ავტორი:

"კვარა ნეაპოლს იპყრობს", "აქვს რაღაც, ჯადოსნურად მომნუსხველი" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებული გულშემატკივარი და მედია

"კვარა ნეაპოლს იპყრობს", "აქვს რაღაც, ჯადოსნურად მომნუსხველი" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებული გულშემატკივარი და მედია

კიდევ ერთი საფეხბურთო "უიქენდი" და კიდევ ერთხელ, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებული ევროპა - იტალიური სერია ა-ს მატჩის ლაციო-ნაპოლის მთავარი გმირი კვარაცხელია გახდა. ხვიჩას გუნდმა "ლაციო" 1-2 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კვარამ გაიტანა, თუმცა პირველ გოლშიც მისი უდიდესი წვლილი იყო.

მედიაში კი დღეს ქართველი ფეხბურთელი განხილვის მთავარი თემაა. სერია ა-ს ოთხი მატჩის შემდეგ იტალიელები ხვიჩა კვარაცხელიას აღმერთებენ და სოციალურ ქსელში მის შესახებ აღფრთოვანებულები წერენ.

თუ კომენტარებს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ კვარაცხელიამ იტალიელთა უდიდესი სიყვარული მოიპოვა და "ნაპოლის" ფებურთელებს შორის ფანებს ის განსაკუთრებით მოსწონთ.

  • გულშემატკივართა დიდი ნაწილი გაკვირვებულია, თუ როგორ მოახერხა ნეაპოლური გუნდის მენეჯმენტმა "ასეთი მაგარი ფეხბურთელის მხოლოდ 10 მილიონად“ ყიდვა.

გამოცემა Gazzetta dello Sport-ი გუშინდელი მატჩის შემდეგ, კვარაცხელიას შესახებ არაერთ პოსტს აქვეყნებს, მათ შორის აღსანიშნავია ფოტომონტაჟი, სადაც კიდევ ერთხელ ჩანს კვარაცხელიასა და ლეგენდარული მარადონას შედარება.

გამოცემა წერს, რომ ქართველმა კვლავ გადამწყვეტი როლი ითამაშა "ნაპოლის" წარმატებაში. რამდენიმე მცდელობის შემდეგ კვარამ მოწინააღმდეგის მიერ აღმართული კედლების გარღვევა მოახერხა.

"კვარა ნეაპოლს იპყრობს“ - წერს Gazzetta dello Sport-ი.

საინტერესოა გულშემატკივართა შეფასებები. იტალიელები წერენ, რომ "კვარაცხელიას აქვს რაღაც განსაკუთრებული, რითაც მათ ნუსხავს.“ როგორც ნეაპოლელთა კომენტარებიდან ირკვევა, კვარაცხელიასგან ისინი არ მოელოდნენ ასეთ თამაშს და სეზონის დაწყებამდე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი.

როდესაც ეს ბიჭი "ნაპოლიში" გადმოვიდა, ვთქვი, რომ კარგ შენაძენად მივიჩნევდი, თუკი სეზონში ოთხ გოლს გაიტანდა, მაგრამ მან 4 თამაშში გაიტანა ოთხი გოლი, ის წლის საუკეთესო ტრანსფერია.

შეიძლება მან ყველა თამაშში ასე ვერ ითამაშოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჯერ 21 წლისაც არ არის, ძალიან მომწონს, საოცარი ფეხბურთელია.

ვის აინტერესებს მერტენსი, ინსინიე და ფაბიო რუი, კვარაცხელიას ყველაფერი ერთად აქვს, რაც იმ სამ ფეხბურთელს მთლიანობაში.

ის ჩემს შაბათს-კვირას უკეთესს ხდის, მე მასზე შეყვარებული ვარ.

არ ვიცი რა აქვს ამ ბიჭს ასეთი, საოცრად მიზიდავს, გარდა იმისა, რომ საოცარი ფეხბურთელია, თავისი აურით გიპყრობს და თავს გაყვარებს, - წერენ იტალიელები.

  • მატჩის შემდეგ ხვიჩა კავარაცხელიას შესახებ ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც. სპალეტის თქმით, მოედნის მიღმა, კვარაცხელია ძალიან მოკრძალებულია, თუმცა მოედანზე შესვლისთანავე, სხვანაირი ხდება.

"ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, მეტოქის თამაში შევისწავლეთ და ბიჭებმა აჩვენეს, როგორ უნდა წარემართათ შეხვედრა. გარკვეული მომენტების გარდა ძალიან კარგები ვიყავით, როდესაც ბურთს ბანალურ სიტუაციაში ვკარგავდით.

კიმი და კვარა - ეს ორი გამორჩეული ბიჭია, რომელთაც ასევე ადვილი მემკვიდრეობა არ ერგოთ. სკაუტთა სამსახურს ასეთი ხარისხიანი ფეხბურთელების აღმოჩენისთვის მადლობას ვუხდი.

კვარა ცოტა მოკრძალებული ბიჭია, თავშეკავებულად მოჩანს, მაგრამ როდესაც მოედანზე გადის, ყველაფრის დემონსტრირებას ახდენს - მებრძოლ ხასიათს და პირველ რიგში ტალანტს", - თქვა მატჩის შემდეგ სპალეტიმ.

იხილეთ ასევე: