ავტორი:

რუსული ვებგვერდი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ უცხოელებზე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მათ უკრაინის დატოვებაში "დახმარებას სთავაზობს" - რას წერენ ოკუპანტები ქართველ მებრძოლებზე

რუსული ვებგვერდი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ უცხოელებზე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მათ უკრაინის დატოვებაში "დახმარებას სთავაზობს" - რას წერენ ოკუპანტები ქართველ მებრძოლებზე

რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა პირებმა შექმნეს საიტი, რომელზეც უკრაინაში მებრძოლი უცხოელების, მათ შორის ქართველი სამხედროების მონაცემებია განთავსებული.

სრული დოსიე 37-მდე ქართველზეა, რომლებიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვიან.

oreigncombatants.ru - ზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია "ქართულ ლეგიონსა" და ქართველ მებრძოლებზე. ვებგვერდზე მოცემულია დეტალური ცნობები უკრაინაში მებრძოლი რიგი ქართველების შესახებ.

  • საიტზე ინფორმაცია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზეა გამოქვეყნებული. ვებგვერდის გახსნისთანავე კი ვკითხულობთ, რომ "საიტი შეეხება იმ პირებს, რომლებმაც გადაწყვიტეს უკრაინის მხარეს დადგნენ და დაუპირისპირდნენ რუსეთის ფედერაციას, ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით კონფლიქტის გრძელი, რთული ისტორია და არ ესმით მისი მასშტაბი."

ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა ზოგიერთმა უცხოელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ისინი "უკრიანული, ევროპული და ამერიკული პროპაგანდის მსხვერპლნი გახდნენ. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ შეეძლოთ ფულის მიღება ომში ჩართვის სანაცვლოდ".

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ზოგიერთი რუსეთის წინააღმდეგ იმიტომ იბრძვის, რომ პოპულარობა მოიპოვოს და სოციალურ ქსელებში ფოტოები განათავსოს.

"ჩვენი მისიაა, დავუბრუნოთ ეს ადამიანები ოჯახებსა და ახლობლებს, ვიდრე ისინი გამოუსწორებლად დააზიანებენ თავიანთ სიცოცხლეს და შეწყვეტენ არსებობას ამ საშინელი კონფლიქტის დროს", - წერენ ოკუპანტები.

  • ცალკე თავი ეთმობა "ქართულ ლეგიონს", რომელშიც ვკითხულობთ, რომ "ქართული ნაციონალური ლეგიონი" ქართველთა დაქირავებული შენაერთია, რომელიც 2014 წელს მამუკა მამულაშვილის უშუალო მონაწილეობით არის შექმნილი.

"ეს უკრაინაში ყველაზე პოპულარული სამხედრო ფორმირებაა. მასში უშუალოდ ქართველების გარდა მსახურობენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და მრავალი სხვა ქვეყნის მოქალაქეები და რაოდენობა დაახლოებით 700-ს შეადგენს", - წერია რუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაციაა მოცემული ქართველ მებრძოლებზე, მათ შორის არიან, მამუკა მამულაშვილი, ქეთი ლეშკაშელი, თეიმურაზ ხიზანიშვილი, კუკური ბარამიძე (დომინიკ მანგო) და სხვები.

საიტზე ასევე გამოქვეყნებული მებრძოლთა როგორც საერთო ფოტო, ასევე კონკრეტული სამხედრო პირების სურათებიც.