ავტორი:

"მხარზე მეტად სული მტკივა... არცერთ დღეს ჩაუვლია ისე, რომ..." - თორნიკე შენგელია მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ მიმართვას აქვეყნებს

"მხარზე მეტად სული მტკივა... არცერთ დღეს ჩაუვლია ისე, რომ..." - თორნიკე შენგელია მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ მიმართვას აქვეყნებს

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს კაპიტანი და ლიდერი, თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება.

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართული მატჩში შენგელიამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

  • კალათბურთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ რა გრძნობა მეუფლება, როცა ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თგვენგან. იმ დღიდან, როცა გაირკვა, რომ ევრობასკეტი ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ არცერთ დღეს ჩაუვლია ისე, რომ ამ ღონისძიებაზე არ მეფიქრა.

თითოეული ჩემი ქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედროდი თამაშებს და თქვენი მოლოდინები გამემართლებინა. მაგრამ სპორტში, სხვა ბევრ დადებითთან ერთად ასეთი მომენტებიც ხშირად დგება. მხარზე მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ვერ ვიდგები მოედანზე ჩემი ბიჭების გვერდით საჭირო დროს.

თუმცა, დღეს მშვიდად ვარ, რადგან ვიცი ჩვენი გულშემატკივრების და ჩვენი ბიჭების ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რთული მომენტები მათ მეტ მოტივაციას და ძალას შემატებს .ჩემზე არ იდარდოთ, ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ. მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში.

ახლა გთხოვთ, რომ ყველა თქვენი პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისკენ იყოს მიმართული , პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ თითოეულ გამამხნევებელ შეძახილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას", - წერს თორნიკე შენგელია.