ავტორი:

პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთისგან ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ? - უკრაინიდან გაქცეული და სერბეთში დაკავებული ყოფილი გენერლის, ანდრეი ნაუმოვის ამბავი

პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთისგან ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ? - უკრაინიდან გაქცეული და სერბეთში დაკავებული ყოფილი გენერლის, ანდრეი ნაუმოვის ამბავი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი გენერალი, ანდრეი ნაუმოვი სერბეთში დააკავეს. მასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა უკრაინელი ბიზნესმენი, გერმანიის მოქალაქე, ალექსანდრ აქსტი, რომელიც სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კონტრაბანდულ საქმეებში ფიგურირებს.

მანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, სასაზღვრო პუნქტთან მაშინ გააჩერეს, როდესაც სერბეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.

The Insider-ის ინფორმაციით, ანდრეი ნაუმოვი, უკრაინიდან გაქცევის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა, საიდანაც სერბეთში ჩასვლა მოახერხა.

  • როგორც გამოცემა წერს, ახლა მას შეუძლია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს.

უკრაინიდან გაქცევა

ანდრეი ნაუმოვმა ავტოკოლონით უკრაინის ტერიტორია ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. როგორც მედიისთვის არის ცნობილი, მათ შორის იყო ძვირფასეულობით დატვირთული მიკროავტობუსი. მანქანები კი გერმანიისკენ გაემართნენ.

insider-ის ცნობით, ანდრეი ნაუმოვის კარიერა უსაფრთხოების ძალებში მჭიდროდ იყო დაკავშირებული SBU-ს ხელმძღვანელთან, ივან ბაკანოვთან. ის ბაკანოვის პროტეჟედ ითვლებოდა.

უკრაინიდან გაქცევის შემდეგ ნაუმოვს ზელენსკიმ გენერლის წოდება ჩამოართვა და მის წინააღმდეგ ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ისაა, რომ ნაუმოვი ხელმძღვანელობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარ დირექტორატს და მას წვდომა ჰქონდა მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციებზე. ნაუმოვს შეეძლო სცოდნოდა სახელმწიფო საიდუმლოება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემების შესახებ.

  • უკრაინელი სამართალდამცველები სწავლობენ ნაუმოვის მიერ შესაძლო სახელმწიფო ღალატს, რომლის შედეგადაც რუსეთმა ომის დაწყებიდან მალევე ჩაიგდო ხელში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

"ინსაიდერი" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ახლა რუსეთს სურს ნაუმოვმა ჩვენება მისცეს ზელენსკის წინააღმდეგ "დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდთან“ დაკავშირებით, სანაცვლოდ კი არსებობს შანსი, რომ რუსეთი მას პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს.