ავტორი:

"მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზის გამო" - ნიკა მელია

"მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზის გამო" - ნიკა მელია

გუშინ, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის შესახებ განაცხადა, ირაკლი კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული კრიზისის შესახებ ისაუბრა. კობახიძის თქმით, სააკაშვილი და მელია ერთმანეთს ვერ იტანენ.

ირაკლი კობახიძე:

"უმძიმესი კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი არ არის. ამას საზოგადოება ხედავს (ერთმანეთთან დაპირისპირებას), ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები - სააკაშვილი და მელია ერთმანეთს ვერ იტანენ".

საღამოს, კობახიძეს ნიკა მელიამ "ტვ პირველზე" ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში უპასუხა. პოლიტიკოსის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მისი მეგობარი არ არის, მაგრამ თანამებრძოლია.

ნიკა მელია:

"მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები. მე ვარ იმ პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა. მიხეილ სააკაშვილი არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე. ამას ისტორია შეაფასებს, მაგრამ მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზის გამო.

ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიარო. რასაც მეგობარი ჰქვია... ბევრი ძალიან კარგი ადამიანია, ახლობელი, თანამებრძოლი... მაგრამ მეგობარი არ შეიძლება ბევრი გყავდეს. არც მას ჰყავს, დარწმუნებული ვარ, ბევრი მეგობარი და არც მე შეიძლება მყავდეს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ... კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, ბევრს ვიკამათებთ ცხარედ, იმაზე ცხარედ, ვიდრე ბევრს ჰგონია, მაგრამ იმაზე დიდი შეურაცხყოფა არ შეიძლება იყოს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, როდესაც ასეთი კითხვა ისმის ხელოვნურად ადამიანზე, რომელიც დღეს ტყვეობაშია. ბევრად ახლოს ვარ ნიკა გვარამიასთან, მიმაჩნია, რომ ის არის ჩემი მეგობარი, მე ვარ მისი მეგობარი. მიხეილ სააკაშვილი სხვა მასშტაბია, ეს ერთი, მაგრამ "ვერ ვიტანთ ერთმანეთს“, ეს ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის სურვილია.

... მიხარია, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა, ყოველდღიურად შედიან: დედაც და სხვებიც. მასთან სხვადასხვა ადამიანების მეშვეობით მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ არც თუ ისე ხშირი... ძალიან მძიმე მდგომარეობაშია", - განაცხადა ნიკა მელიამ.