ავტორი:

"ღამის საათებში იწყება ამ საშინელი ნივთიერებების წვა. ხალხი ფანჯრებს ვერ აღებს" - რა ხდება გლდანის "ნაგავსაყრელზე" და რას აცხადებენ ზედამხედველობის სამსახურსა და "თბილსერვის ჯგუფში"?

"ღამის საათებში იწყება ამ საშინელი ნივთიერებების წვა. ხალხი ფანჯრებს ვერ აღებს" - რა ხდება გლდანის "ნაგავსაყრელზე" და რას აცხადებენ ზედამხედველობის სამსახურსა და "თბილსერვის ჯგუფში"?

უკვე მერამდენე წელიწადია გლდანის ნაგავსაყრელი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის თავის ტკივილად არის ქცეული. თბილისის ამ რაიონის მოსახლეობა კვლავ დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, ნაგავსაყრელზე ყოველდღე ნარჩენების წვა ხდება, ირგვლივ საშინელი კვამლი და სუნია, რის გამოც უმძიმეს მდგომარეობაშია არიან.

მაკა ტუშური, გლდანის რაიონის მცხოვრები:

"წლებია ნაგავსაყრელი სერიოზული პრობლემაა გლდანის მოსახლეობისთვის. გაუსაძლისია ვითარებაა, განსაკუთრებით ზაფხულში. არ ვიცით, ეს შეგნებულად ხდება, თუ რა არის ამის მიზეზი, მაგრამ, ფაქტია, ყოველ ღამით ნაგავს ცეცხლს უკიდებენ. ღამის საათებში იწყება ამ საშინელი ნივთიერებების წვა. ხალხი ბინებში ფანჯრებს ვერ აღებს, რადგან საშინელი სუნი და ანტისანიტარიაა. რამდენიმე დღის წინ, 2 წუთი ვერ გავძელი შინ, ვეღარ ვსუნთქავდი, ისეთი ბოლი და სუნი იყო, სახლიდან გავედი. წარმოიდგინეთ რა დღეში არიან ის ადამიანები, რომლებსაც სახლში ავადმყოფები, ბავშვები ჰყავთ, ბინიდან მათ გაყვანასაც ახერხებენ. ამ სიცხეში ფანჯრებსაც რომ ვერ გააღებ, ეს რა ცხოვრებაა? განსაკუთრებით გაუსაძლის მდგომარეობაშია ბოლო - მე-5, მე-6, მე-7, მე-8 მიკრორაიონების მოსახლეობა და თეთრი ტბის მიმდებარედ ვინც ცხოვრობს. აქციებიც არაერთხელ ჩატარდა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს.

ივნისი, ივლისი, აგვისტო განსაკუთრებით შემაწუხებელი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ხალხი ამის გამო ღამეებს გარეთ ათენებს. ყოველდღე ხდება პროტესტი, ამ პრობლემაზე ინფორმირებულია თბილისის მერია, გლდანის რაიონის გამგეობა, გამგებელი. მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას. იქნებ მედია მაინც დაგვეხმაროთ, რომ როგორმე მოგვარდეს ეს პრობლემა. სოციალურ ქსელში რამდენიმე ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და ყველგან იწერება ამ პრობლემაზე. ფაქტია, ხალხის ხმა არავის ესმის. თავიდან გვიცილებენ და ამბობენ, რომ თითქოს რაღაც ჯგუფები ამას შეგნებულად აკეთებს. ესეც რომ იყოს, რატომ არ ხდება მათი გამოვლენა? თუმცა ეს ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ის ტერიტორია შემოსაზღვრულია და ასე ადვილად იქ ვერავინ მივა და ვერ წაუკიდებს ნაგავს ცეცხლს.

გარდა ამისა, ნაგვის ბუნკერებთან რაც ხდება, ეს ცალკე სასაუბრო თემაა. ყველა ხედავს როგორ ჟონავს ნაგავი ბუნკერებიდან, როგორი ანტისანიტარიაა ნაგავსაყრელებთან. ვერ გაივლი, ისეთი სუნია, ფეხს ვერ დადგამ ვერსად, ფეხსაცმელზე გეწებება ეს გამონაჟონი მასა. ამიტომ ნორმალურად ნაგავსაც ვერ აგდებ ადამიანი ურნაში. ფაქტია, არ ირეცხება ეს ტერიტორიები. რატომღაც თვლიან, რომ მარტო ვაკე და საბურთალო უნდა მოირეცხოს. სხვა უბნებმა რა დააშავა?

სოციალურ ქსელში უამრავი ინფორმაციაა გლდანში არსებულ ვითარებაზე და მოსახლეობა ითხოვს, ერთხელ და სამუდამოდ ამ პრობლემის მოგვარებას. მათი თქმით, წლებია ამ პრობლემაზე საუბრობენ, მაგრამ ვერ გადაიჭრა".

"გლდანში არსებული ნაგავსაყრელი არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს", - ამბობს ეკოლოგი და გარემოს დამცველი ლაშა ჩხარტიშვილი. სპეციალისტების შეფასებით, არასწორად მიმდინარეობს საქართველოში ნარჩენების მართვის პროცესი. მთავარი პრობლემა, მათი აზრით ისიც არის, რომ არ ხდება ნარჩენების გადარჩევა, ანუ სეპარაცია.

ლაშა ჩხარტიშვილი ეკოლოგი:

"ნაგავსაყრელების პრობლემა, ნარჩენების მართვის კუთხითაც ურთულესია. ეს ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ პრობლემა მოგვარდებოდა და ყველა რეგიონს, რაიონს ექნებოდა თანამედროვე სტანდარტების პოლიგონი, მაგრამ ასეთი ნაგავსაყრელი დღეს არ გაგვაჩნია. რაც შეეხება გლდანის ნაგავსაყრელს, ის ოფიციალურად დახურულია, მისი გამოყენება არ შეიძლება, თუმცა ხშირად გამოიყენება. პრაქტიკულად, ლეგალურ და არალეგალურ ნაგავსაყრელებს შორის განსხვავება არ არის, არსად არ ხდება სტანდარტების დაცვა. იგივე ლილოს ნაგავსაყრელი არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქისთვის... გლდანის ნაგავსაყრელი საერთოდ დაკეტილი უნდა იყოს და მისი კონტროლი ხელისუფლებისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ვიცი, იგივე სამშენებლო კომპანიების მხრიდანაც ხდება მისი გამოყენება სამშენებლო ნარჩენების და ასევე სხვა მსხვილი ნარჩენებისთვის, ასევე იყენებენ ამ ნაგავსაყრელს სხვა ორგანიზაციებიც. ამიტომ სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესიც შეიძლება იყოს ამის უკან, რადგან ხელისუფლება, იგივე ჯანდაცვის თუ მერიის სტრუქტურები არ რეაგირებენ აღნიშნულზე.

ამის კონტროლი, მითუმეტეს დაწვის ფაქტების გამოვლენა, ელემენტარული საკითხია. ვინ უკიდებს ცეცხლს, ამის გარკვევა, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას.

ყველას მინდა ვუთხრა, ნაგავი როცა ყრია, ეს ცუდია, ის უნდა იყოს დამარხული, მაგრამ თუ სხვა გზა არ არის, ჯობია ისე ეყაროს თუნდაც ქუჩაში, ვიდრე დავწვათ. ბევრმა არ იცის და ადამიანებს გონიათ, რომ საკუთარ ნაგავს თუ დაწვავენ, უკეთესად იქცევიან. განსაკუთრებით საშიშია პოლიმერული ნარჩენების წვა. ლაპარაკია პლასტმასზე, პლასტმასის ბოთლებზე, პოლიეთილენის პარკებზე, რეზინის დაწვაზე. პოლიმერული მასალების წვის შედეგად გამოიყოფა ათობით და ასობით მავნე ნივთიერება, რაც იწვევს კიბოს. ეს ყველაფერი გამოიფრქვევა ჰაერში და სუნთქავს თბილისის მოსახლეობა.

საქართველოში არ არსებობს ნარჩენების განცალკევებული შეგროვების სისტემა. შესაბამისად, ყველა ნარჩენი ერთად იყრება და, მათ შორის, სახიფათო ნარჩენებიც ხშირად ხვდება გლდანის ნაგავსაყრელზე. ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული აალებაც. აალებას იწვევს ორგანული ნარჩენები, საკვები ნარჩენები, რომლის ლპობის შედეგად გამოიყოფა მეთანი, შესაძლებელია მისი თვითაალებაც ხდება...".

თბილისის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ გლდანის ნაგავსაყრელზე ცეცხლი ამ ზაფხულს რამდენჯერმე თვითნებურად გაჩნდა.

"ნაგავსაყრელზე ვერ მოუკიდებს ცეცხლს ვერავინ. ის არის დაცული ტერიტორია და ამას აკონტროლებს "თბილსერვისი". ბუნებრივად, მაღალი ტემპერატურის და სიცხეების გამო რამდენჯერმე გაჩნდა ცეცხლი და ეს ჩააქრეს თავად "თბილსერვისის" თანამშრომლებმა. ნაგავსაყრელზე ბუნებრივად გაჩენილი ცეცხლი არ არის ჩვენი კომპეტენცია, მაგრამ სხვა შემთხვევაში, თუკი ვინმე რამეს მოუკიდებს და ამაზე ინფორმაცია ცხელ ხაზზე შემოდის, ზედამხედველობის სამსახური ამაზე ახდენს რეაგირებას. თუ სხვაგანაც ხდება ეს, დარეკონ ცხელ ხაზზე და აუცილებლად მოხდება რეაგირება. ჩვენ თვითონაც ვახდენთ ინსპექტირებას, დადიან ჩვენი თანამშრომლები და თუ გამოვლინდება კანონდამრღვევი, ის დაჯარიმდება ან გამოსასწორებელ სამუშაობს შესარულებს. თუ მსგავსი რამ დააფიქსირეს, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 0322722222, ზარიდან მალევე ჩვენი ჯგუფები გადიან ადგილეზე დღეც და ღამეც..." - გვითხრეს თბილისის ზედამხედველობის სამსახურში.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით "თბილსერვისის" ხელმძღვანელობასაც.

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი დავით ფაჩულია ადასტურებს, რომ ამ ზაფხულს ცეცხლი თვითნებურად გაჩნდა.

- ბატონო დავით, გლდანის მოსახლეობა აცხადებს, რომ გლდანის ნაგავსაყრელზე ყოველ საღამოს უკიდებენ ცეცხლს და ბოლი აწუხებს მოსახლეობას. როგორც ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, ამ ზაფხულს ნაგავსაყრელზე თვითნებურად რამდენჯერმე გაჩნდა ხანძარი, რა მასშტაბის იყო ეს ხანძრები? თქვენმა სამსახურმა ჩააქრო თუ მაშველების დახმარება დაგჭირდათ?

- გლდანის ნაგავსაყრელზე, რამდენჯერმე გაჩნდა მცირე ხანძარი, რომელიც ლიკვიდირებული იქნა "თბილსერვის ჯგუფის" მიერ. ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო რამდენიმე მცირე აალებას ჰქონდა ადგილი და ესეც ჩვენი ძალებით იქნა ლიკვიდირებული. სამსახურში მუდმივად მორიგეობს 4 თანამშრომელი და წყლის სპეცმანქანა, მსგავს შემთხვევებზე დაუყოვნებლივ რეაგირებისათვის. სპეციალურად, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად არავინ უკიდებს ცეცხლს. სამშენებლო ნაგავსაყრელის ტერიტორიის გარეთ, ხანძრების ჩაქრობას კომპანიის თანამშრომლები არ ახორციელებენ.

- მოსახლეობა აქვს ასევე პრეტენზია და ამბობს, რომ არ ირეცხება გლდანში არსებული ბუნკერები და მიმდებარე ტერიტორიები, ამიტომ აწუხებთ სუნი და უჭირთ გადაადგილება. ამაზე რას იტყვით?

- დედაქალაქში სისუფთავის შენარჩუნებაზე, ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს დასუფთავების დეპარტამენტის 4000-მდე თანამშრომელი. მაისიდან მოყოლებული ყოველდღე ირეცხება დედაქალაქის ქუჩები, კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებული 60-მდე მიწისქვეშა გადასასვლელი და 20 000-მდე ნაგავშემკრები კონტეინერები. გლდანის რაიონში, აქციის ფარგლებში, კვირაში რამდენჯერმე ირეცხება: ნ.დუმბაძის გამზირი, ი.ნონეშვილის, ი.ვეკუას, ო.ხიზანიშვილის, ა.ვასაძის, ა. გობრონიძის, ლიბანის, ვ.ბოჭორიშვილის ქუჩები. შპს "თბილსერვის ჯგუფი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში განაახლებს კომპანიის ავტოპარკს სხვადასხვა დანიშნულების და მოცულობის სპეციალური ტექნიკით. ასევე, მთელი დედაქალაქის მასშტაბით, ეტაპობრივად ხორციელდება ძველი ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ურნებით.

"თბილსერვის ჯგუფისთვის” პრიორიტეტული საკითხი გახლავთ დედაქალაქის დაცვა დაბინძურებისგან. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ დედაქალაქს, ხშირად ვაწყდებით დაბინძურების ფაქტებს გამწვანებულ ტერიტორიებსა და ტურისტულ ადგილებში, ასევე, ხშირად ხდება სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსება ქუჩებში. გვინდა თხოვნით მივმართოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, შეინარჩუნონ სისუფთავე და პატივი სცენ იმ ადამიანების შრომას, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თბილისის სისუფთავეზე.