ავტორი:

"გასაუბრების ეტაპებს ისე გავდიოდი, ჩემმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ. საბოლოო შედეგი მათთვის დაუჯერებელი იყო" -  მარიამის ახდენილი "არიზონული ოცნება"

"გასაუბრების ეტაპებს ისე გავდიოდი, ჩემმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ. საბოლოო შედეგი მათთვის დაუჯერებელი იყო" -  მარიამის ახდენილი "არიზონული ოცნება"

პიროვნული ზრდა, განათლების დონის გაუმჯობესება, კარიერული განვითარება, გამოცდილების დაგროვება და დამოუკიდებლობა - ეს საზღვარგარეთ სწავლის დადებითი მხარეებია. სირთულეების გარეშე, მწვერვალების დაპყრობა შეუძლებელია. შესაბამისად, ქვეყნის გარეთ ცოდნის დასაგროვებლად წასვლას, სირთულეებიც თან ახლავს, იმის გასაგებად, რა დაბრკოლებებს ხვდებიან ქართველი სტუდენტები, სამშობლოდან მრავალი კილომეტრის მოშორებით და რას ურჩევენ იმ ახალგაზრდებს, ვინც საზღვარგარეთ განათლების მიღებას სამომავლოდ გეგმავენ, ambebi.ge-ს უცხოური გამოცდილების მქონე, ქართველი გოგონა მარიამ კურცხალია ესუბრება, რომელიც ახლა უკვე სამშობლოშია.

- საიდან და როგორ გადაწყდა უცხოეთში სასწავლებლად წასვლის ამბავი?

- წასვლის ამბავი ჩემს უნივერსიტეტში, ჯიპა-ში გადაწყდა, პირველად პროექტში მონაწილეობის მიღება ფაკულტეტის კოორდინატორმა მირჩია, საკუთარ ძალებში ვერ ვიყავი დარწმუნებული, მან კი მირჩია, კონკურსში მონაწილეობა მიმეღო, რომელიც უნივერსიტეტშივე ამერიკელებისა და უნივერსიტეტის შუამდგომლობით მიმდინარეობდა სამ ეტაპად. პორველი ეტაპი სამოტივაციო წერილისა და ნიშნების გაგზავნას მოიცავდა. მეორე ეტაპი უნივერსიტეტის კომისიასთან გასაუბრებას, მესამე ეტაპზე არიზონას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გასაუბრება იგეგმებოდა. მოკლედ, საბოლოოდ, უშუალოდ, ამერიკელებისგან უნდა მიგვეღო დასტური.

- როდესაც მიიღეთ გადაწყვეტილება, რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორები ხომ არ გაჩნდა?

- პირველი ფაქტორი, რამაც ხელი შემიშალა, ჩემი მშობლების მოუმზადებლობა იყო. თავდაპირველად დედაჩემმა პირდაპირ მითხრა, შენ მაინც არავინ აგარჩევსო, მეც თითქმის ასე ვფიქრობდი, ბოლოს გამოცდილების მიღების მიზნით გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. გასაუბრების ეტაპებს ისე გავდიოდი, ჩემმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ. საბოლოო შედეგი მათთვის დაუჯერებელი იყო და არ იცოდნენ, შვილი ამხელა გზაზე როგორ უნდა გაეშვათ. ამ ფაქტორის გადალახვის შემდეგ, ამერიკელების გამოგზავნილი საბუთები დაიკარგა, რომელიც საელჩოში უნდა წარგვედგინა. ისტორია მდგომარეობდა იმაში, რომ საბუთები, რომელიც ამერიკელებმა გამომიგზავნეს, ჩემამდე არ მოვიდა. ამ საბუთების ძებნა დაიწყეს უნივერსიტეტშიც. შეშფოთდნენ ჩემი გულშემატკივრები, ამერიკელებმაც დაიწყეს საბუთების ქექვა, გადაახვიეს უნივერსიტეტის კამერები და მთელი დღის წუთი წამის ყურება დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ საბუთები ფოსტალიონმა უნივერსიტეტში ჩემამდე არ მოიტანა და ფოსტაშივე დატოვა. (ეს ფაქტი ბევრისთვის საეჭვო იყო. ფიქრობდნენ, რომ საბუთები, უბრალოდ, დამიმალეს, რათა ჩემს ნაცვლად სხვა წასულიყო...).

პირველი ეტაპი სამოტივაციო წერილის დაწერა იყო, მახსოვს, როგორ ვწერდი თუ რატომ მინდოდა მთელი გულით ამერიკაში წასვლა, ამ დროს დედამ გვერდით ჩამიარა. - რას აკეთებ, შეავსე, მაგრამ მაინც ვერ გაიმარჯვებ, თუმცა გამოცდილებას მაინც დააგროვებო... მეორე ეტაპი კი გასაუბრება იყო კომისიის წევრებთან ინგლისურად, სადაც კომისიის წევრებს ჩემი ინგლისური ძალიან მოეწონათ, თან ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი. ძირითადად უცხოეთში მესამე კურსიდან მიდიან ხოლმე, ამიტომ პირველკურსელის დანახვამ კომისია გააოცა... მახსოვს, ამერიკელების საბოლოო დადებითი პასუხის გაგების შემდეგ, კომისიის წევრს ვუთხარი, - ჯერ უნდა მოვიფიქრო, რადგან მშობლების პასუხი არ ვიცი, თუ გამიშვებენ-მეთქი...

- როგორია ამერიკული ცხოვრება ქართველი სტუდენტისათვის?

- აქ უცხო მიწაზე, როცა არც დედაა ახლოს და არც მამა, გადარჩენისთვის უფრო წვალობ. თავიდან მარტოს გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე. მშობლებს ტირილით ვურეკავდი, - წამიყვანეთ-მეთქი, აქაურები რომ არა, შეიძლება კიდევ უფრო გამჭირვებოდა, გულისხმიერი ხალხია, ხშირად ქუჩაში რომ დავკარგულვარ, სახლამდე გამომყოლიან გზის სასწავლებლად. ასეთი ქუჩაში დაკარგვისას თავს გადახდენილი თავგადასავალით ახლო მეგობარი - კელსი შევიძინე, რომელიც ფენიქსში, არიზონას დედაქალაქში თავის სახლში ხშირად მეპატიჟებოდა, ბევრი რამ მისი წყალობით ვნახე... მან მარტოობა გამიმარტივა. მიმაჩნია, რომ მარტო ცხოვრება, შენს თავთან მარტო დარჩენა სულ სხვანაირად გზრდის და გაყალიბებს. უნივერსიტეტის მეგობრებიც ძალიან დამეხმარნენ...

- სწავლის პერიოდში, როგორც ვიცი, მუშაობდი კიდეც...

- მიუხედავად ჩემი დაფინანსებისა, რაშიც შედიოდა კვება, საცხოვრებელი, დაზღვევა, სწავლა, ამერიკა მაინც ძალიან ძვირი ქვეყანაა. თან, ყველაფერთან ერთად, მაქსიმალური გამოცდილება მინდოდა მიმეღო. იქ ყოფნისას ორ ადგილას ვმუშაობდი უნივერსიტეტის ერთ-ერთი კაფეტერიის საცხობში და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ორ სხვადასხვა სფეროში მუშაობა სხვადასხვანაირ გამოცდილებას მმატებდა. ფუნთუშების გამოცხობა, ღუმელთან მუშაობა და ფრანგი მზარეულის ჩხუბი, ხანაც ჩემი ნახელავის შექება, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.

სხვა ქვეყანაში ცხოვრება საკმაოდ რთულია, ბევრი უცხოელი სტუდენტი ვიცი, ვისაც გაუჭირდა, ვერ შეეჩვია ამერიკას და ამერიკელებს, მაგრამ მე გავუგე იქაურებს... თავიდან არ მესმოდა მათი და კი დავდიოდი დეპრესიული (იცინის)...

- დაბოლოს, რას ეტყოდით თანატოლებს, იმათ, ვისაც თქვენსავით სურვილი აქვთ უცხოეთში სასწავლებლად წავიდნენ...

- ვისაც სურვილი აქვს იმისი, რომ ამერიკაში და ან ზოგადად უცხოეთში სასწავლებლად დაფინანსებით წავიდეს, მთავარი რჩევა იქნება ის, რომ ისწავლონ კარგად! რომც არ მიიღოთ კარგი ქულები ან რაღაც საგნების სწავლა არ გამოგივიდეთ, მთავარია თქვენმა უნივერსიტეტმა და ლექტორებმა დაინახონ მონდომება. შრომა არასდროს დაიკარგება...

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი