციული სპარსული ხერხებითა და ევროპული ნოვაციებით.

"ევროპელი ქალბატონები პაჟთან ერთად"

"ნადირობის ქალღმერთი დიანა", დაცულია მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში

სპეცილისტები აღწერენ, რომ ჯაბადარი ოსტატურად იყენებდა შუქ-ჩრდილების მოდელირებისა და პერსპექტივის კანონებს. ყველა მისი ნამუშევარი, რომელსაც აქვს ავტორის ხელმოწერა, ქაღალდზე შესრულებული მინიატურაა; ისინი მოიცავენ პერიოდს 1660-1717 წლებს შორის. მათი თემატიკა სხვადასხვაგვარია: შაჰ სულეიმანის ცხოვრების სცენებიდან - შიშველ "მძინარე ნიმფამდე“. მხატვრის ნამუშევრები ინახება პარიზის, გიმის, მეტროპოლიტენის, პეტერბურგის და სხვა მუზეუმებში.