ავტორი:

მომღერლის კარიერიდან სახელმწიფო მოხელეობამდე - რა ქონებას ფლობს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში?

მომღერლის კარიერიდან სახელმწიფო მოხელეობამდე -  რა ქონებას ფლობს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში?

ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში პოლიტიკაში შოუბიზნესიდან მოვიდა. ბათუმელი მომღერალი სხვადასხვა მუსიკალური პროექტებით გახდა ცნობილი, მათ შორის იყო "ნუცას სკოლა“ იმედზე... ის იყო პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც 2007 წელს "ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველო წარადგინა, სოფო ხალვაში იყო ასევე კონკურს "ახალი ტალღის“ პრიზიორიც. მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდებოდა, გვახსოვს, იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელში ატაცებული მომღერალიც...

შემდეგ იყო ქორწინება. პოპულარობის პიკზე მყოფმა სოფო ხალვაშმა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის რეზო ძოძუაშვილის ვაჟზე - მიშაზე იქორწინა. წყვილს პირველი შვილი გოგონა შეეძინა. სოფო კარიერას აგრძელებდა, თუმცა ხალვაში "ნაციონალური" ხელისუფლებისთვის ძველებურად სასურველი აღარ იყო, ფავორიტები ახლა სხვები გახდნენ.

2013 წელს მედიაში სკანდალური ამბავი გავრცელდა... თითქოს სოფო ხალვაში ქმარს გაშორდა. მალევე სოფო და მიშა შერიგდნენ და საცხოვრებლად ბათუმში გადავიდნენ. მალე მეორე შვილი შეეძინათ... "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფო ხალვაში ჯერ აჭარის ტელევიზიაში გამოჩნდა, მოგვიანებით კი, ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე მიიწვიეს...

ამჟამად მომღერალი ბათუმის მერის მოადგილის პოსტს იკავებს. 2018 წელს მის დანიშვნას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“აი, თქვა ივანიშვილმა პროფესიონალები უნდა მოვიყვანოო და ასრულებს დაპირებას. ახლა მთავარია, ”ბირჟა მაფიის” მიშკაც დაინიშნოს თბილისის ვიცე-მერად”, - წერდა მაშინ სააკაშვილი.

ახლახან სოფო ხალვაში სკანდალში გაეხვა, ის უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩაშლაში დაადანაშაულეს.

რაც მან მოგვიანებით უარყო სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით. (ნახეთ, რა დაწერა მომღერალმა)

სოფო ხალვაშმა ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის იანვარში შეავსო. მერის მოადგილე ბათუმში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე მიშა ძოძუაშვილი და ორი შვილი ქეთევანი და მარიამი.

ხალვაშმა 2018 წელს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, 84,8 კვ.მ. ბინა 139 450 ლარად შეიძინა.

მიშა ძოძუაშვილმა კი 2008 წელს ლისზე მდებარე 11 250 კვ.მ. ნაკვეთში 135 000 დოლარი გადაიხადა.

ხალვაშის მფლობელობაშია 2007 წელს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა მერსედესი C კლასი, რომელშიც მომღერალმა 7 ათასი დოლარი გადაიხადა.

მიხეილ ძოძუაშვილმა 2013 წელს შეიძინა ბეტონმრევი KAMAZ - KAMAZ 5320, რომელშიც 6000 დოლარი გადაიხადა და 3 ათას დოლარად ღირებული ტრაქტორი.

დეკლარაციის შევსებისას სოფო ხალვაშს "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 2753 ლარი ჰქონდა, საკრედიტო ანგარიშზე 7499 ლარი.

მიხეილ ძოძუაშვილს "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 4442 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე 47 785 ლარი, დეპოზიტი 25 459 დოლარი.

ხალვაში პირადი დანაზოგის სახით 17 400 ლარი აქვს, მიშა ძოძუაშვილს კი - 21 500 დოლარი.

მიშა ძოძუაშვილი "შპს ადო-გ ინშაათ თაჯჰიზათ ვე გურაშდირმას საქართველოს“ ბათუმის ფილიალის დირექტორია, საიდანაც ხელფასის სახით 2015 წლიდან 2022 წლამდე 56 528 ლარი მიიღო.

ძოძუაშვილი შპს "კუბიკ თაუერი საქართველო აჭარას პარტნიორია", მისი შემოსავალი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 9800 ლარი იყო.

მიხეილ ძოძუაშვილმა გასულ წელს დედისგან საჩუქრის სახით 12 500 დოლარი მიიღო. 2021 წლის სახელფასო შემოსავალმა 66 328 ლარი შეადგინა.

სოფო ხალვაშს 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში ხელფასის ოდენობა მითითებული არ აქვს. 2021 წლის დეკლარაციაში კი ვკითხულობთ, რომ მერის მოადგილის სახელფასო სარგომ 31 987 ლარი შეადგინა.