ავტორი:

"დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილს მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილს მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, თუმცა აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა აცხადებს, პრეზიდენტს გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. აქედან გამომდინარე, მისი დანიშვნა გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს. რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნულ იქნა პრეზიდენტის 30 აგვისტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი იყო მისი ინაუგურაციის შემდეგ - 39, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე“, - აცხადებს სულავა.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე, რომელიც აქამდე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.

საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო, თუმცა, ზურაბიშვილი მას ხელს არ აწერდა. როგორც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბაქრაძე "5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია“.

"არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ - წავიდეს სხვაგან“, - აღნიშნავდა პრეზიდენტი ინტერვიუში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.