ავტორი:

"ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი... არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან" - ძმები ბაირაქტარები: სამხედრო დრონების წარმოება და მოყვრობა ერდოღანთან

"ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი... არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან" - ძმები ბაირაქტარები: სამხედრო დრონების წარმოება და  მოყვრობა ერდოღანთან

ბაირაქტარის დრონები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინული წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, თავად სიტყვა "ბაირაქტარი“ კი ომის კულტურის განუყოფელ ნაწილად. დრონების შექმნის იდეის უკან ძმები - ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარები დგანან. ისინი იშვიათად აძლევენ ინტერვიუს, მაგრამ ამჯერად BBC-ის კორესპონდენტებს ოფისში, სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში შეხვდნენ.

როგორც გამოცემა წერს, შენობა დასავლური უნივერსიტეტის კამპუსს უფრო ჰგავს, ვიდრე კომპანიას, რომელიც სამხედრო საფრენ აპარატებს აწარმოებს... თანამშრომელთა საშუალო ასაკი 29-30 წელია.

შესასვლელთან თანამშრომლებისთვის გამოფენილია ოსმალეთის იმპერიის ისტორიის უფასო წიგნების დიდი არჩევანი, გვერდით კი წიგნები, თუ როგორ უნდა ილოცოთ სწორად. ტერიტორიაზე ბევრი ღია სივრცეა...

  • მეორე სართულზე ზედიზედ სამი ოფისია - თითო ძმისთვის

BBC-ის ინტერვიუ ორ უფროსთან იყო შეთანხმებული, როგორც გაირკვა, უმცროსი ძმა ახმედი საჯარო პირი არ არის, პრესსამსახურის ცნობით, არ არის ჩართული თვითმფრინავების წარმოებაში.

პირველივე ოფისი უფროს ძმას ჰალუკს ეკუთვნის. კომპანიაში ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. მის კაბინეტში ბევრი სინათლეა, კედელზე ქარვისგან დამზადებული უკრაინული ქოხის სურათი კიდია, ყავის მაგიდაზე რბილი სათამაშო - Bayraktar TB2 დრონი ტრიდენტით.

ჰალუკმა ჟურნალისტებს ამაყად აჩვენა ღირსების ორდენი, რომელიც მან კიევში სტუმრობისას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიიღო.

ჰალუკი საუბარში ხშირად ახსენებს ოზდემირ ბაირაქტარს - მამას, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.

  • გახდი ერდოღანის სიძე

ჰალუკი ამბობს, რომ სწორედ მამამ ჩაუნერგა ავიაციის მიმართ სიყვარული. ოზდემირ ბაირაქტარმა 1984 წელს დააარსა კომპანია მანქანების სათადარიგო ნაწილების წარმოებისთვის. გარდა წარმოებისა, ის აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაშიც, რისი წყალობითაც შეხვდა თურქეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს (იმ დროს ის ჯერ არ იყო პრეზიდენტი).

ორივე ისლამისტური კეთილდღეობის პარტიის წევრი იყო, რომელიც 1998 წელს აიკრძალა. ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ პარტია ძირს უთხრიდა საერო ღირებულებებს, რაზეც თანამედროვე თურქეთი მისი პირველი პრეზიდენტის ქემალ ათათურქის მიერ იყო დაფუძნებული. შემდგომში პარტია ხელახლა დარეგისტრირდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სახელით და ახლა თურქეთის მმართველი პარტიაა.

2016 წელს კი ორი ნათესაური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსის ოჯახი დანათესავდა. სელჩუკი ერდოღანის ქალიშვილ სუმეიეზე დაქორწინდა. ამ კავშირს თურქეთში ბევრი აკრიტიკებს, ამბობენ, რომ ქვეყნის მეთაურთან კავშირი საოჯახო ბიზნესის აყვავების საფუძველი გახდა.

სელჩუკი არ ეთანხმება ამ კრიტიკას

”ჩვენ დავიწყეთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება ჯერ კიდევ 2000-იან წლებში და, გარკვეული გაგებით, მამაჩემმა, ჩემმა ძმამ, დედამ და მე თვითონ თავი მივუძღვენით ამას”, - ამბობს ის.

ერდოღანის ქალიშვილზე ის 2016 წელს დაქორწინდა, სელჩუკი იხსენებს, რომ იმ დროისთვის პირველი თვითმფრინავები Mini და Bayraktar TB1 უკვე შექმნილი იყო.

ძმების თქმით, ბაირაქტარის ოჯახი ყოველთვის "საწარმოში" ცხოვრობდა და ქარხანაში მუშაობას ბავშვობიდან მიჩვეული იყვნენ: მამას ჩარხების პროგრამირებაში ეხმარებოდნენ და მუშაობას სწავლას უთავსებდნენ.

სელჩუკი იმ დროს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლიცეუმში, სტამბოლის ამერიკულ კოლეჯში სწავლობდა.

ორივე ძმამ უმაღლესი განათლება თურქეთსა და შეერთებულ შტატებში მიიღო, სადაც სელჩუკი დრონების წარმოებაში დახელოვნდა.

სწავლის დამთავრების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ "თავიანთი ქვეყნის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გასავითარებლად“ და მუშაობა დაიწყეს მამის კომპანია "ბაიკარში“.

ძმები ამბობენ, რომ დრონების წარმოება ინჟინრების ძალიან მცირე გუნდით დაიწყო და კომპანიაში მხოლოდ პირადი სახსრების ინვესტიცია მოახდინეს.

მათი წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მუდმივი კომუნიკაცია თურქ ჯარისკაცებთან, საომარი მოქმედებების რეალურ მონაწილეებთან, რაც, მათივე თქმით, ეხმარებათ დრონების განახლებაში სამხედროების მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.

უკრაინის არმია Bayraktar TV2 თვითმფრინავებს აქტიურად იყენებს რუსული ჯარების წინააღმდეგ. უკრაინელებისთვის თურქული დრონები რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. მათზე დაიწყეს სიმღერების დაწერა, ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს მათი სახელი დაარქვეს და თანდათან სიტყვა "ბაირაქტარმა“ თავისი ნიშა დაიკავა ქვეყნის კულტურასა და მთელ მსოფლიოში გაფანტულ უკრაინულ დიასპორაში.

ძმები ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და უკრაინელ სამხედროებს რამდენჯერმე უსასყიდლოდ აჩუქეს დრონები, მოხალისეების მიერ შეგროვებული თანხა კი უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებებს მოხმარდა.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ ბაირაქტრები უკრაინელებისთვის თავისუფლების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, ჰალუკმა აღნიშნა, რომ ამაყობს, რომ მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები მხარს უჭერს უკრაინას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

მან დასძინა, რომ უკრაინა თავისუფალი სამყაროსთვის იბრძვის. ხოლო სელჩუკმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდა: "უსამართლო და უკანონო ომი...“

  • როგორ ეხმარებიან ძმები ბაირაქტარები უკრაინას

"ბაიკარის" თანამშრომლობა უკრაინასთან, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაიწყო. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინული ყირიმის ანექსია და ე.წ. DPR -სა და LPR-ის სამხედრო მხარდაჭერა დაიწყო, კიევმა დაიწყო დაცვის სხვადასხვა გზების ძებნა.

ჰალუკი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უპილოტო თვითმფრინავების გადაცემის მოთხოვნით ბევრ ქვეყანას მიმართა, თუმცა, მისი თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თურქეთი დათანხმდა.

"ბაირაქტარის სისტემები უკრაინაში 2018 წლიდან გამოიყენება, - იხსენებს ის, - პარალელურად, უკრაინასთან გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები თავდაცვის ინდუსტრიაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას სხვადასხვა ტექნოლოგიურ სფეროში".

ჰალუკის თქმით, კომპანიის სპეციალისტებმა ბევრი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაწვრთნეს Bayraktar TB2-ის დრონით ფრენაში. ახლახან კი, რუსული თავდასხმის შედეგად, გარდაიცვალა უკრაინის არმიის ოფიცერი, რომელიც დაუმეგობრდა ძმებს. "ბაიკარის“ წარმომადგენლები დაესწრნენ მის დაკრძალვას, ძმები ბაირაქტარები კი ამბობენ, რომ დაეხმრებიან მის ოჯახს.

  • "ფული არ არის მთავარი"

”როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ გავგზავნეთ ათი სატვირთო ჰუმანიტარული დახმარება - საკვები, ბავშვთა საკვები და ჰიგიენური საშუალებები. უკრაინა არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ვიზიარებთ უკრაინელების ტკივილს და ვაფასებთ. ისინი გმირულად იბრძვიან“, - ამბობს ჰალუკი.

ის არ მალავს კომერციული ინტერესების არსებობას, მაგრამ ომის დაწყებიდან კომპანიამ დიდი ძალისხმევა ჩადო უკრაინასთან თანამშრომლობისთვის. "ჩვენთვის პრიორიტეტია ძლიერი ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობის განვითარება, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს“, - განაცხადა მან.

დიახ, ის ადასტურებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებასთან ერთად გაიზარდა ინტერესი Bayraktar თვითმფრინავების მიმართ და ასევე გაიზარდა გაყიდვები. უკრაინის ომამდე დრონები აზერბაიჯანმა წარმატებით გამოიყენა სომხეთთან ომში მთიან ყარაბაღში, ასევე სირიასა და ლიბიაში. და ხშირად კონფლიქტის მეორე მხარეს რუსეთი იყო.

"სამწუხაროდ, რუსულ მედიაში ჩვენ ვხედავთ ცილისწამებას, რადგან ჩვენი სისტემები ანადგურებს მათ საჰაერო თავდაცვას და ჯავშანტექნიკას. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიას", - ამბობს ის, და როგორ გამოიყენებენ მათ პროდუქტს, ეს უკვე სხვა ადამიანების გადასაწყვეტია.

კითხვაზე, - თუ მოსკოვი დიდ თანხას შემოგთავაზებთ, მათაც მიყიდით? - ჰალუკი ამბობს:

"ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი. ფული და მატერიალური რესურსები არასდროს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა უკრაინასთან მრავალი წელია გრძელდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, გამორიცხულია ამ სიტუაციაში დრონების მოსკოვისთვის მიცემა. ამ პერიოდში მთელი ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინის მხარესაა. ისინი უსამართლო, აგრესიული და დაუსაბუთებელი თავდასხმის მსხვერპლი არიან და შესაბამისად, არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან, რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია“.

ინტერვიუ BBC-ისთან იმ დღეს შედგა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თავისი პარტიის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, ბაირაქტარებთან თანამშრომლობა სურს.

პრესსამსახურმა ჰალუკს ურჩია, ინტერვიუში არ გამოეყენებინა პუტინის გვარი, არამედ ეთქვა მხოლოდ "რუსეთი“. ხოლო სელჩუკმა საერთოდ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო დონის საკითხია. თუმცა, ჰალუკის სიტყვებიდან ირკვევა, რომ ძმებს ბაირაქტარებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე რუსული ჯარები უკრაინაში იქნებიან.

კითხვაზე, თუ ვინ წყვეტს, ვის მიაწოდოს კომპანიამ სამხედრო დრონები, ჰალუკმა უპასუხა, რომ ეს არის როგორც კომპანიის, ასევე თურქეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილება.

ცნობილია, რომ მოსკოვი დაინტერესდა ირანული "შაჰედ 129" თვითმფრინავით. სელჩუკი ამბობს, რომ არ იცის ირანული თვითმფრინავების სპეციფიკა, მაგრამ დასძენს, რომ "ბაირაქტარი" საუკეთესოა თავის კლასში.

პარალელურად, ძმები მუშაობენ პირველ თურქულ ზებგერით უპილოტო გამანადგურებელზე, Kyzylelma-ზე და ახალ საბრძოლო თვითმფრინავზე Bayraktar TV3.

ჰალუკი აღნიშნავს, რომ გეგმავენ უპილოტო მებრძოლების სრული წარმოების დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე, ასევ კვლევითი ცენტრების გახსნას უკრაინელი ახალგაზრდებისთვის. ძმებმა დაამატეს, რომ იყიდეს ადგილი დრონების განვითარებისა და წარმოების ცენტრის დასაარსებლად, მაგრამ ომის გამო სამუშაოები ჯერჯერობით შეჩერებულია... წყარო