მოძალადე "ტიკტოკერი" და "თვითგამოცხადებული გურუ" - ქალთმოძულე ტეიტის სოციალური ქსელით ნაშოვნი მილიონები და უკიდურესად მავნე გავლენა მამაკაცთა აუდიტორიაზე

მოძალადე "ტიკტოკერი" და "თვითგამოცხადებული გურუ" - ქალთმოძულე ტეიტის სოციალური ქსელით ნაშოვნი მილიონები და უკიდურესად მავნე გავლენა მამაკაცთა აუდიტორიაზე

ენდრიუ ტეიტი 35 წლის "თვითგამოცხადებული გურუა." ბოლო დროს მასზე სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტს ლაპარაკობენ. ტეიტის პოპულარობის მიზეზი მისი ვიდეოები და სხვადასხვა საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულებაა.

ენდრიუ ტეიტის აზრით, ქალები მამაკაცების საკუთრებას წარმოადგენენ, მათ არ შეუძლიათ ავტომობილის მართვა და სახლში უნდა ისხდნენ. მას ასევე მიაჩნია, რომ გაუპატიურების მსხვერპლებმა თავად უნდა აიღონ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, რადგან, გარკვეულწილად, მათი ბრალია, რომ გააუპატიურეს. ის დასცინის მამაკაცებს, რომლებიც მინერალიზებული წყლის ნაცვლად, ონკანის წყალს სვამენ და ჰყავთ კატები, რადგან ტეიტის აზრით, “ნამდვილ მამაკაცებს ძაღლები უნდა ჰყავდეთ“.

ენდრიუ ტეიტის აბსურდული იდეები უამრავმა არასრულწლოვანმა და ზრდასრულმა მამაკაცმა აიტაცა და დღეს ქალთმოძულე ტეიტი "ტიკტოკის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა და მის ვიდეოებს საერთო ჯამში, 11.6 მილიარდი ნახვა აქვს.

ბრიტანელ-ამერიკელი კიკბოქსერი, რომელიც კამერების წინ თავს სიგარის მწეველ ფლეიბოიდ წარმოაჩენს, ასევე საუბრობს ქალების ცემაზე, მათი ნივთების ნაგავში გადაყრაზე და მათთვის სახლის დატოვების აკრძალვაზე. ტეიტის შეხედულებები ოჯახური ძალადობის საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ აღწერლია, როგორც უკიდურესი მიზოგინია (ქალების სიძულვილი), რომელსაც შეუძლია მამაკაცებზე, განსაკუთრებით მოზარდებზე მავნე ზეგავლენის მოხდენა, მათი რადიკალიზაცია და ქალების მიმართ აგრესიისთვის ბიძგის მიცემა.

  • სოციალური ქსელების ალგორითმით მანიპულირება

ტეიტი თავის მამრობითი სქესის თაყვანისმცემლებს ასწავლის, თუ როგორ იშოვონ ფული, მოიზიდონ გოგონები და "თავი დააღწიონ მატრიცას“. ის ამვარი ვიდეოებით, რამდენიმე თვეში, ყველაზე სალაპარაკო ადამიანი გახდა მსოფლიოში. ენდრიუს პოპუალრობის სწრაფი ზრდა შემთხვევითობა არ ყოფილა: ტეიტი და მისი თანამოაზრეები ფანებს მოუწოდებენ, რომ მაქსიმალური ნახვების და ჩართულობის მისაღწევად, სოციალურ ქსელებში მისი ყველაზე საკამათო კლიპები ატვირთონ. ექსპერტები მისი გუნდის სტრატეგიას "ალგორითმით მანიპულირების უხეშ მცდელობას“ უწოებენ. 3 თვეში ამ სტრატეგიამ მას უამრავი მიმდევარი და მილიონობით ფუნტი შესძინა. ტეიტს Hustlers University+ის საზოგადოებაც აქვს დაფუძნებული, რომლის წევრობის ყოველთვიური გადასახადი 39 ფუნტია. ამ საზოგადოების წევრების უმეტესობა აშშ-სა და ბრიტანეთში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცები არიან.

  • ენდრიუ ტეიტის ძალადობრივი წარსული

ტეიტი 30 წლამდე ტელეპროდიუსერად მუშაობდა და პროფესიონალურ კიკბოქსინგს მისდევდა. მისი წარმატებული კარიერა 2016 წელს დასრულდა, როცა ის ერთ-ერთი სატელევიზიო შოუდან გააძევეს იმის გამო, რომ საერთო საცხოვრებელში გადაღებულ ვიდეოში ქალს ქამრით სცემდა.

ამ ამბავს კიდევ უფრო მეტი სკანდალი მოჰყვა. ტეიტის "ტვიტერზე" ჰომოფობიური და რასისტული ფრაზების შემცველი პოსტები აღმოაჩინეს. მას 20017 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაციებიც აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან დეპრესიას "გამოგონილი“ უწოდა. ის ამავე წლის მომდევნო თვეში #MeToo კამპანიის დროსაც გამოჩნდა და ქალებს გაუპატიურების გამო გარკვეული პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

ამავე პერიოდში ტეიტს ქალზე ძალადობის ბრალდების გამო დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეძებდა, რის გამოც ის რუმინეთში გადავიდა საცხოვრელად. მისივე თქმით, რადგან "მათ ნაკლებად მკაცრი კანონმდებლობა აქვთ და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებებს უფრო ადვილად დააღწევდა თავს". მისი აზრით, დასავლეთი გახრწნილია და ეს მაგალითი მოჰყავს ამ აზრის დასადასტურებლად: "მე შეურაცხყოფილად მაგრძნობინებს თავს ის, რომ როცა ინგლისში პოლიცია მაჩერებს და მე ქრთამს ვთავაზობ, ის უარს მეუბნება. თავს მაჩვენებს, რომ კანონი რაიმეს ნიშნავს, ესეც იმიტომ, რომ მე გადამიაროს თავზე".

აპრილში პოლიციამ ტეიტისა და მისი ძმის სახლი დაარბია, რადგან აშშ-ს საელჩოდან მივიდა ცნობა, რომ 21 წლის ამერიკელი ქალი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰყავდათ დაკავებული. რუმინეთის ხელისუფლებამ ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ გამოძიება მოგვიანებით გაფართოვდა და ახლა ადამიანებით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებების გამო ეძებენ ტეიტს.

  • ტეიტის გავლენა თინეიჯერებსა და ზრდასრულ მამაკაცებზე

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ტეიტის პოპულარობის ზრდა საშიშს ხდის ონლაინ მიზოგინიისა და პოტენციური რადიკალიზაციის გავრცელებას. სოციალური ქსელის მომხმარებელმა ქალმა მას უწოდა: "ყველაზე საშინელი მამაკაცი ინტერნეტში". მეორემ, რომელიც რჩევას ეძებდა ფორუმზე, აღწერა, თუ როგორ "დრამატულად“ შეიცვალა მისი შეყვარებული მამაკაცის "დამოკიდებულება და მოსაზრებები“ ტეიტის ვიდეოების ყურების შემდეგ.

NSPCC-ის პოლიტიკის ოფიცერმა ჰანა რუშენმა დასძინა: "ასეთი მასალის ნახვამ მცირე ასაკში შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის აზროვნებასა და დამოკიდებულებაზე, რამაც მომავალში შესაძლოა თავი იჩინოს გოგონებსა და ქალებზე ონლაინ და ოფლაინ ძალადობის მცდელობაში".

  • ტეიტის სოციალური ქსელების პლატფორმიდან მოხსნა

ენდრიუ ტეიტი ახლა უკვე დაბლოკილია Meta-ს სოციალურ ქსელებზე (Facebook და Instagram), "ტიკტოკსა და "იუთუბზე". თითოეულმა პლატფორმამ ტეიტის კონტენტის დაბლოკვის მიზეზად საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება, შინაარსის პოლიტიკის დარღვევა, მათ შორის სიძულვილის ენა და მიზოგინიის შემცველი კომენტარები დაასახელა.

ამის საპასუხოდ, რამდენიმე დღის წინ, ენდრიუ ტეიტმა პირადი ვერტმფრენიდან გამოაქვეყნა ლაივ ტურის ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ "თავს ძალიან დაბლოკილად არ გრძნობს“. ტეიტმა ვიდეო ალტერნატიულ სოცმედიის პლატფორმაზე გამოაქვეყნა, რომელიც დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა ყოფილმა თანაშემწემ, ჯეისონ მილერმა დააარსა.

"ძალიან დაბლოკილად არ ვგრძნობ თავს. ფაქტობრივად, ყველაფერი იმაზე უკეთესადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - თქვა მან სამწუთიანი ვიდეოს ბოლოს.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა