ავტორი:

"თქვენი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში - თქვენი ნუგეში... იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას" - ლევან ვასაძის სამძიმრის წერილი ალექსანდრ დუგინს

"თქვენი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში - თქვენი ნუგეში... იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას" - ლევან ვასაძის სამძიმრის წერილი ალექსანდრ დუგინს

როგორც ირკვევა, 23 აგვისტოს, რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, სხვადასხვა სამძიმრის წერილებთან ერთად, ლევან ვასაძის წერილიც წაიკითხეს, რომლის სრული ვერსიაც ულტრანაციონალისტურ ვებგვერდ tsargrad.tv-ზე გამოქვეყნდა.

როგორც ვიდეოდან ჩანს, ლევან ვასაძე წარადგინეს, "დარიას და ოჯახის ახლო მეგობრად" და ასევე ადამიანად, რომელიც "საქართველოში საერთო მართლმადიდებლურ ღირებულებებს იცავს".

წერილში ლევან ვასაძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის ერთწლიანი პრობლემების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ზემო იმერეთშია. ვასაძე წუხს, რომ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრობლემების გამო, რუსეთში ჩასვლა და დარია დუგინას მშობლებთან ყოფნა ვერ შეძლო.

"იმ ღამეს ცუდად მეძინა, მდინარე ყვირილას ხეობიდან ქარი ქროდა... დილით, ლიტურგიისთვის მზადებისას, დავხედე ტელეფონს და მწუხარებისგან გავიყინე. ნანახი საშინელება მეუღლეს ძლივს გავუმხილე, ატირებული დავტოვე და, არც მახსოვს ისე, ტაძარში გავიქეცი, რათა მეგობრის ქალიშვილის სულისთვის მელოცა.

გავიდა დღეზე მეტი და მე გამბედაობა არ მყოფნის კვლავაც, რომ მის მშობლებთან დავრეკო... და აი, ძლივს ვწერ ამ სტრიქონებს. ასე მაინც", - წერს ვასაძე.

ის ახსენებს თავდაცვის ექსმინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს, რომელშიც წერდა, - როგორც იქნა, დუგინს ვასაძესთან მეგობრობა გამოადგება, ქალიშვილის ქელეხზე ეყოლება თამადაო... ვასაძე ამბობს, სააკაშვილის დროინდელი თავდაცვის ექსმინისტრი "დემონური დაუნდობლობით" გამოირჩეოდაო...

"ეს იგივე მოღვაწეა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა რუსებს, როდესაც თქვა, რომ ისინი სვამენ ფეკალიებს, რის შედეგადაც რამდენიმე წლით აკრძალეს საქართველოდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტი", - უპატაკებს ვასაძე ოკუპანტებს სამძიმრის წერილში.

"ეს მაგალითი, რომელიც ხსენების ღირსიც არ არის, კარგად აღწერს იმ დაყოფას, რომელიც ყოველ ერშია: დაყოფა ადამიანებად და არაადამიანებად, იმისგან დამოუკიდებლად, ვინ ვართ ეროვნებით: ქართველი, რუსი, უკრაინელი, ებრაელი, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ იგივე ანგლოსაქსები", - წერს ვასაძე.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, მოკლული დაშას მამას ვინმემ სამაგიეროს გადახდა ამის გამკეთებლების შვილებზე შურისძიებით რომ შესთავაზოს, ის ამ აზრს აუცილებლად უარყოფს, როგორც არაადამიანურს... "წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იქნებოდა დიდი რუსი ფილოსოფოსი, ვერ იქნებოდა ადამიანი", - დაასკვნის ის.

"შარშანდელი მოვლენების ლოგიკით, დაშა დუგინას უნდა დაეწერა ჩემზე მოგონებები, თუმცა ზეცამ სხვაგვარად გადაწყვიტა და ის წაიყვანა... მის მშობლებსა და ახლობლებს კი მოუვლინა გამოცდა, რომელზე უარესიც არ არსებობს.

ეს ანგელოზი ადამიანი ყოველთვის მაოცებდა მამის გაღმერთებით: ფილოსოფია ქალთა ხვედრი არაა, მაგრამ დაშას გამორჩეულმა პიროვნებამ გადალახა ეს შეზღუდვაც და მოახერხა ასე ადრეულ ასაკში გამხდარიყო სრულიად თვითმყოფადი ფილოსოფოსი. მისი მშვენიერება და გამჭრიახობა გამსჭვალული იყო სამშობლოს დიდი სიყვარულით. ის ამისთვის ცხოვრობდა, ამისთვის ქმნიდა..." - წერს ის.

მისი თქმით, არ იცოდა სანუგეშებლად რა ეთქვა ალექსანდრ გელევიჩისა და ნატალია ვიქტოროვნასთვის.

"ჩვენც ასევე ერთნი ვართ, იმისდა მიუხედავად, ვინ ვართ - ქართველები, რუსები თუ უკრაინელები, თუ წესებთან ვართ ახლოს... და თქვენი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნუგეში - თქვენი ნუგეშია...

დაე, უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას და განამტკიცოს მისი მშობლები და ახლობლები!" - წერს ვასაძე.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. ის ადგილზევე დაიღუპა.

იხილეთ ასევე: