ავტორი:

"მექსიკიდან გადმოდიან, თავს საფრთხეში იგდებენ. მოდიან დედაბუდიანად, ცოლშვილიანად, ჩვილი ბავშვებით, ფეხმძიმე ცოლებით" - რას ჰყვება აშშ-ში გადასახლებული მამუკა ლომაშვილი?

"მექსიკიდან გადმოდიან, თავს საფრთხეში იგდებენ. მოდიან დედაბუდიანად, ცოლშვილიანად, ჩვილი ბავშვებით, ფეხმძიმე ცოლებით" - რას ჰყვება აშშ-ში გადასახლებული მამუკა ლომაშვილი?

ცნობილი მსახიობი, შოუმენი, საბავშვო თეატრ "მაჩაბელას" ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკუთარ ქვეყანაში პერსპექტივა ვეღარ დაინახა და უკვე წელიწად-ნახევარია ამერიკაში ცხოვრობს. აპირებს თუ არა სამშობლოში დაბრუნებას, რას ფიქრობს საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე და როგორ ხედავს ემიგრაციაში მყოფი ქართველების ყოფას, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ხელოვანმა ხალხმა ძალიან რთულად გადავიტანეთ პანდემიის პერიოდი. დაწესებული შეზღუდვების გამო კონცერტები და სპექტაკლები აღარ იმართებოდა, ჩვენ კი ხელფასები არა გვაქვს, ჰონორარზე ვართ დამოკიდებული, და ძალიან გაგვიჭირდა. ვერც სხვა საქმეში დავინახე გამოსავალი და გადავწყვიტე, გამომეყენებინა ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა. არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა, მაგრამ გავრისკე. რეალისტი ვარ, ოცნებაში ოქროს კოშკების აგება არ მჩვევია. ასე ვფიქრობდი ამერიკაში წასვლაზეც, ვიცოდი, რომ ზარ-ზეიმით არავინ დამხვდებოდა.

- ახლა რას აკეთებთ ამერიკაში?

- ძალიან საინტერესო პროექტი მაქვს. მალე გავასაჯაროებ და პირველად თქვენ გეტყვით. ვფიქრობ, დიდ წარმატებას მომიტანს.

- ამერიკაში დროებით ხართ?

- ყველა ემიგრანტი ფიქრობს, რომ ოდესმე სამშობლოში დაბრუნდება. ემიგრაციაში ცხოვრება ძალიან რთულია, იმაზე ბევრად რთული, ვიდრე სამშობლოში მცხოვრებ ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს. ეს უნდა გამოცადო, რომ მიხვდე, რაც არის. მე მარტო იმას კი არ განვიცდი, რომ უცხო ქვეყანაში მიწევს ცხოვრება, იმასაც ვდარდობ, ამდენი ქართველი რომ გამორბის საქართველოდან. უკვე ქუჩაში მხვდებიან ნაცნობები. ჩემი სტუდენტებიც რომ შემხვდნენ, კინაღამ გავგიჟდი. 18-20 წლის ბავშვები მექსიკიდან და კოლუმბიიდან გადმოდიან, თავს საფრთხეში იგდებენ. მოდიან დედაბუდიანად, ცოლშვილიანად, ჩვილი ბავშვებით, ფეხმძიმე ცოლებით, 20 წლის ფეხმძიმე გოგო რომ ვნახე და მითხრა, მექსიკის გავლით ჩამოვედიო, კინაღამ გული გამიჩერდა. ხალხო, საქართველო იცლება ქართველებისგან, საკუთარ თავს გენოციდს ვუწყობთ. შეიძლება ვინმემ მითხრას, თუ ასე შეგტკივა გული, რატომ გაიქეცი ამერიკაში, დარჩენილიყავი სამშობლოშიო, მაგრამ მე ამერიკაში უკეთესი ცხოვრებისთვის კი არა, გადარჩენისთვის გამოვიქეცი. შვილი მყავს გასაზრდელი.

- რა კატეგორიის ხალხი მოდის?

- ყველა სფეროს წარმომადგენელი, მათ შორის მსახიობები და ჟურნალისტებიც. ბევრიც ფიქრობს წამოსვლაზე. ისეთი პროფესიის ხალხი მოდის, წესით, საკუთარ ქვეყანაში თავის გატანა არ უნდა უჭირდეს. პრემიერმა ღარიბაშვილმა რომ თქვა, 4%-ით შემცირდა უმუშევრობაო, რა იგულისხმა?! თუ ამერიკაში ჩამოსული ქართველების დასაქმება, მაშინ გასაგებია. კი, აქ დასაქმდნენ ისინი, ვინც გადმოაღწია მექსიკის საზღვრიდან. არ შეიძლება ერთმა და ორმა პარტიამ პირად ინტერესებს გადააყოლოს მთელი ქვეყანა. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ კონკრეტულ პოლიტიკოსში ან პოლიტიკურ ძალაში კი არა, თავად ერშია პრობლემა?! გააგრძელეთ კითხვა