ავტორი:

"არის განვითარებული მსოფლიო და არის პუტინი... ეს იყო საბედისწერო შეცდომა რუსეთისთვის, ის ამ ომში დამარცხდება" - ირაკლი ალასანია ომზე, მსოფლიო პოლიტიკის ცვლილებასა და საქართველოს პოზიციაზე

"არის განვითარებული მსოფლიო და არის პუტინი... ეს იყო საბედისწერო შეცდომა რუსეთისთვის, ის ამ ომში დამარცხდება" - ირაკლი ალასანია ომზე, მსოფლიო პოლიტიკის ცვლილებასა და საქართველოს პოზიციაზე

თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ალასანიამ ინტერვიუ მისცა კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს, რომლის დროსაც აფხაზეთთან ურთიერთობების საკითხებზეც ისაუბრეს. მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური პროცესისას საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი რაღაც ეტაპზე აღმოჩნდა პოლიტიკურად გაუბედავი და უკან დაიხია იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რაზეც არჩევნებამდე, ან უფრო ადრე თანხმდებოდა თავის პოლიტიკურ გუნდთან

ალასანიამ ისაუბრა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

"დღეს, აბსოლუტურად, სხვა სურათი გვაქვს. უკრაინაში რუსეთის ომმა შეცვალა მსოფლიო. ეკონომიკურ და სხვა პრობლემებზე, რაც ამას მოჰყვა, არ ვისაუბრებ, ვიტყვი პოლიტიკურად: არის განვითარებული მსოფლიო და არის პუტინი. ყველამ კარგად დაინახა, თუ კი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, განსაკუთრებით, ევროპაში, რომ ამოსავალი პუტინისთვის და პუტინის რუსეთისთვის არის საბჭოთა კავშირის რეანიმაცია და აღდგენა და არ აქვს აზრი, როგორი დათმობებზეც არ უნდა წახვიდე მოლაპარაკებების პროცესში, იმ ამოცანის მისაღწევად რუსეთი ყველაფერს გააკეთებს.

ამ ომით მოხდა პოლიტიკის ძირფესვიანი შემოტრიალება, იგივე გერმანიის დღევანდელი პოლიტიკა კარდინალურად განსხვავებულია იმისგან, რაც იყო თუნდაც ერთი წლის წინ. ეს ცვლილება მოხდა. ეს იყო საბედისწერო შეცდომა რუსეთისთვის, პუტინისთვის. ის ამ ომში დამარცხდება, მაგრამ ამას სჭირდება დრო, ეს სწრაფად არ მოხდება..

ჩვენ ვართ კრიტიკულ მდგომარეობაში. ერთი მხრივ, უნდა ვიყოთ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, სწორი მორალური და პოლიტიკური პოზიცია გვქონდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველანაირი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას. მეორე მხრივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ მოხდეს კონფლიქტის განახლება. ამას სჭირდება ძალიან ფრთხილი, დაბალანსებული პოლიტიკა და სწორი დიპლომატია. ამას სჭირდება გეგმა და სტრატეგია, რომელიც დღეს, როგორც ვხედავ, არ არის. ეს ხდება ქაოსურად, ერთმანეთთან ჭიდილს რომ თავი დავანებოთ, კრიზისზე მეხანძრის პოზიციიდან რეაგირების პოზიციაში არიან.

ყველა კრიზისი აჩენს ახალ საშუალებებს, ამ კრიზისმაც რეალურად გააჩინა შესაძლებლობა, რომ სწრაფად მოხდეს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში. ამას გამოყენება სჭირდება. ამას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც რეალურად მიიჩნევს, რომ ხალხის ლეგიტიმაცია აქვს. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში ასეთი ხელისუფლება იქნება, ვისაც ექნება მაღალი ლეგიტიმაცია საკუთარი საზოგადოებიდან და სწორი სტრატეგიის განხორციელების შემთხვევაში, მოხერხდება სტაბილურობის შენარჩუნებაც და ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაც. ამ ინტეგრაციის პროცესში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩვენი მოსახლეობაც უნდა ჩავრთოთ სხვადასხვა ფორმით..."