ავტორი:

ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას სრულად აჩერებს

ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას სრულად აჩერებს

პრაღაში ორდღიანი არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროგაერთიანებასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიეს. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გაცემულ ახალი ვიზების რაოდენობას, რადგან პროცესი გართულდება და გახანგრძლივდება.

ამასთან, ბორელმა დასძინა, რომ ეს ამ ეტაპზე არ არის სამართლებრივი ტექსტი, არამედ მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ევროპული საბჭოს დონეზე ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.

გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აღნიშნა, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან "მეზობელ ქვეყნებში რუსეთიდან სასაზღვრო კვეთებზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა", რაც "ამ ქვეყნებისთვის უსაფრთხოების რისკად იქცა".

”ჩვენ ვნახეთ ბევრი რუსი, რომლებიც დასასვენებლად და საშოპინგოდ მოგზაურობდნენ [ევროკავშირის ქვეყნებში] თითქოს უკრაინაში ომი არ მძვინვარებდა”, - დასძინა ბორელმა.