ავტორი:

"ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ" - პრეზიდენტი

"ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, თუ რატომ დაადო ვეტო მოსმენების შესახებ კანონს.

ზურაბიშვილის თქმით, იმ ფორმით, რა ფორმითაც ცვლილებები იყო მიღებული - დაუსაბუთებელი, აჩქარებული წესით, ეჭვს აჩენდა, რომ ეს მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები იყო.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის ვეტო, რომელიც დავადე მოსმენების კანონის ცვლილებას. რატომ - მე აქამდე ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდი ვეტოს საკითხს. ფრთხილად, რადგან არ შეიძლება პრეზიდენტი ვეტოს იყენებდეს მარტივი ფორმით და კანონებს ადებდეს ვეტოს, რაც გააუფასურებს ამ ბერკეტს, თუ ამას ბერკეტს დავარქმევთ, რადგან ისიც ვიცი, რომ ვეტოს დაძლევა დღევანდელ პირობებში და ასე იყო მთელი ჩემი მანდატის პირველის 3 წლის მანძილზე, გარანტირებულია, რადგან ვეტოს დაძლევის ბერკეტი უმრავლესობის ხელშია. თუმცა, არის საკითხები, როცა ვეტო ატარებს ძალიან მაღალ პოლიტიკურ ნიშანს, პოლიტიკურს არა როგორც, აქ ხშირად ესმით - პოლიტიზირებულს, არამედ პოლიტიკურს, რადგან ეს ეხება სისტემას. რა თუ არა მოსმენები, ეხება ჩვენ დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას, აქ გადის გამყოფი ხაზი - ჩვენ ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში კიდევ, თუ მართლაც ევროპულ სისტემაში გადავდივართ, არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან, თუ არ არის დაცული?

ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და რამეს საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ, მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ - ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ. ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ. სწორედ, ამის თქმა მინდოდა ამ ვეტოთი, რომ მოსმენების ამ ფორმით გაფართოება - შეიძლება იყოს, რაღაც მოცემულობა, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ფორმით რომელიმე უფლების გაფართოებას, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო მიღებული ეს ცვლილებები, არა დასაბუთებული, აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით, არავინ არ იქნა ჩართული ამ კონსულტაციებში, ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს, რომ ეს არის კიდევ და მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები, რომ მოსმენები გახდეს კიდევ ერთხელ, როგორც ამ ქვეყანაში ვართ მიჩვეული, ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი.

ეს არ შეიძლება, არ შეიძლება იმ მომენტში, როცა ვაცხადებთ, რომ მივდივართ ამ რამდენიმე თვეში იმისათვის და იმისკენ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, კანდიდატის სტატუსი კიდევ ცოტა აბსტრაქტული ჩანს, მივდივართ ევროპისკენ, თუ მივდივართ, უნდა წავიდეთ, თუ არ მივდივართ, მაშინ უნდა ითქვას ეს და ვეტო ამის მთქმელი იყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, საითკენ ვართ.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ვენეციის კომისიამ ამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა და თუ ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ არაკომპეტენტური ვარ, მე მგონი, ცოტა არ იყოს, უხერხულია ზოგ-ზოგიერთებისთვის, როცა ვენეციის კომისიას აბრალებენ არაკომპეტენტურობას, მითუმეტეს, ისინი, რომლებიც სხვა დროს და სხვა სიტუაციებში სწორედ ვენეციის კომისიების დასკვნებს იშველიებდნენ. ასე რომ, ცოტა სერიოზულობაც გვევალება ჩვენ, მითუმეტეს, ამ ურთიერთობებში, როცა მივიღწვით, ყოველ შემთხვევაში, ასეა ჩვენი დეკლარირებული მიზანი ევროპისკენ და კანდიდატის სტატუსისკენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.