ავტორი:

"ჩუმად მითხრა, - ციცო დეიდა, მე თქვენი გაზრდილი ქუჩის ბიჭი ვარო..." - პოლკოვნიკი ქალის ისტორია, რომელიც მამაკაცებს არ უდებდა ტოლს და ვინც არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

"ჩუმად მითხრა, - ციცო დეიდა, მე თქვენი გაზრდილი ქუჩის ბიჭი ვარო..." - პოლკოვნიკი ქალის ისტორია, რომელიც მამაკაცებს არ უდებდა ტოლს და ვინც არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

არის თანამდებობები, სადაც, მამაკაცების აზრით, ქალისთვის გზა ჩაკეტილია, ამ ქალბატონმა კი გაარღვია ეს სტერეოტიპი. ის წლების განმავლობაში კრიმინალური მიმართულებით მუშაობდა და პოლიციის სამმართველოს შტაბის უფროსი იყო.

არადა, ამბობს, რომ მსახიობობა უნდოდა, თეატრი და კინო საკუთარ მოწოდებად მიაჩნდა, მაგრამ ოჯახი ამის წინააღმდეგი წავიდა.

დაიბადა და გაიზარდა პოლიციელის ოჯახში. მამამ დავით კიკალიშვილმა, 40 წელზე მეტი იმსახურა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მამის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ქალბატონმა ციცო კიკალიშვილმა გადაწყვიტა, ოჯახური ტრადიციები გაეგრძელებინა.

"თუ სწორად იცხოვრებ, შემდეგ მოგონებები არაჩვეულებრივი გექნება... ადამიანი ვარ და შეცდომები, რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ ჩემი შეცდომით ზიანი არავისთვის მიმიყენებია", - ამბობს ქალბატონი ციცო, რომელიც თავისი ცხოვრების ისტორიას გვიყვება:

- მამა პოლიციელი მყავდა, ბაბუა უშიშროების გენერალი. მე მაინც ვფიქრობ, რომ გენეტიკური კოდი ამუშავდა და როგორც კი ამის საშუალება მომეცა, მიუხედავად მამის სასტიკი წინააღმდეგობისა, მაინც ჩუმად გავიპარე და რიგითად დავიწყე მუშაობა. პირველი ჩემი მინისტრი იყო, ბატონი გურამ გვეტაძე, მთავარი სამმართველოს უფროსი იყო ჯემალ მიქელაძე, უშუალოდ ჩემი სამსახურის უფროსი კი ჯიმი სხირტლაძე გახლდათ. ეს ის ხალხია, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს პროფესიულ წარმატებაში.

ჩემი გზა ამ პროფესიაში რთული იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო. წარმატების მიღწევაში ჩემი ხასიათი დამეხმარა. როგორი ახლო ურთიერთობაც არ უნდა მქონოდა ადამიანებთან, სუბორდინაციას არასოდეს ვარღვევდი. ამ წლების განმავლობაში 14 მინისტრი გამოვიცვალე. 28 წლის განმავლობაში რიგითიდან პოლკოვნიკობამდე ვიმუშავე. ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ისეთი თანამდებობა იყო, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული და რომელიც ცხოვრებას უკეთესობისკენ უცვლიდა ადამიანებს. ეს იყო ქალთა სპეცკომენდატურა, სადაც მე 5 წელი ვიყავი უფროსი. 34 წლის ქალისათვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო სამსახური იყო, მაგრამ დამეხმარა ის, რომ ძალიან კარგად ვიცნობდი თბილისის ქუჩურ წესებს.

- საიდან იცოდით?

- გავიზარდე ალექსანდროვის ბაღის წინ, სადაც ახლაც ვცხოვრობ. ქუჩას ჰქონდა თავისი დაუწერელი კანონები ქალთან დამოკიდებულებაში. იყვნენ ადამიანები, ვინც ძალიან უფრთხილდებოდა ჩემს ავტორიტეტს უბანში და თუ რაიმე ისეთი, ახალგაზრდული სისულელე იყო, მხოლოდ შენიშვნით შემოვიფარგლებოდი...

მეორე ეტაპი, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემს ცხოვრებაში, იყო პერიოდი, როდესაც უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაკის პოლიციაში შტაბის უფროსი ვიყავი და იქიდან გამიშვეს გლდანის ბავშვთა მიმღებ-გამანაწილებლის უფროსად. მახსოვს, ძალიან ვინერვიულე. წასვლა მინდოდა საერთოდ ორგანოდან, მაგრამ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, საკმაოდ დიდი თანამდებობის კაცმა, (სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) დამირეკა და მითხრა: "ციცო, შენ ქალაქს სჭირდები! იმ სამსახურს ისე გაამშვენიერებ და მოაწესრიგებ, შენი თანამდებობა სანატრელი იქნება ყველასთვისო..

თქვენ წარმოიდგინეთ ამ კაცის სიტყვები ახდა და ზუსტად იქ მიღწეულმა წარმატებამ, ბავშვებზე ჩემმა განსაკუთრებულმა ზრუნვამ, მოიტანა ის, რომ ეს თანამდებობა ბევრისთვის გახდა სასურველი და... მე სამსახურიდან მომხსნეს. თუმცა რაც იქ მოვასწარი, იმისთვისაც საოცრად მადლობელი ვარ უფლის. ქუჩის ბევრი ბავშვის ცხოვრება გადავარჩინე...

მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე ყველა სახის დამნაშავესთან მიწევდა ურთიერთობა: ქურდები, მკვლელები, ყაჩაღები, თაღლითები...

ქალთა სპეცკომენდატურაში მუშაობა - ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი. აქ იყვნენ მსუბუქი და ნახევრად მსუბუქი ჩანაშაულის ჩამდენი ქალები. შინ თითქმის არ მივდიოდი. კომენდატურა არის ნახევრად თავისუფალი ზონა, ანუ მათ ჰქონდათ უფლება 5 საათი გასულიყვნენ ქალაქში. ვიდრე ისინი არ მობრუნდებოდნენ, ვიდრე ყველა 11 საათზე ადგილზე არ იქნებოდა, ვერ ვიძინებდი. ისე მოვუწყვე ყველაფერი, რომ დიდხანს არ ნდომებოდათ გასვლა გარეთ. ჰქონდათ თავიანთი "საპარიკმახერო", სასადილო, მედპუნქტი და ა.შ. ფორმას არ ვიცვამდი, რადგან ფორმა მათში უარყოფით ემოციებს იწვევდა. მათთან წმინდად ადამიანური ურთიერთობა მქონდა.

ეს კომენდატურა ლილოს ბაზრის ტერიტორიაზე იყო, ჰოდა, ლილოს ბაზრის დირექტორთან გვქონდა ხელშეკრულება და ის ამუშავებდა ამ ქალებს, ხელფასს უხდიდა და მე ამ ყველაფერს ვაკონტროლებდი. შემდეგ მოვიფიქრე ასეთი რამ - შევქმენი ცეკვის ანსამბლი. მოვიყვანე მედოლე და აკარდიონისტი და ყველა საღამოს ამ ახალგაზრდა დამნაშავეებს ვაცეკვებდი. თვითონ მე ბავშვობაში 10 წელიწადი ვცეკვავდი... ნაწილს მოვუყვანე ლოტბარი და შევქმენი სიმღერის ანსამბლი მათთვის ცალკე. ამ ყველაფერმა კარგი შედეგი გამოიღო და გავაკეთე უზარმაზარი კონცერტი. ეს ხდებოდა 80-იან წლებში. მსგავსი რამ ახლა შემოვიდა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მე კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში გავაკეთე. და ასე ცეკვა-თამაშით იმდენი რაღაც მოვაგვარე, ახლაც კი მიკვირს (იცინის).

- ბავშვთა კოლონიაში, იყო ეპიზოდი, როგორც ვიცი, რომელიც ნამდვილ ზღაპარს ჰგავს...

- იყო ერთი გოგონა, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა გავლილი. მას 3 წლის ასაკში, დედა ჭლექით გარდაეცვალა. მაშინ მთაში, ეს საგანგაშო სიტუაცია იყო და ადამიანებმა ამ ბავშვს ხელი ჰკრეს და ის, დიდწილად, ძაღლმა - კავკასიურმა ნაგაზმა გაზარდა. ერთ დღესაც ისევ ადამიანებმა უბიძგეს ამ გოგოს დანაშაულისაკენ. 14 წლისამ უკვე, როსტოვის ბავშვთა კოლონიაში მოიხადა პირველი სასჯელი. შემდეგ მოხვდა ჩემთან და როდესაც შევხვდი, ის იყო ძალიან რთული შეხვედრა, რადგან მას ადამიანების არ სჯეროდა. აგრესიულად იყო ყველას მიმართ განწყობილი, ძალიან ვზრუნავდი მასზე და საბოლოოდ, როცა სასჯელის ვადა ამოეწურა, ავდექი და ჩემი ახლობლების ოჯახში მოვუძებნე სამუშაო. ეს გოგო საოცრად ხატავდა და ასევე წერდა საოცარ ლექსებს, მიუხედავად მისი მძიმე ცხოვრებისა, არც მეძავი გახდა და არც გალოთდა. ამ ჩემი მეგობრის ოჯახში, ფაქტობრივად, ბავშვების ძიძა იყო, საოცრად ზრუნავდა მათზე... იმ ბიჭების გზაზე დაყენებაში დიდი წვლილი შეიტანა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს ქალბატონი დღეს თუშეთშია...

შარშან მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვდივარ, უცებ მომიახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი ორსულ ცოლთან ერთად და გადამკოცნა. ცოლს უთხრა: აკოცე ციცო დეიდასო და მეც ვიფიქრე, რომ ჩემი ერთ-ერთი მეგობრის შვილიშვილი იყო. მერე ხელკავი გამომდო და ჩამჩურჩულა, - ციცო დეიდა, მე თქვენი გაზრდილი ქუჩის ბიჭი ვარო...

მსგავსი სხვა შემთხვევაც ბევრი ყოფილა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სწორად ვიცხოვრე.

  • ქალბატონი ციცო არ გათხოვილა, ცხოვრება საყვარელ საქმეს მიუძღვნა. პირად ცხოვრებაზე კი ამბობს:

"ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიყვარდა, მაგრამ მაშინ ჩემმა მეგობრებმა არ მირჩიეს, - პროვინციელია ეს ბიჭი და არ გაჰყვეო. მერე ის საკმაოდ ცნობილი, წარმატებული ადამიანი გახდა. 60 წლის ასაკში ჩემი ახალგაზრდობის სიყვარული მოვიდა ჩემს სახლში და მითხრა, - დიდხანს ვფიქრობდი, შენთვის ხელი მეთხოვა, მაგრამ ვერ გავბედე აქამდე; მეგონა, ძალიან ნებიერა და თავნება იყავი, ახლა დავქვრივდი და მოვედი, რომ ცოლობა გთხოვო; სულ მიყვარდი და მეყვარებიო. გამეღიმა, უარით გავისტუმრე. ხომ კურიოზულია ადამიანის ცხოვრება!.. არ ვნანობ. 60 წლის ვიყავი, რა დროს ჩემი გათხოვება იყო?!. 35 წლის ვიყავი, ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა. მისი ორი შვილი დარჩა უმამოდ და ჩემს რძალთან ერთად, ისინი გავზარდე. მერე გათხოვებაზე არც მიფიქრია. არაჩვეულებრივი რძალი, ძმისშვილები და მათი შვილები მყავს. არაფერს ვნანობ..."

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი