ახლახან მიშა ცინცაძემ "მთავარი არხის" იუმორისტული ჯგუფი - "ახალი შოუ ფროდაქშენი" დატოვა. ამჟამად ის ბათუმში ოჯახთან ერთად იმყოფება, თუმცა პარალელურად, სოციალურ ქსელში, ჩვეულ ამპლუაში აქტიურობს. ტელევიზიის დატოვების მიზეზსა და სამომავლო გეგმებზე მიშა ცინცაძე გულახდილად გვესაუბრა.
- მიშა, როგორც ვიცი, “ახალი შოუ ფროდაქშენი” დატოვეთ. რატომ?
- ამ ჯგუფში 10 წელი ვიმუშავე. ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ. უბრალოდ, მივიჩნიე, რომ ახლა რაღაც ახალი უნდა დამეწყო, რაღაც შემეცვალა... ვიფიქრე, რომ ამისთვის ჯგუფიდან წამოსვლა საჭირო იყო.
- ჯგუფს, ცოტა არ იყოს, რთული პერიოდი უდგას. გადაცემების დახურვაზე იყო საუბარი... ასეთ დროს კოლეგებმა თქვენი გადაწყვეტილება როგორ მიიღეს?
- რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებას პატივისცემით შეხვდნენ. ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი ჩემთვისაც არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ, მოსასმენად ადვილი მათთვისაც არ იყო, მაგრამ ერთმანეთის აზრებს პატივს ვცემთ. 10 წელია, ერთად მოვდივართ და ყველაფერი ცივილიზებულად, ადამიანურად მიიღეს - ისე, როგორც საჭირო იყო.

- შენი გადაწყვეტილება ჯგუფისთვის რთულ პერიოდს უბრალოდ დაემთხვა თუ გარკვეულწილად, ტელევიზიის დატოვება ამ ფაქტმაც განაპირობა?
- არა. ტელევიზიის დატოვება სიახლისკენ ლტოლვის გამო გადავწყვიტე.
- ახლა რა გეგმები გაქვს? შენი შესაძლებლობების რეალიზებას სად აპირებ?
- “იუთუბ”-გადაცემის გაკეთება მინდა, რაზეც უკვე ვმუშაობ. მსურს, მუსიკალური “იუთუბ”-კონტენტი შევქმნა, რადგან ჯერჯერობით, ბაზარზე ამ ტიპის კონტენტი არაა. მექნება “ტუტორიალებიც” - გიტარის, ახალი ინსტრუმენტების შესასწავლი “იუთუბ”-გაკვეთილები... ჯერჯერობით, სპონსორების მოძიებით ვარ დაკავებული, რადგან მოგეხსენება, ყველაფერს ფული სჭირდება. ასევე, სიმღერებს ვწერ (დაკვეთით ვმუშაობ, როგორც სონგწრიტერ-ი). კიდევ, მე და თემუკა პატარიძემ დუეტი - Oვერლოვერ - გავაკეთეთ, 70-იანი წლების დისკო-ფანკის სტილის სიმღერებს ვწერთ... ჯერჯერობით, 1 კლიპი გვაქვს გადაღებული. 3 სიმღერა მზად გვაქვს. სპონსორებს ვეძებთ, რომ მეორე კლიპის გადაღება დავიწყოთ. დუეტი - “მაიკერუ” (ჩემს ძმასთან კოლაბორაცია) ჩემი ყველაზე საყვარელი და სერიოზული საქმეა, რადგან საინტერესო კონტენტს ვქმნით: რეტრო სიმღერებს თავად ვწერთ და ცოტათი თანამედროვე ჟანრში “ვაკეთებთ”. ძალიან საინტერესო მოსასმენი გამოდის. ცოტა ხანში, მსმენელებს ახალ სიმღერებსაც შევთავაზებთ.

- მიშა, პირველად როდის, რა მიზნით და რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი?
- მგონი, პირველად “ოდნოკლასნიკებზე” დავრეგისტრირდი, ახლობლების მოძიების, ურთიერთობების, მიწერ-მოწერის მიზნით. შემდეგ, 2009 წელს “ფეისბუკზე” გადავედი. “ფეისბუკის” პირადი გვერდი დღემდე მაქვს. მერე “ინსტაგრამზე” დავრეგისტრირდი. ახლახან “ტიკტოკის” გვერდი გავაკეთე, რომელზეც პატარა “ცინკვესებს” (ეს აბრევიატურაა და “მიშა ცინცაძის იუმორისტულ ნაკვესებს” ნიშნავს - მოკლე, სასაცილო, გადაკეთებული სიმღერებია) ვდებ. მოკლე ხანში უკვე ბლომად (20 ათასამდე) გამომწერი დამიგროვდა. ასევე შევქმენი არხი “იუთუბზე”, რომლის აქტიურად ამუშავებასაც სექტემბრიდან ვაპირებ.

- ადვილად აუღე ალღო, რომ სოციალური ქსელები შენთვის სასარგებლოდ გამოგეყენებინა?
- ამწამს სოციალური ქსელები უკვე ჩემი შემოქმედების გამომზეურების ერთ-ერთი პლატფორმაა, რადგან, რასაც ვაკეთებ, რისი პოტენციალიც მაქვს, “ტელეჩარჩოს” არ სჭირდება. მინდა, ეს პოტენციალი “იუთუბის” საშუალებით გამოვამზეურო და მსმენელს, მაყურებელს გავაცნო. წინათ, სოციალური ქსელები ჩემთვის მხოლოდ კონტაქტის საშუალება იყო, რადგან მოგეხსენება, ყველაფერს დრო სჭირდება - იმასაც, რა საქმესაც ვაკეთებდი და ასევე, რასაც ახლა ვაკეთებ. ამიტომ ორივეს ერთად ვეღარ შევერკინე და როცა არჩევანის საშუალება მომეცა, ჩემთვის შემოქმედებითად უფრო ფართო სპექტრი ავირჩიე.
- თავდაპირველად, “ტიკტოკს” ბევრი არასერიოზულად აღიქვამდა, მაგრამ ახლა “ფეისბუკი” და “ინსტაგრამიც” ამ ფორმატის მორგებას აპირებს. “ტიკტოკის” პლატფორმა შენთვის თავიდანვე საინტერესო იყო და უბრალოდ, მოუცლელობის გამო არ აქტიურობდი თუ ახლა ჩასწვდი, რა ძალა აქვს ამ ქსელს?
- თავდაპირველად, ლოკდაუნის პერიოდში, როცა “ტიკტოკი” უკვე საქართველოშიც გააქტიურდა, ჩემი კონტენტის წარმოება მაშინვე დავიწყე. დაახლოებით 20 ათასამდე “ფოლოვერი” მყავდა. უბრალოდ, შემდეგ გვერდი “დამებლოკა” და წამეშალა. ხელახლა დავრეგისტრირდი, თორემ ამ პლატფორმაზე მაშინაც კარგად ვიყავი....წაიკითხეთ სრულად