ავტორი:

"ლიკამ გაბედა და წნეხის მიუხედავად, ქმრისგან წამოვიდა, მაგრამ ამის მერეც უკვე ყოფილი მეუღლე მუდმივ ტერორში ამყოფებდა" - რას წერს მაკა ჩიჩუა მოულოდნელად გარდაცვლილ ლიკა დილევსკაიაზე

"ლიკამ გაბედა და წნეხის მიუხედავად, ქმრისგან წამოვიდა, მაგრამ ამის მერეც უკვე ყოფილი მეუღლე მუდმივ ტერორში ამყოფებდა" - რას წერს მაკა ჩიჩუა მოულოდნელად გარდაცვლილ ლიკა დილევსკაიაზე

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელები ახალგაზრდა ქალის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავმა მოიცვა. ერთ-ერთი სამოგზაურო კომპანიის მფლობელი და მხატვარი, 31 წლის ლიკა დილევსკაია გარდაიცვალა. ლიკა "თბილისის მოდის კვირეულის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ორგანიზატორის სოფიო მამარდაშვილის ქალიშვილი გახლდათ.

თავდაპირველად, ახლობლები ამბობდნენ, რომ ქალის გარდაცვალება თრომბო ემბოლიამ გამოიწვია, თუმცა ახლა გარდაცვლილის მეგობრების თქმით, ლიკას ჯანმრთელობის გაუარესება ყოფილ ქმართან, გიორგი ახვლედიანთან ურთიერთობას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პიროვნების (გიორგი ახვლედიანის) შესახებ 18 აგვისტოს სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცის მხრიდან ახალგაზრდა ქალზე ძალადობის შესახებ წერდა:

  • რას წერდა მარიამ კუკუნაშვილი?

"ახალგაზრდა ქალი, ჩემი თანამშრომელი, საღამოს, სამუშაო საათების შემდეგ დასისხლიანებული და ნაცემი მოვიდა ოფისში და ეს ფაქტი ნახა კიდევ სამმა თანამშრომელმა. სცემა ე.წ. შეყვარებულმა, რომელიც გახლავთ 32 წლის გიორგი ახვლედიანი და რომელიც იმუქრება, რომ თუ ამ ფაქტს გავახმოვანებთ, დაგვხოცავს. გიორგი ახვლედიანი არის ძალადობაზე უკვე ნასამართლევი.

იგი საჯარო რეესტრში გაყვა ჩვენს თანამშრომელს, მაშინ როცა ის სამუშაო მოვალეობას ასრულებდა, შემდეგ კი ტყეში სასეირნოდ დაპატიჟა, სცემა და დაასისხლიანა და შვილის მოკვლით დაემუქრა.ამ ვიქენდზე ძალადობა გამოვლილი 7 ბავშვი მყავდა ახლობლების და მათზე ვზრუნავდი და ვართობდი. ვასწავლი მათ პერმანენტულ რეჟიმში თუ რა არის ბედნიერება და სიყვარული და რა არ არის. ასევე წინა კვირას, ძალადობას გადარჩენილი ის ქალი მყავდა სახლში, რომელსაც მე თავად მივწერე ქმარი უკვე ერთი წელია გღალატობს და გატყუებს მეთქი.

განა არ იცოდა ისედაც? იჯდა და ყვებოდა გაოგნებული, საშინლად მექცეოდა და ნეტავ ამას რატომ ან რისთვის ვუძლებდიო. უკომპრომისო ომი მოძალადეებს. დაიჭირეთ გიორგი ახვლედიანი ! არა ძალადობას ! არა ტყუილს და მანიპულაციებს. არანაირი დანდობა! ამხილეთ მოძალადე და ამით გადაარჩენთ თაობებს ბავშვებისას! წარსულს ჩაბარდა დაშინებული მსხვერპლის მენტალიტეტი. დაე ბნელ ხალხს აქეთ ეშინოდეს ჩვენი", - წერდა მარიამ კუკუნაშვილი.

კუკუნაშვილის პოსტს ახლახანს ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, რომელიც გარდაცვლილი ლიკა დილევსკაიას ახლობელია. როგორც ჩიჩუა წერს, გიორგი ახვლედიანი ლიკას ყოფილი ქმარია და ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სწორედ მას უკავშირდება.

მაკა ჩიჩუა:

გამარჯობა მარიამ, ეს მოძალადე (გიორგი ახვლედიანი ) რომელმაც ჩვენი ახლობელის, თავისი ყოფილი ცოლის ლიკა დილევსკაიას მიმართ არაერთხელ განახორციელა ფიზიკური, მორალური თუ ფსიქიკური ძალადობა ვადასტურებ, რომ მეტად საშიშია საზოგადოებისთვის.

ლიკა დილევსკაია - გიორგის ყოფილი მეუღლე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა… მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც ყოფილ ქმართან ურთიერთობისას ბევრად გაუუარესდა.

ლიკამ როგორც კი გაბედა და წნეხის მიუხედავად ქმრისგან წამოვიდა, მას მერეც მისი უკვე ყოფილი მეუღლე მუდმივ ტერორში ამყოფებდა ..ერთხელ, ღამის საათებში, როცა ყველას ეძინა, მალულად შეიჭრა ლიკას მშობლების სახლში და ლიკას უმცროსი დის სიცოცხლის მოსპობით აშანტაჟებდა თუ ის სახლში არ დაბრუნდებოდა მასთან ერთად.

ცივი იარაღის(დანის) საშუალებით მოახერხა და ყოფილი მეუღლე სახლიდან გაიტაცა. ის აუცილებლად გააგრძელებს და ვერაფერი შეაჩერებს თუ სამართალდამცავების მხრიდან არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება..ასეთი ადამიანების საზოგადოებისგან იზოლირება აუცილებელია", - წერს მაკა ჩიჩუა.

ყოველივეს მსახიობი მარიშკა ჯავახაძეც ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ ამ უზარმაზარი უსამართლობის მოწმეა - "ვადასტურებ! მოწმე ვარ ამ უზარმაზარი უსამართლობის და ბრაზი მახრჩობს. სადღაც თუ არსებობს სამართალი ეს ამდენი სიბოროტე არ შერჩება!" - წერს მარიშკა ჯავახაძე.

თემაზე კომენტარს აკეთებს მსახიობი ეკა ნიჟარაძეც:

"მარიამ ეს მოძალადე ჩემი მეგობრის შვილის, ჩვენი სამეგობროს პირველი ბავშვის ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი ლიკუნა დილევსკაიას ქმარი იყო. საშინელება გამოიარა ლიკუნდამ და ჩვენც მასთან მის ოჯახთან ერთად! სწორედ ლიკუნაზე ძალადობის გამო იჯდა ციხეში. ვერ წარმოიდგენ როგორ იქცეოდა მთელი ოჯახი სასამართლოში, რა ეპითეტებით გვამკობდნენ. თითქოს ჩვენ ვიყავით დამნაშავეები მათ წინაშე. ძალადობა შენ თანამშრომელზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი ადგილი ციხეშია", - წერს ნიჟარაძე.

ლიკა დილევსკაიას ახლობლის თქმით, მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ახვლედიანი 126-ე მუხლით გაასამართლეს და 3 -წლიანი პატიმრობა მოიხადა. ჩვენ ვცადეთ ინფორმაციის შსს-ში გადამოწმება, ასევე დავინტერესდით, თუ აღიძრა საქმე მარიამ კუკუნაშვილის მიერ გასაჯაროებულ ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით. პასუხის მიღებისთანავე ჩვენს მკითხველს ინფორმაციას მივაწვდით.