ავტორი:

"დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია?" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია?" - ვახტანგ მეგრელიშვილი

დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია? როგორ შეიძლება, ერთწლიანი პარლამენტისთვის ამხელა ენერგია დახარჯო, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც რიგგარეშე არჩევნებზე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ მოთხოვნას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ჯერ უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას აიძულებდნენ.

"ჩვენ, როცა ეს კრიზისი დაიწყო, ვამბობდით, რომ ოპოზიცია უნდა შეთანხმებულიყო ისეთ საკითხზე, რომელიც შემდგომში რიგგარეშე არჩევნების საჭიროება თუ დადგებოდა, ამ რიგგარეშე არჩევნებს მისცემდა შინაარსს. ასეთი გახლდათ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც გაითვალისწინებდა, რომ შემდგომი ნებისმიერი არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით. ამ შემთხვევაში შეიძლება აზრი ჰქონოდა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, მაგრამ დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია? როგორ შეიძლება, რომ ერთწლიანი პარლამენტისთვის ამხელა ენერგია დახარჯო, თან ისე, რომ გაუგებარი იყოს, ეს როგორ დაგვეხმარება მთავარი მიზნის მიღწევაში - 12 პუნქტიანი ვალდებულებების შესრულებაში. "ნაციონალურ მოძრაობას" ახლა ოპოზიციისთვის რომ ეთქვა, მოდი, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვაიძულოთ "ქართულ ოცნებას," რომ მერე ჩავატაროთ წესიერი, ვადამდელი არჩევნები, გავიგებდი, მაგრამ ვადამდელი ჩავატაროთ ისე, რომ უბრალოდ, ქუჩაში გამოვვარდეთ, არეულობა მოვაწყოთ ისე, რომ წინ არ გავიხედოთ, ამას რისთვის ვაკეთებთ და ვინ ვართ საერთოდ ისინი, ვინც ამ ყველაფერს ვაკეთებთ - ვინც ქუჩაში უნდა გამოვიდეს, ხელისუფლება უნდა შეცვალოს ... ვინ ჯანდაბაა ეს ხალხი, ჯერ ხომ ეს უნდა ვიცოდეთ ვინ არიან, რა უნდათ, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავს პოლიტიკური პარტნიორები და ჰყავს მონები.

"ჩემი აზრით, ამ ხალხს პარტნიორები არ ჰყავთ, მათ ჰყავთ მონები, ვინც დაემორჩილებიან. პარტნიორობა რას ნიშნავს პოლიტიკაში, ამაზე სამწუხაროდ, წარმოდგენაც კი არ აქვთ საქართველოში. მონები არიან ისინი, ვინც უსიტყვოდ, ნებისმიერ სულელურ გადაწყვეტილებას მსჯელობის გარეშე ეთანხმებიან და მიყვებიან,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.