ავტორი:

"შემიძლია, სუფთა სინდისით ვთქვა: თბილისის მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს" - რას ამბობდა გორბაჩოვი 9 აპრილზე, პუტინსა და საბჭოთა კავშირის დაშლაზე?

"შემიძლია, სუფთა სინდისით ვთქვა: თბილისის მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს" - რას ამბობდა გორბაჩოვი 9 აპრილზე, პუტინსა და საბჭოთა კავშირის დაშლაზე?

91 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის კომპარტიის უკანასკნელი გენერალური მდივანი, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მიხაილ გორბაჩოვი. ამის თაობაზე ინფორმაციას მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს. "მიხეილ გორბაჩოვი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა", - ნათქვამია ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს განცხადებაში.

გორბაჩოვის დროს სსრკ-ში პირველად დაუშვეს სიტყვის, სინდისისა და მეწარმეობის თავისუფლება. მის დროს დაწყებული რეფორმების შედეგად, ფაქტობრივად, დაიშალა სსრკ და დასრულდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კომუნისტური რეჟიმები.

გასულ წელს რუსულ სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალში - "Россия в глобальное политике" გამოქვეყნდა მიხეილ გორბაჩოვის - სსრ კავშირის ექსპრეზიდენტის ვრცელი სტატია სათაურით - "გარდაქმნის გაგება და ახალი აზროვნების შენარჩუნება", რომელშიც ავტორი ყოფილ საბჭოთა კავშირში სამ ათეულ წელზე მეტი ხნის წინათ მომხდარი მოვლენების, მათ შორის - საქართველოში განვითარებული სიტუაციისა და 9 აპრილის შესახებ საუბრობს.

"უკვე 30 წელზე მეტი გავიდა იმ მომენტიდან, როცა საბჭოთა კავშირში ცვლილებები დაიწყო - "გარდაქმნის" ("პერესტროიკის") სახელწოდებით, მაგრამ არ წყდება დავა-კამათი იმაზე, თუ რას ნიშნავდა გარდაქმნა, რა მოუტანა მან ქვეყანას და მსოფლიოს. მე თვითონ ამის შესახებ მუდმივად ვფიქრობ, ვეძებ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებსაც მისვამენ მეცნიერები, ჟურნალისტები, წერილების ავტორები - როგორც ჩვენი თანამემამულეები, ისე - უცხოელები. ადამიანებს სურთ გაიგონ, თუ რა იყო გარდაქმნაში ჩადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინდელი მოვლენები ჯერ კიდევ არ გამხდარა შორეული წარსული. გარდაქმნის გამოცდილება და გაკვეთილები დღესაც აქტუალურია და - არამარტო რუსეთისათვის.

"პერესტროიკამ" სხვადასხვა ეტაპები გაიარა - ძიების, შეცდომების, მიღწევების ეტაპები. რასაკვირველია, ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობა რომ არსებობდეს, ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირველი - "გარდაქმნის" დაწყება ისტორიულად აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენდა, მეორე - ჩვენ სწორი მიმართულებით მივდიოდით", - წერდა მიხეილ გორბაჩოვი.

სტატიაში ავტორი, გარკვეულწილად, ნეგატიურად აფასებდა ვლადიმერ პუტინის გამონათქვამებს საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზების თაობაზე (რაც გამოიხატება პრეზიდენტის მიერ ფედერაციის ლენინური კონცეფციის კრიტიკაში, რომლის მიხედვით, მოკავშირე რესპუბლიკებს კონსტიტუციის საფუძველზე გარკვეული სუვერენიტეტი და სსრკ-დან გასვლის უფლება ჰქონდათ): "ისმის კითხვა: მართლაც, ეს არის საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზი? ჩვენ ვიცით, რომ ბევრი იმპერია და სახელმწიფო დაშლილა, რომელთა კონსტიტუციებში მსგავსი რამ ჩაწერილი არ იყო. ესე იგი, მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ", - წერს მიხეილ გორბაჩოვი და იხსენებს სტალინურ მკაცრ ეროვნულ პოლიტიკას, როცა ცენტრი ყველაფერს აკონტროლებდა, ყველას მაგივრად ყველაფერს წყვეტდა, საზღვრებს სურვილისამებრ ადგენდა, თანაც ისე, რომ არავის ეფიქრა საბჭოთა ოჯახიდან გასვლა. "საბჭოთა ხალხის აყვავების" ფასადის მიღმა ბევრი ისეთი პრობლემა არსებობდა, რომლის მოგვარებას არავინ ცდილობდა. იოსებ სტალინი ყველა ეროვნულ პრეტეზიას ანტისაბჭოურად მიიჩნევდა და მათ დაუნდობლად ახშობდა, დროს არ კარგავდა მიზეზების შესწავლაზე.

"1987-88 წლებში ვცდილობდი, რომ ეროვნულ-ტერიტორიული დავებისა და უთანხმოებების მოსაგვარებლად ერთიანი დემოკრატიული მეთოდი შეგვემუშავებინა, პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კონტექსტში. სხვათა შორის, თავდაპირველად, 1987 წელს, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების, უკრაინის, მოლდავეთის, საქართველოს ეროვნული მოძრაობებიდან არავინ აცხადებდა საბჭოთა კავშირიდან გასვლის სურვილს, ყველა "პერესტროიკის" ლოზუნგების მხარდამჭერად გამოდიოდა.

მაგრამ ძალიან მალე ეროვნულ მოძრაობებში სეპარატისტული ტენდენციები გამოიკვეთა და გაძლიერდა. სამწუხაროდ, ადგილობრივმა პარტიულმა ლიდერებმა დემოკრატიის პირობებში მუშაობა ვერ მოახერხეს. ისინი დაიბნენ. ეს ტენდენცია გამოვლინდა საქართველოში, როცა 1989 წლის აპრილში ხალხი თბილისის მოედნებსა და ქუჩებში გამოვიდა. საჭირო იყო, რომ საქართველოს კომპარტიის ცეკას წევრებიც ქუჩაში გამოსულიყვნენ და ხალხს შეხვედროდნენ, მაგრამ მათ ბუნკერში ჯდომა არჩიეს. და სიტუაციაც უბედურებამდე მივიდა: დემონსტრანტებისაგან ქუჩის "გასაწმენდად" ძალა იქნა გამოყენებული, დაიღუპა 21 ადამიანი, ათობით მოქალაქე დაშავდა.

ჩემთვის ძალიან მძიმეა 9 აპრილის გახსენება, მაგრამ შემიძლია, სუფთა სინდისით ვთქვა: თბილისის მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს, ჩემი ნების გარეშე. მაშინაც და მოგვიანებითაც მტკიცედ ვიცავდი ჩემს კრედოს: ყველაზე რთული პრობლემებიც კი მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით უნდა მოგვარდეს, ძალის გამოყენებისა და სისხლისღვრის გარეშე", - ამბობდა გორბაჩოვი. იხილეთ სრულად