ავტორი:

რა არის ცნობილი უკრაინის კონტრშეტევაზე ხერსონის მიმართულებით: განადგურებულია ყველა დიდი ხიდი, გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი ქალაქის სიახლოვეს

რა არის ცნობილი უკრაინის კონტრშეტევაზე ხერსონის მიმართულებით: განადგურებულია ყველა დიდი ხიდი, გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი ქალაქის სიახლოვეს

29 აგვისტოს უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ხერსონის მიმართულებაზე მასშტაბურ კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ხერსონის მისადგომებთან გაარღვიეს რუსეთის არმიის თავდაცვის პირველი ხაზი, - ამის თაობაზე "რადიო თავისუფლების" რუსულენოვან ტელეპროექტ "ნასტოიაშჩეე ვრემიას" დაუდასტურა უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა, თუმცა ამის შემდეგ უკრაინის ოფიციალური წყაროები მწირ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ, თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე, თუმცა როგორც უკრაინული, ისე დასავლური მედია ამაზე საკმაოდ აქტიურად წერს.

CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ წუხელ უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის სიახლოვეს რუსი დამპყრობლებისგან 4 სოფელი გაათავისუფლეს.

"ოპერაცია ღამით რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო. ახლა ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი დაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გავარღვიეთ“, - განაცხადა წყარომ. მისი ცნობით: გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მისივე თქმით, ბევრი ოკუპანტი ლიკვიდირებულია და ტყვედ არის აყვანილი, განადგურებულია ბევრი საბრძოლო ტექნიკა.

"ვნახავთ, როგორ წავა შეტევა. ჩვენი მიზანი ხერსონია“, - განაცხადა წყარომ.

BBC - ის კორესპონდენტის ცნობით, უკრაინული არტილერია ხერსონის ოლქში წუხელ ბომბავდა საავტომობილო და სარკინიგზო გზებსა და ხიდებს, რომელთა საშუალებითაც მიდის შეიარაღება მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულ რუსულ დაჯგუფებებს. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა მთელ ოლქში, სხვადასხვა ადგილას.

უკრაინის ოფიციალური წყაროებისგან ინფორმაციის ძუნწად გავრცელება მოსალოდნელი იყო, ამის თაობაზე იმავე ნატალია გუმენიუკმა 28 აგვისტოსვე განაცხადა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პოზიტიურ ამბავს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, ჩვენ შეგვიძლია შეგატყობინოთ იმის შესახებ, რომ ნამდვილად დაიწყო გარკვეული მოქმედებები. ძალიან გთხოვთ, მომავალშიც თავი შევიკავოთ და არ გავაზვიადოთ მოვლენები, არ ჩაეძიოთ დამატებით დეტალებს, სამხედროების პროვოცირება არ მოვახდინოთ, რათა მათ გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც სინამდვილეში იქ ხდება. საკმარისია ის ცნობა, რომელიც უკვე გავრცელდა: არის გარღვევა და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მხრიდან ეს მოქმედებები განვითარდეს, ხოლო, მტრის ზოგიერთმა დანაყოფმა უკან დაიხია“, - თქვა გუმენიუკმა.

მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას სიჩუმე სჭირდება. გუმენიუკმა დააზუსტა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამხრეთით სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს შეტევა.

  • 29 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა დაჯგუფება "კახოვკამ“ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემებით (HIMARS) უკვე გაანადგურეს რუსების მიერ დაკავებული, ხერსონის მახლობლად მდებარე, პრაქტიკულად, ყველა დიდი ხიდი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკრაინის იერიშის დაწყება, მაგრამ მისი მტკიცებით, ეს შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. "მტრის მიერ თავდასხმის მცდელობამ სრული მარცხი განიცადა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანექსირებულ ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აკსენოვმა საკუთარ "ტელეგრამარხზე" დაწერა, - ცნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთით კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ "უკრაინული პროპაგანდის მორიგი "ფეიკიაო...“

მოკლედ, ხერსონის პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ უკრაინელი სამხედროები შეტევაზე არ გადასულან და ხერსონში სიმშვიდეა.

ამის პარალელურად "რაშისტი" ბლოგერები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მხარის სიღრმეში 6 კმ-ით წაიწიეს წინ.

სამწუხაროდ, ამ განცხადებების დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით შემოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთში 80-ზე მეტი რუსი ოკუპანტი და მტრის კუთვნილი 30 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.

  • შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ხერსონი ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.

გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იბრუნებს და დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს და ყირიმს. ზელენსკიმ რუს სამხედროებს მოუწოდა, თუ თავის გადარჩენა სურთ, დროა გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ.

უკრაინული მედია იტყობინება, რომ კონტრშეტევის პარალელურად რუსეთმა კვლავ დაარტყა ნიკოლაევის მშვიდობიან მოსახლეობას, 30 აგვისტოს დილით კი რუსებმა სარაკეტო იერიში ისევ მიიტანეს ზაპოროჟიეზე.