ავტორი:

ტრადიციული ქართული ტკბილეული ფრანგული ბაზრისთვის - მორაგბე შალვა სუთიაშვილისა და მისი მეუღლის ბიზნესი

ტრადიციული ქართული ტკბილეული ფრანგული ბაზრისთვის - მორაგბე შალვა სუთიაშვილისა და მისი მეუღლის ბიზნესი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბემ, რომელიც ამჟამად ფრანგულ კლუბ „ანგულემში“ თამაშობს, მეუღლე ნინო ბარაბაძესთან ერთად ჩურჩხელას ტკბილეულის ბიზნესი დაიწყო. SUTI POWER - ასე ეწოდება ბრენდს, რომელიც ჩურჩხელას ინსპირაციით სხვადასხვა გემოს მქონე ჯანსაღ კანფეტებს აწარმოებს.

პროდუქცია ექსპორტზე საფრანგეთში გადის. როგორც შალვა სუთიაშვილი განმარტავს, SUTI POWER არის ძველი ტრადიციული რეცეპტის ჩურჩხელა, რომელიც დამზადებულია შეცვლილი ფორმითა და ნუტრიციულად გამდიდრებული ფორმულით. მისი შემცველობა ბაზარზე არსებული ტკბილეულის უმეტესობისგან განსხვავებით ჯანსაღი და სასარგებლოა.

„იდეა ქართული ტრადიციული ჩურჩხელიდან მოდის. გვინდოდა, გვენახებინა, რომ არსებობს ტრადიციული სპორტული ტკბილეული, თუმცა მისი ფორმა შევცვალეთ, რათა დასაგემოვნებლად ყველგან მოსახერხებელი ყოფილიყო. SUTI POWER იწარმოება სხვადასხვა ფორმულით, რომელიც ეფუძნება შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებსა და ანალიზებს. ინგრედიენტებად გამოყენებულია ყურძნის წვენის ნახარში (ფელამუში) და ნიგოზი, თხილი ან ნუში,“ - განმარტა შალვა სუთიაშვილმა.

პროდუქტი საფრანგეთის ბაზარზე ნელ-ნელა პოპულარული ხდება, რისი მიზეზიც გემოვნურ თვისებებთან ერთად არის სარგებელი, რომელსაც მომხმარებელი იღებს: ენერგია, ანტიოქსიდანტები, ორგანული მჟავები - ფოსფორი, ფერუმი და მაგნეზიუმი, სისხლის მიმოქცევისა და გულის კუნთების მუშაობის გაუმჯობესება და ასევე, ალკალინის მჟავების რეგულირება და გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება.

კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო ბარაბაძე განმარტავს, რომ ერთადერთი გამოწვევა შეფუთვა იყო და ჩინურ მწარმოებლებთან ჰქონდათ მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ აღმოაჩინეს კომპანია საქართელოში, რომელსაც ევროპული ხარისხის შეფუთვების დამზადება შეეძლო:

„თავდაპირველად, პროდუქტის შეფუთვის დამზადებას ჩინეთში ვგეგმავდით და შემდეგ საქართველოში აღმოვაჩინეთ „კოლორ ჯგუფი“, რომელმაც მაღალი ხარისხის Stand up Pouch-ები (პროდუქტის ზიპიანი შეფუთვა) დაამზადა. აღნიშნული შეფუთვები მოსახერხებელია ნებისმიერ საველე პირობებში და კარგად ინახავს პროდუქტს.

გვიხარია, რომ ქართული პროდუქტი საქართველოში იფუთება. კმაყოფილები ვართ როგორც ხარისხით, ისე თანამშრომლობით. ვიზუალშიც ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, რომ მიმზიდველი ყოფილიყო და დარწმუნებული ვართ, რომ საფრანგეთში მომხმარებელსაც მოეწონება,“- განმარტავს ნინო ბარაბაძე.

„კოლორ ჯგუფის“ გაყიდვების აღმასრულებელი მარიამ მუხიგული აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივ წარმოებას და მის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას:

„კოლორ ჯგუფის გუნდის მიზანია, ჩავანაცვლოთ იმპორტი და ქართველ მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველა სტანდარტის დაცვით წარმოებული შეფუთვა, ეტიკეტი და სარეკლამო პროდუქტები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „კოლორ ჯგუფის“ მრავალპროფილური წარმოება ამის საშუალებას უდავოდ იძლევა. კომპანიებს უცხოეთში შეკვეთილი შეფუთვების ტრანსპორტირების ლოდინი აღარ უწევთ, რადგან იმავე ან უკეთესი ხარისხის მომსახურებას უკვე ჩვენს კომპანიაში იღებენ. ერთ-ერთი ძირითადი და ინოვაციური მიმართულება, რაც საქართველოში პირველებმა დავნერგეთ, არის Stand up pouch-ი, იგივე ზიპიანი შეფუთვა, რომელიც ევროპის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია. SUTI POWER-იც სწორედ ამგვარ შეფუთვებს იყენებს,“ - განმარტა მარიამ მუხიგულმა.

შეფუთვების წარმოების საქართველოში გადმოტანის პარალელურად, SUTI POWER ფართოვდება და სამომავლოდ სხვადასხვა გემოვნური და სასარგებლო თვისებების მქონე პროდუქციის დამატებას გეგმავს. ამასთან, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიამ ბორჯომის ტყის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ხელშეწყობისთვის 5500 ლარის პროდუქცია გაგზავნა.