ავტორი:

ყველასთვის საყვარელი დიჯეი "დინჯი" გარდაიცვალა - "ისე იმედიანად იყო, გვეგონა, დაძლევდა ამ ვერაგ დაავადებას..."

ყველასთვის საყვარელი დიჯეი "დინჯი" გარდაიცვალა - "ისე იმედიანად იყო, გვეგონა, დაძლევდა ამ ვერაგ დაავადებას..."

ცნობილი რადიოწამყვანი და ხმის რეჟისორი არჩილ ბუბუტეიშვილი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველასთვის საყვარელ დიჯეი ''დინჯის", ქართული FM დიაპაზონის რადიოს განვითარების ისტორიაში სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი. მისი ხმა პირველად 90-იან წლებში, ცნობილ "რადიო 105“-ში გაისმა და მაშინვე ბევრი მსმენელის გული დაიპყრო. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა...

შემდეგ იყო კიდევ არაერთი რადიო, მათ შორის, რადიო "პალიტრაც“... სამწუხაროა, რომ მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.

დიჯეი "დინჯის" Ambebi.ge-სთან მეგობრები იხსენებენ.

ნიკა რამიშვილი, "დრუპი", ტელე-რადიოწამყვანი:

- მე და "დინჯი" "რადიო 105“-დან ერთად მოვდივართ. "105“-ის მერეც, როცა ჯგუფი დაიშალა, სხვადასხვა სამსახური გვქონდა, მაგრამ მაინც სულ ერთად ვიყავით. ახლაც ახალ რადიოზე ვმუშაობდით, რაშიც "დინჯი" შინიდან, როგორც შეეძლო, გვეხმარებოდა, ტექნიკურ კონსულტაციებს გვიწევდა.

სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ ეს სიმსივნეც ხომ მარცხდება. ამიტომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თან გურულ, გადარეულ კაცს, ფიქრობდა, რა მოერეოდა... მოკლედ, ყველას გვეგონა, რომ მოერეოდა... ამის მერე, თუ ამ სფეროში რამეს გავაკეთებ, ყველაფერს "დინჯის'' მივუძღვნი... ტელევიზიაშიც ვმუშაობ, მაგრამ რადიო ჩემი საყვარელი სფერო და საქმეა. აქამდე რადიოში "დინჯის" გარეშე ნაბიჯი არ გადამიდგამს. ამიტომ, მის სახელზე რაღაც კარგი მინდა, რომ გავაკეთო...

ზაალ წულუკიძე, ტელე-რადიოწამყვანი:

- ძალიან მხნედ იყო, მაგრამ... ბოლოს რომ მივწერე და მოვიკითხე, რამდენიმე დღე არ მიპასუხა. მერე ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა. ცოტა ტკივილი მაქვს, ვერ ვწერ და მირჩევნია, ასე შეგეხმიანოო. ხმაც შეცვლილი ჰქონდა, არ იყო იმ დიჯეი "დინჯის" ხმა, რომელიც ყველამ ვიცით...

თინეიჯერობაში მისი ეთერების მოსმენამ მიბიძგა, რადიოში დამეწყო მუშაობა. საქმისადმი დამოკიდებულება, მსმენელისადმი მიმართვა, პატივისცემა, - ეს მართლა გამოარჩევდა მას. მიმაჩნია, რომ არჩილ ბუბუტეიშვილი იყო საზოგადო მოღვაწე. თუკი არის ღირსეული, გამოჩენილი ადამიანების ახალი პანთეონი, სადაც ისინი იკრძალებიან, პირადად ჩემი, ერთ-ერთი მოქალაქის, ზაალ წულუკიძის აზრია, "დინჯი" იმ პანთეონში დაიკრძალოს და მიეგოს შესაბამისი პატივი.

გულიანი ადამიანი იყო, პროფესიონალი, შრომისმოყვარე. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო, მუშაობას მაინც აგრძელებდა...

თამთა ასათიანი, "რადიო პალიტრის“ წამყვანი:

- ძალიან დამწყდა გული. "დინჯი" რამდენიმე წლის განმავლობაში "რადიო პალიტრაში“ მუშაობდა. ხმის რეჟისორი და წამყვანი იყო. მე და ალბათ ყველას, ვინც იმ პერიოდში ჩვენს რადიოში საქმიანობდა, კარგად გვახსენდება ის წლები. სასიხარულო ამბავი იყო, როდესაც ყველასთვის ცნობილმა დიჯეიმ მუშაობა ჩვენთან დაიწყო. თითოეულს დიდ გამოცდილებას გვიზიარებდა. პირადად მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე... იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა, ყველას გვამხიარულებდა და გვამახსოვრებდა თავს. ჩვენთვის, თანამშრომლებისთვის რთულია "დინჯიზე" წარსულში საუბარი.

განსაკუთრებით რთულია ჩემთვის, რადგანაც ერთი სეზონის განმავლობაში ერთად მიგვყავდა გადაცემა "ინტერნეტპალიტრა,“ რომელიც იმ პერიოდში საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. დიდი გამოცდილება იყო "დინჯისთან" თანაწამყვანობა. ბავშვობიდან ვიცნობდი და უცებ აღმოჩნდა, რომ გადაცემა ერთად უნდა წაგვეყვანა. ძალიან ვღელავდი, მაგრამ როგორც გითხარით, თავისი უშუალობით, ბუნებრიობით, კარგი ადამიანობით ეს ღელვა გადამალახვინა. მართლაც, რადიოსთან დაკავშირებული ბევრი რამ, სწორედ მისგან ვისწავლე... ყოველთვის, რა დროც არ უნდა გავიდეს, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები მისი.

ვიცოდით, რომ ავად იყო, ყველანაირად, რაც შეგვეძლო, გვერდში ვედექით, თავისი ოპტიმიზმის დამსახურებით, ჩვენც გვარწმუნებდა, რომ არც ისე რთულად იყო საქმე. ისე იმედიანად იყო, გვეგონა გადალახავდა, დაძლევდა ამ ვერაგ დაავადებას. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ასე არ აღმოჩნდა... გული მწყდება, რომ მისი ასე ნაცნობი და ძვირფასი ხმა აღარ გაჟღერდება არცერთ რადიოში...

  • ambebi.ge მწუხარებას გამთქვამს არჩილ ("დინჯი") ბუბუტეიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.